ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.

გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია ბათუმის თვითმმართველობასთან გამართეს და "დინამოს" ხელმძღვანელების გადაყენება მოსთხოვეს.

მათ პლაკატებიც გამოფინეს წარწერებით, "ხელმძღვანელობა GAME OVER", "ჩვენ გვჯერა ფეხბურთელების, მაგრამ არ გვჯერა ხელმძღვანელობის".

როგორც გულშემატკივარმა ვახტანგ მითაიშვილმა აღნიშნა, გუნდის ხელმძღვანელების მხრიდან უმოქმედობას და თანხის გაფლანგვას აქვს ადგილი, რაც უნდა შეისწავლოს შესაბამისმა სამსახურებმა:

"გუნდის წარუმატებლობაში ჩვენ ვადანაშაულებთ "დინამოს" ხელმძღვანელებს, რადგან მათ ჰქონდათ დაფინანსება 1 მილიონ 600 ათასი ლარი და არაფერი გაკეთებულა, რაც გუნდს სჭირდება.

ამის მაგალითია საშხაპეების პრობლემა. მილიონ ლარამდე
შეჭმულია. ბათუმის "დინამოს" სერიოზული ტრადიციები ჰქონდა, რაც უნდა დაიბრუნოს",
- აღნიშნა ვახტანგ მითაიშვილმა.

გულშემატივრების აქციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოეხმაურა.

როგორც ჩავლეიშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლას დაავალებს, ხოლო "დინამოს" ხელმძღვანელობის შეცვლის საკითხზე საკრებულო იმსჯელებს:

"ბათუმის "დინამოს" სავალალო შედეგები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თვითმმართველობამ საკმაოდ დიდი თანხა გამოყო იმისთვის, რომ გუნდი დარჩენილიყო უმაღლეს ლიგაში მაინც.

გუნდის ხელმძღვანელობისგან დღემდე ველოდები ინფორმაციას, თუ რა მოხდა. თუ არ იქნება მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდება, საკრებულო იმსჯელებს მათი ყოფნა-არყოფნის საკითხზე"
, - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია, არც თანხის გაფლანგვას აქვს ადგილი. ეს ამბავი საკრებულოს თავმჯდომარის წამოწყებულია, თავისი ხალხის მოყვანა სურს გუნდის სათავეში. ამ გამოყოფილი თანხის ნახევარი კლუბის ანგარიშზე დევს. სტადიონის პროექტიც გაკეთებულია, რომელიც ლევან ყიფიანმა წაიღოო, ასე ამბობენ, იმიტომ რომ სამშენებლო ბიზნესში არის ჩართული იგი და მისი მეგობრები და ამ სტადიონის აშენებას სხვას ხომ არ დაუთმობენ (კულუარული ინფორმაცია). ვატანგ მითაიშვილი საერთოდ საქმის ყურში არ არის, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო, ნათქვამია. შეიძლება მენეჯმენტში რაღაც შეცდომები იყო, მაგრამ ეს იმ ლაწირაკი ბავშვების გასარცევი საქმე არაა, სტადიონზე ერთხელაც რომ არ არიან ნამყოფი!
დინამოს გულშეკამტკივარი
23:37 10-06-2013
0

სიახლეები პოპულარული