ეს ირაკლი კლიმიაშვილმა გვითხრა, ვინც ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატში. მერე რუსეთში წავიდა, იქიდან ტაშკენტის "ფახთაქორში" გადავიდა, ამ სეზონის პირველი ეტაპი კი გორის "დილაში" ითამაშა.
მაყურებელი ბევრი მართლა არ ჰყავს საქართველოს ჩემპიონატს. არადა, არცთუ ცოტაა ისეთი თამაში, მართლა რომ ღირს იმად, სტადიონზე წახვიდე და სიამოვნება მიიღო.
24 წლის კლიმიაშვილი ახლა ჯერ უგუნდოდაა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მეგობრებთან
"თბილისის "დინამოს" "დილა" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.
მეორე წრეში რატომ წავაგეთ "დინამოსთან" 0:3? ეს ფეხბურთია. იმ კონკრეტულ თამაშში "დინამომ" გვაჯობა. "დილას" კოზირი ის იყო, რომ ბევრმა გამოცდილმა მოთამაშემ მოიყარა თავი. მათ მაღალ დონეზე ჰქონდათ ნათამაშები ფეხბურთი.
"დილა" ახლაც ძალიან კარგი გუნდია. გიორგი დარასელია ყველა ფეხბურთელს აძლევდა თავის გამოჩენის შანსს. აქცენტს შეტევაზე აკეთებდა".
კლიმიაშვილს საქართველოში ყველა იცნობს. მან თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" შექმნა საკუთარი თავი.
ყოველმხრივ მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, ალღოიანი და შეუპოვარი ნახევარმცველია, გუნდში ისეთი დეტალია, რომელიც არასდროს გიღალატებს. ასეთ ფეხბურთელს ყველა დაეყრდნობა.
კლიმიაშვილი შარშან, ორწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს და ვკითხეთ, თუ რა ცვლილებები შეამჩნია.
"საქართველოს ჩემპიონატში რომ დავიწყე თამაში, 17 წლის გახლდით. მაშინ უფრო დაძაბული ჩემპიონატი გვქონდა, უფრო მეტი იყო კარგი გუნდი და უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა.
გულშემატკივართა დასწრებაც მეტი იყო. ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა ზესტაფონში, ბოლნისში...
პოზიტივსაც უნდა დანახვა. დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ქართული გუნდი დადის უცხოურ შეკრებაზე, რაც ფეხბურთელისთვის აუცილებელია.
მოთამაშე იცვლის გარემოს, ეთამაშება ძლიერ უცხოურ გუნდებს და ძალიან კარგია, ამის საშუალება ბევრ ქართულ გუნდს რომ გამოუჩნდა".
კლიმიაშვილს ხუთჯერ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, უფრო მეტჯერაც ყოფილა გამოძახებული ქვეყნის უპირველეს გუნდში, ახალგაზრდულ ნაკრებში კი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ.
"მაშინდელ ახალგაზრდულ ნაკრებში 1988-1990 წლებში დაბადებული ფეხბურთელები ვთამაშობდით. უმეტესობა ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით - ბექა გოცირიძე, გულვერდ თომაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია...
მაშინდელ ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ ჯანო ანანიძეც და თორნიკე ოქრიაშვილიც, მათე ვაწაძეც ჩვენთან იყო და ასეთი გუნდი ერთ მუშტად ოთარ გაბელიამ შეკრა.
რატომ ვერ გავედით შესარჩევის ჯგუფიდან? ეტყობა, მარილი გვაკლდა, კიდევ ცოტა - იღბალიც".
საქართველოს ჩემპიონატი ცუდი სკოლა არ არის. ფეხბურთელი აქ ბევრ რამეს სწავლობს როგორც სპორტსმენიც და როგორც ადამიანიც.
"საქართველოს ჩემპიონატში გატარებული წლებიდან, კარგის გარდა, ბევრი ცუდიც მახსოვს, მაგრამ ეს ცუდიც კი კარგად მახსენდება.
