მალხაზ მახარაძე: ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებები იქნება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი და აჭარაში ყველასათვის პატივსაცემი ვეტერანი მალხაზ მახარაძე ამბობს, რომ მის მშობლიურ გუნდში მალე სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

- როგორც შევიტყვეთ, თქვენ ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთ სავარაუდო მმართველად სახელდებით...
- ბათუმის "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობის მისვლაზე ლაპარაკი მართლაც იყო, მაგრამ ჯერ საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

- თქვენი გვარი შემთხვევით არ გაიჟღერებდა...
- ლაპარაკია ორი ჯგუფიდან ერთ-ერთის მისვლაზე. პირველში დამსახურებული ვეტერანები მოიაზრებიან - აჭარის მთავრობასთან რეგიონში ფეხბურთის გადარჩენის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ვეტერანი ფეხბურთელი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე როსტომ შერვაშიძე ხელმძღვანელობს.
მასთან ბევრი საპატივცემულო ადამიანია.

მეორე ახალგაზრდების ჯგუფია, რომელსაც მეც მივეკუთვნები - აქ არიან ალეკო ფედიჩკინი, გია ცანავა, ირაკლი თორთლაძე... თუმცა გამოცდილი ადამიანები ჩვენთანაც არიან, მაგალითად, გარი ქიქავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რადგან მათი ცოდნისა და პროფესიონალიზმის გარეშე საქმე არ გაკეთდება.

უკეთეს პროექტს ვინც წარადგენს, ბათუმის "დინამოს" იმას ჩააბარებენ.

- თქვენი პროექტი უკვე მზად არის?
- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენს შორის შემთხვევითი ხალხი არ არის და ყველამ კარგად იცის, გუნდის გაძლიერება და აღორძინება როგორ შეიძლება. გუნდს ბათუმის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მაგრამ ბიზნესის ჩართვის იმედიც გვაქვს. თუმცა "დინამოს" გაძლიერებას საკმაოდ დიდი ფინანსები დასჭირდება.

აქვე ვიტყვი: ისე არ გაიგოთ, თითქოს ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს ვუპირისპირდებით. პირიქით, ერთმანეთთთან მეგობრულად განწყობილი ადამიანები ვართ და არ გამოვრიცხავ, გუნდის მომავალზე ერთობლივადაც ვიფიქროთ.

- ანუ გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლა გადაწყვეტილი ამბავია?
- დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს. სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის "დინამოში" ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ არა - ყველაფერი. ძველებმა ბევრი რამ გააკეთეს და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გუნდის დირექტორს სულხან გოგიბერიძესაც პატარა საქმეები არ გაუკეთებია. "დინამოს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ხაზი როგორ უნდა გადავუსვათ?

მაგრამ რაც ვიცი, ბატონმა სულხანმა ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა "დინამოდან" წასვლის სურვილი, ჩემი უკვე გავაკეთე და ახლა სხვამ მიხედოსო. თუმცა სთხოვეს და დარჩა.

ახლა ვითარება შეიცვალა და სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა შეიცვლება.

- ბოლო ათწლეულში ქართულ ფეხბურთში კრიზისია, მაგრამ აჭარაში მდგომარეობა განსაკუთრებით არეული იყო - სტადიონები დაინგრა, თუ არ ჩავთვლით ბათუმის "დინამოს", გუნდებს არ პატრონობდნენ...
- მე უფრო დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ ასე იყო ბოლო 9 წელი. 2006 წელს დაგვინგრიეს სტადიონი და მის აშენებას საშველი არ დაადგა. ეს იყო ყველაფრის თავი და თავი. როდესაც გუნდს სტადიონი არ აქვს, ვინ მიხედავდა?

საქართველოს ნაკრები და წამყვანი კლუბები შავიზღვისპირეთის ქალაქებიდან სერიოზულ შევსებას იღებდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებლები ბათუმი და ქობულეთი იყვნენ. არადა, ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ფეხბურთისთვის აჭარა დაკარგული იყო. უმაღლეს ლიგაში გუნდი ჰყავდათ ბოლნისს, საჩხერეს, მარტვილს, ერთი პერიოდი წნორსაც კი და მეტ-ნაკლებად კარგ პირობებსაც უქმნიდნენ.

