კვირის 1000 წვრილმანი: საქმე, რომელიც ოჯახში ვერ გვარდება

AutoSharing Option
როგორც ყველა საქმეს, სკანდალსაც ცოდნა უნდა. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ წერილით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, "დილა"-"ზესტაფონის" შედეგის გაუქმება ითხოვა და აგრეთვე შესაბამისი მასალების გადაცემა საგამომძიებლო ორგანოებისთვის გორის "დილას" ქმედებების გამოსაძიებლად.

ჯერ ის ვიკითხოთ, რა მასალები უნდა გადასცეს ფედერაციამ პროკურატურას.

დავუშვათ, რომ "დილა"-"ზესტაფონის" მატჩის მსაჯებმა მართლაც არაერთი შეცდომა დაუშვეს "ზესტაფონის" საზიანოდ. ასეთ შემთხვევაში, რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ?

ფედერაციაში არსებობს კომიტეტი, რომელიც განიხილავს მსაჯის საქმიანობას, ანაწილებს მსაჯებს ჩემპიონატის თუ თასის მატჩებზე. ცხადია, ფედერაცია არჩევს მსაჯების ნამოქმედარს და თუ რამეს ჩაავლო, სასჯელიც გამოაქვს,
მაგრამ ამ ყველაფერს რა უნდა შემატოს პროკურატურამ?

წარმოიდგინეთ, პროკურატურის შენობა, გამომძიებელი, მასთან დაბარებული მსაჯი, პლაზმური ტელევიზორი, სადაც "დილა"-"ზესტაფონის" შეხვედრას ატრიალებენ დი-ვი-დი ფლეიერით. პროკურორი აწარმოებს მსაჯის დაკითხვას, თან აქვს ფიფას უახლოესი გამოცემა თამაშის წესებზე, ცალი თვალით ამ წიგნში იყურება, ცალი თვალით მატჩის ვიდეოჩანაწერს უცქერს და ამავე დროს ცდილობს, რომ მსაჯი დანაშაულში გამოტეხოს.

ახლა ისიც ვიკითხოთ, თუ ფედერაციას აქვს სათანადო მასალები "დილას" ქმედებებთან დაკავშირებით, რაღა საჭიროა პროკურატურა? რატომ არ შეიძლება, რომ ჯერ ფედერაციამ მიიყვანოს საქმე ბოლომდე და თუ საპროკურატურო აღმოჩნდება რამე, კი ბატონო, ვინღა იქნება ფედერაციის თუ "ზესტაფონის" მომჩივანი...

რამდენიმე წლის წინათ საქართველოს ჩემპიონატში ჩაწყობილი თამაშების ბუმი იყო, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ციხე შიგნიდან არ ტყდებოდა. მაშინ ფეხბურთის ფედერაციას უმცროსი ნოდარ ახალკაცი მართავდა, ფუნქციონირებდა პროფლიგაც და თუ არ ვცდები, პირველად სწორად მაშინ გაჩნდა აზრი, რომ საქმეში საგამომძიებლო ორგანოები ჩართულიყვნენ.

რომელიღაც ასეთ დაწესებულებაში მეც დამიბარეს, ჩაწყობილ თამაშებზე რომ წერ სტატიებს, თუ რამ ხელმოსაკიდი გაქვს, ჩვენც გვითხარიო.

პატივცემულ გამომძიებელს მოვუყევი იმ კორუფციულ სქემებსა და ტექნოლოგიებზე, რაზეც გაგონილი მქონდა, კონკრეტული მტკიცებულებები კი არ გამაჩნდა, მე ხომ არც დამკვეთი გახლდით და არც შემსრულებელი.

დაკითხვაზე დაიბარეს გუნდების მწვრთნელებიც, დაკითხვები საშუალოდ ორ-სამ საათს გრძელდებოდა. ბევრი ოქმი დაიბეჭდა, ბევრს ხელი მოეწერა, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. ფედერაციის და პროფილიგის მცდელობა, საგამომძიებლო ორგანოებს გამოევლინათ დამნაშავეები, ფუჭი გამოდგა.

ახლა ისიც ვიკითხოთ, ფეხბურთში კორუფციასთან ბრძოლის რა ალტერნატივა არსებობს საქართველოში?