პირველი ნაბიჯები "ავაზაში" გადავდგი. მერე სხვადასხვა გუნდში ვცდილობდი მოწყობას და მეუბნებოდნენ, რა გინდა ფეხბურთში, აქედან უნდა წახვიდეო.
ვარსკვლავებს ვერ ვწყვეტდი, მაგრამ ფეხბურთის თამაშს რომ შევძლებდი, ამისი მჯეროდა და ყველაფერს შრომით მივაღწიე. ჯერ "ვიტ ჯორჯიას" მეორე გუნდში მივედი მიშა კალმახელიძესთან, მერე კი რამაზ მუმლაძემ გამზარდა ფეხბურთელად. ამ მწვრთნელის დიდი დამსახურებაა, წინ რომ წავიწიე".
"ვიტ ჯორჯია" და ახალგაზრდული ნაკრები - დადგა დრო, კლიმიაშვილს უცხოეთშიც მოესინჯა ძალა. არაერთი გუნდი დაინტერესდა მისით, მაგრამ ტრანსფერს პირი არ უჩანდა. კლიმიაშვილი მახაჭყალის "ანჟიმ" იყიდა "ვიტ ჯორჯიასგან".
"დაღესტნურ კლუბში ერთი წელი გავატარე. პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი, კაპიტანი რობერტო კარლოსი იყო. ეტო და ტრაორე კი მაშინ მოვიდნენ, როცა უკვე ვტოვებდი "ანჟის".
ისეთმა ძვირად ღირებულმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი "ანჟიში", რომ ძირითადში მოხვედრის შანსი აღარ მქონდა. პირველივე შეკრებაზე რომ ვიყავი "ანჟისთან", ტაშკენტის "ფახთაქორი" ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა ჩემით და ერთი წლის შემდეგ ამ გუნდში გადავედი განათხოვრებით.
უზბეკეთსა და იქაურ ფეხბურთზე კახა მახარაძეს დაველაპარაკე. ის უკვე ჩემს იქ მისვლამდე თამაშობდა "ფახთაქორში". კახამ ყველაფერი ამიხსნა, მაგრამ ტაშკენტში რომ ჩავედი, იმაზე უკეთესი სიტუაცია დამხვდა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.
უზბეკეთში "ფახთაქორი" და მისი ფეხბურთელები განსაკუთრებულად უყვართ. როცა "ფახთაქორი" თამაშობს, ხალხი სხვა საქმეს თავს ანებებს და თამაშის საყურებლად მიდის".
მაინც რა გაქანების ფეხბურთელია ირაკლი კლიმიაშვილი? სად, რომელ ლიგაში შეძლებს თავის გამოჩენას?
"ჩემი სურვილია, რომ დასავლეთ ევროპაში ვითამაშო. კარგად მძინავს და კარგად ვიღვიძებ - თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილდები, ასე არ ივარგებს. მინდა, რომ ჩემი ყოველი ნაბიჯი წინსვლისკენ გადავდგა".
ქართულ ფეხბურთში პრობლემებს რა გამოლევს?! ბევრი რამ ფინანსებს უკავშირდება, თუმცა არის რაღაც-რაღაცებიც, რაც კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.
"ვიტ ჯორჯიაში რომ დავიწყე თამაში, ხელფასი ჯერ 30 ლარი მქონდა. ფულს დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, რადგან ფულზე უფრო სხვა რამე უნდა ფასობდეს.
ყოფილა შემთხვევები, ჩემი მოტყუება რომ უცდიათ, რაც უთქვამთ, ის არ შეუსრულებიათ. სიტყვა, ადამიანური ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე მთავარია. კლუბში რომ კარგი სიტუაციაა, ეს მოედანზეც გადადის.
ქართულ ფეხბურთში ყველა ღრმად რომ მიუდგეს ამ საკითხს, ეს ყველასთვის კარგი იქნება", - ასე სჯერა კლიმიაშვილს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"