Sportall.Ge
ადრე აქ ბათუმის სტადიონი იყო

ამ დროს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საფეხბურთო ქალაქში ფეხბურთს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. შეიძლება ასეთი ქალაქი სტადიონის გარეშე დარჩენილიყო? ეს იყო ქვეყნის სირცხვილი. ასე მგონია, რომ სწორედ ამან გამოიწვია, ბათუმელებმა და საერთოდ, აჭარლებმა ფეხბურთის მიმართ ინტერესი რომ დაკარგეს. არადა, ჩვენთან ნიჭიერი ბავშვები ყოველთვის იზრდებოდნენ.

- რამდენად მართალია, თითქოს თქვენ საფეხბურთო ცხოვრებას ჩამოგაშორეს?
- შესაძლოა, ზოგს გაეცინოს, სად ფეხბურთელი და სად პოლიტიკაო, მაგრამ მართალს ბრძანებთ, სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მწყალობდნენ.

- რა იყო ამის მიზეზი?
- 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ვეხმარებოდი. მას შემდეგ კეთროვანივით მომკვეთეს. ასეთი შემთხვევაც იყო: სტადიონზე მივედი, რათა ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზი გადამეცა. ამ დროს აჭარის მთავრობის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა დამინახა და ჩემ გასაგონად იკითხა, მახარაძეს აქ რა უნდაო?

ფეხბურთს 20 წელი ვთამაშობდი, საიდანაც 15 წელი ბათუმის "დინამოში" ვიყავი და გუნდს 10 წელი ვკაპიტნობდი. ამ ყველაფრის შემდეგ მის სიტყვებზე გამეცინა, მაგრამ ფეხბურთში და სტადიონზე ჩემი ადგილი მართლაც არ მოიძებნა და თბილისში პირველი ლიგის გუნდს ვავარჯიშებდი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

- ბათუმის სტადიონს რა ეშველება?
- სხვა გზა არაა, ახალი უნდა აშენდეს. არადა, უეფას წარმომადგენლებს და სტუმრებს ძველი არენა სწორედ მდებარეობის გამო მოსწონდათ, ზღვასთან ასე ახლოს მდებარე სტადიონი მსოფლიოში ბევრი არ იყო და თავისებური ეგზოტიკა ჰქონდა. მისი დანგრევით ბულვარს იმდენი რა შესძინეს, რაც საფეხბურთო სამყაროს წაგვართვეს? სასტუმროებისთვისაც უამრავი სხვა ადგილი მოიძებნებოდა და რაღა მაინცადამაინც მას მიადგნენ?

- ახლა რა ხდება?
- ახლახან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გვესტუმრა და ადლიაში ის ადგილი მოინახულა, სადაც სტადიონის მშენებლობა სურდათ, მაგრამ იქ ნაგავსაყრელია და აუტანელი სუნია. მეორეც - მდებარეობს ჭოროხის ხეობასთან, სადაც მდინარე შავ ზღვას უერთდება. სულ ქარია, ბურთს რომ დაარტყამ, ქალაქის ბოლოში ვარდება და ცხადია, სათამაშოდ უვარგისი ადგილია.

ეს ყველაფერი ბატონ ლევანს ვუთხარით და მგონია, რომ სტადიონი სხვა ადგილზე აშენდება. პროექტის განხორციელება გადაწყვეტილია, ის უნდა იყოს ქალაქში და საამისოდ ორი ადგილია შერჩეული - სად, ეს მალე გვეცოდინება.

- რამდენ მაყურებელს დაიტევს?
- ვიცით, რომ არენა მინიმუმ 30 ჰექტარზე უნდა იყოს განთავსებული, ტრიბუნებმა კი 15-დან 25 ათასამდე მაყურებელი უნდა დაიტიოს. ეს იქნება კარგი არ მხოლოდ აჭარისთვის, არამედ, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაც, რადგან საქართველო თანამედროვე სტადიონებით განებივრებული არ არის. არადა, გახსოვთ, ბათუმში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შეხვედრები რომ იმართებოდა?