მე მაინც მგონია, რომ აქ ყველაზე მთავარი პიროვნებაა. როცა ფედერაციაც უძლურია და პროკურატურაც, პიროვნების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პიროვნებას შეუძლია უარი თქვას კორუფციულ გარიგებებზე და სუფთა ხელებითა და სინდისით ებრძოლოს იმ გუნდებს, ათას მამაძაღლობაში რომ არიან გარეულები. პიროვნებას ისიც შეუძლია, რომ უტყუარი ფაქტები დადოს საზოგადოების, საფეხბურთო სამყაროს წინაშე იმ სიბინძურეებზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება.

ასეთები ცოტანი არიან ყველგან, საქართველოში კი ძალიან ცოტანი, რაც ალბათ ჩვენი მენტალიტეტის ბრალი უნდა იყოს.

როგორ ფიქრობთ, მაძღარი ქართული კლუბი უფრო იმ მენეჯერს მიიწვევს, ვინც გაწაფულია მსაჯების თუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მოქრთამვაში, თუ ისეთს, ვისი რეპუტაციაც უმწიკვლოა და ნიადაგ იმას ცდილობს, სუფთად გააკეთოს საქმე?

მერწმუნეთ, ჩვენთან ამ საკითხზე კლუბებს განსხვავებული აზრი აქვთ...

გორის "დილას" ქმედებები - კოკაიას ამ წერილში ეს ფრაზა ალბათ ყველაზე გამორჩეულია, რადგან იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ კოკაია მხოლოდ "დილა"-"ზესტაფონის" ახლახან გამართულ შეხვედრას არ გულისხმობს.

წინა სეზონში "დილას" შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა, იმასაც ამბობენ, მაშინდელმა მინისტრმა ამ პროექტის შესრულება რუსეთში ჭიპმოჭრილ მენეჯერს, მამუკა ჯუღელს დაავალაო. "დილაში" გვეუბნებოდნენ, ჯუღელს არანაირი თანამდებობა არ უკავია კლუბშიო, მაგრამ "დილას" საქმეები რომ ჯუღელს უკავშირდებოდა, ამაზე მთელი საფეხბურთო მილეთი საუბრობდა.

საინტერესოა, მაშინ თუ დაიწერებოდა ასეთი წერილი გორის "დილაზე"? მაშინ არ არსებობდა ეჭვები და მხოლოდ ახლა გაჩნდა?

რაც შეეხება კოკაიას თხოვნას შედეგის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის დებულებაში არ წერია, რომ მსაჯის შეცდომის გამო ამის გაკეთება შესაძლებელია...

თუ მსაჯის უნებლიე ან გამიზნული ქმედებით "ზესტაფონი" დაზარალდა, ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდია. "ზესტაფონი" შემდგარი კლუბია, კოკაიას ხელმძღვანელობით ძალიან კარგი საქმეები გაკეთებულა, ოღონდაც ბოლო დროს ძალიან ბევრ სკანდალურ განცხადებას უკავშირდება ეს კლუბი.

ქართულმა კლუბებმა ჯერ ვერ მოახერხეს ისეთი ძლიერი, სოლიდარული გაერთიანების შექმნა, რომლის წვენშიც ჩაიხარშებოდა ყველა პრობლემა. პროკურატურამ საქმეს ვერ უშველა ადრე და ალბათ ვერც ახლა უშველის.

პროკურატურა სხვა სამყაროა, ფეხბურთის კიდევ სულ სხვა და ალბათ ოჯახშიც შესაძლებელია რაღაც-რაღაცების მოგვარება.

* * *
ლანჩხუთის "გურია" არც თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში დაეჩაგვრინა ძლიერ მოწინააღმდეგეს. ლანჩხუთის ჯერაც არაკომფორტულ სტადიონზე თურმე 4500 მაყურებელი მივიდა "დინამოსთან" საკუთარი გუნდის საქომაგოდ.

კერამ გაიღვიძა. "გურიას" კიდევ მორიგი სენსაციის შანსი გაუჩნდა, საპასუხო შეხვედრაში "დინამოსთან" ალექსანდრე გოგობერიშვილიც ეყოლება, ვინც პირველი მატჩისთვის დისკვალიფიცირებული გახლდათ.