წინა წლებში კარგი მხოლოდ ის მოხდა, რომ ბათუმის "დინამოს" ბაზის ასაშენებლად ანგისას სპორტული კომპლექსის ტერიტორია გადასცეს. ეს მაინც იყო პატარა შვება, მაგრამ იქაც ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი.

- თქვენი მისვლის შემთხვევაში, ბათუმის "დინამოს" ამჟამინდელზე მეტი ბიუჯეტი ექნება?
- ახლაც არ აქვს ცუდი ბიუჯეტი, ბათუმის მუნიციპალიტეტი ლამის მილიონ დოლარს ურიცხავს, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ "დინამომ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და ძველი პოზიციები დაიბრუნოს. საამისოდ კი ბევრად მეტი თანხა დაგვჭირდება. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სპონსორებთან მუშაობას.

ახლა ბათუმის "დინამო" ჯერ მხოლოდ სახელია; არის გუნდი, მაგრამ არ აქვს სტადიონი და ბაზა. ასეთი გუნდით ბიზნესს ვერ დააინტერესებ. ახლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები - ასაშენებელია მოედნები, სტადიონი და ბაზა, თავისი საცხოვრებელი კომპლექსებით. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოეწყოს საფეხბურთო აკადემია, მომავალი თაობები რომ გავზარდოთ და გუნდმა უწყვეტი შევსება მიიღოს.

ამ კუთხით ძალიან მომწონს თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის მაგალითი - იქ უნიჭიერესი ბავშვები იზრდებიან. თბილისელებს უკვე დაველაპარაკეთ და მათ გამოცდილებას აუცილებლად გავიზიარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაკვეთა გაკვს ალბათ ვიღაცის და ასრულებ. ნუ დაგავიწყდება საიდან სადამდე განვითარდა გუნდი, და ნუ შეადარებთ კომუნისტების დროინდელ კლუბებს, ან კიდევ მალხაზის დროინდელ პერიოდს. ახლანდელმა ხელმძღვანელობამ სულხანთან! ერთად ფეხზე დააყენა ”დინამო”. სტადიონს რაც შეეხება იქნებ ისიც თქვათ, რომ ხშირად წვიმს ზღვის პირას და ამიტომ მთაში ავიტანოთ, ბათუმ გორაზე რას იტყვით? რეალურად შეხედეთ პრობლემას და არ უნდა აგილებზე ბრძოლა, თუ შეგიძლია გვერდით დაუდექი ადამიანებს და ენტუზიაზმზე, როგორც სხვა საქმე გააკეტე, მარა ლაპარაკი ხომ უფრო ადვილია ...............
mikheil
14:22 11-06-2013
0
რა მნიშვნელობა აქვს, სტადიონი სად იქნება, ზღვის პირას თუ ქალაქის გარეუბანში, ზღვიდან დაშორებით, მთავარია გუნდმა ითამაშოს და სტადიონი ჰქონდეს! იმ ადგილას სასტუმროთა კომპლექსი აშენდა, დასაქმების კიდევ მეტი შანსი გაჩნდა! რაც შეეხება პროექტს, 35000 კაცზეა გათვლილი, არავითარი სუნის პრობლემა იქ არ იქნება, სულ სხვა ადგილას გადააქვთ ნაგავსაყრელი ძალიან მალე, სტადიონი შემოსაზღვრულია და არა მგონია, იქ ქარის პრობლემა იყოს, რა სხვა არ იფიქრებდა ამ კონკრეტულ საკითხზე (ქარზე)? მანდ რარაც სხვა სიტუაციაა, ზღვისპირას ახლოსაა და სხვა ინფრაქტრუქტურისათვის სჭირდებათ ალბათ! სხვათაშორის, ძველ სტადიონს რომ მისტირის მალხაზ ბატონი, ისიც სანაპიროზე იყო და როგორ, იქ არ ქროდა ქარი?:)))იქ მთელი კომპლექსის გაკეთება იგეგმებოდა, აეროპორტიც ახლისაა, ახალი ბულვარი. შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ეს პროექტი!
კაკაბაძე
23:48 10-06-2013
0

სიახლეები პოპულარული