ცხადია, ობიექტურად "დინამო" პირველლიგელ "გურიაზე" ძლიერი გუნდია, მაგრამ სათასო დაპირისპირებას საკუთარი სპეციფიკა აქვს. ზოგ ქვეყანაში ერთი თამაში წყვეტს თასის გათამაშებაში მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მეტოქეებს შორის დაპირისპირებას, ასე უფრო მეტი შანსი აქვს პირველლიგელს უმაღლესლიგელთან.

ვფიქრობ, ჩვენთანაც შესაძლებელია ამის გაკეთება, ჯერ არის იმის რესურსი, რომ პირველ ლიგაში მოიძებნოს ერთი-ორი ისეთი გუნდი, უმაღლესლიგელს ნერვებს რომ მოუშლის.

* * *
17 მარტს "დინამო"-"დილაც" გაალამაზებს საფეხბურთო უიქენდს. ლიხს იქით კი "ზესტაფონი" -"ტორპედოა".

შიდაქართლელთა ლიტველი დამრიგებელი ვალდას ივანაუსკასი ლამის ყველა ინტერვიუში ჩივის იმაზე, რომ მის გუნდს უთანასწორო ბროძოლა უწევს. "დილას" არ გააჩნია საკუთარი ბაზა, ვარჯიშობს თბილისში "ბენდელას" სტადიონის ხელოვნურსაფრიან მოედანზე.

პირობებით "დინამო" მართლაც მნიშვნელოვნად აღემატება "დილას" და გორელთა თავკაციც ამბობს, ჩვენი მიზანი ევროსარბიელზე გასვლა არისო.

მოკლედ, ივანაუსკასი ერიდება "დილას" შესაძლო ჩემპიონობაზე საუბარს და არა მგონია იმიტომ, რომ თავი დაიზღვიოს. რეალობაა ასეთი, ამ დროისთვის "დინამო", როგორც კლუბი, "დილაზე " წინ დგას და ეს არ არის უმნიშვნელო არგუმენტი.

დღეს კი ერთი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სტადიონზე მისული ათასობით ქომაგიც დაამშვენებდა ამ შეხვედრას, თუმცა ეს უკვე ოცნებას ჰგავს და არა სინამდვილეს...

* * *
22 მარტს საფრანგეთი-საქართველოა, ამ მატჩისთვის გამოძახებულთა სია გამომზეურდა. თემურ ქეცბაიას რჩეულებში მოულოდნელ სახელსა და გვარს ვერ ამოკითხავთ.

დასანანია, რომ სიაში ვერ მოხვდა თორნიკე ოქრიაშვილი, ვინც საფრანგეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია.

პირველი გრანდი, რომელიც საქართველოს ნაკრებს შეხვდა, გერმანია გახლდათ, 1995 წელს, მაშინაც მარტი იყო. ჩვენი გუნდის სვე-ბედი არაფერს არ ემორჩილება და ალბათ არ არის საინტერესო, თუ რას გვამცნობენ ვარსკვლავები 2013 წლის მარტში.

1995 წლის 29 მარტი კი მაინც სხვანაირად დაამახსოვრდა გონებას, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ უფრო მეტი იყო იმედი გრანდთან დაპირისპირებაში, ვიდრე ახლა.

მას შემდეგ 18 წელი გავიდა, საქართველოს ნაკრები კი ვერ გაიზარდა, არადა გერმანიის იმდროინდელმა თავკაცმა ბერტი ფოგთსმა მაშინ გვითხრა, დიდი დრო არ დაგჭირდებათ ბრძოლისუნარიანი ნაკრების შესაქმნელად, თქვენს გუნდს უკვე შეუძლია, თავბრუ დაასხას მეტოქესო...

ამ 18 წლის განმავლობაში წინ წავედით თუ უკან, ამ შესარჩევ ციკლშიც კარგად გამოჩნდება, საფრანგეთთან ეს თამაში კიდევ ამითაც არის საინტერესო....

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილა-ზესტაფონის 10წუთიანი მიმოხილვა ვნახე იქ მსაჯის შეცდომა მე ვერ შევნიშე, რას აპროტესტებს კოკაია დააკონკრეტოს
hunter
15:57 17-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული