ოსტატობაც ეგ არის, რომ რაღაც უბრალო ბრალიანად აქციო. გიორგი დევდარიანმა ეს მოახერხა - "დილა" ევროპა ლიგის პლეი ოფამდე მიიყვანა, არადა, "დილა" ჯერ ვერ არის შემდგარი კლუბი.
ვენის "რაპიდთან" "დილას" ისე დაემართა, როგორც ქართულ გუნდებს მოსდით ხოლმე მართლა ევროპულ გუნდებთან. დაკარგე თამაში და მუხტი? ვერ დაიჭირე საშენო მომენტი? ჰოდა, კარგად იყავი, სისწრაფესა და ფიზმომზადებაში გადაჯეგილი ხარ და მერე ბურთებიც უნდა გამოიტანო საკუთარი კარიდან.
წლეულს "დილამ" სამ ევროეტაპზე ითამაშა და დაახლოებით ერთი მილიონი ლარი გამოიმუშავა. "დინამომ" მეტი იშოვა, უეფასგან საქართველოს ჩემპიონობისთვისაც მიიღებს ასეულ ათასობით ევროს, ოღონდაც, ქომაგისთვის "დინამო" უფრო მეტი გაწბილება გამოდგა, ვიდრე "დილა", რომელიც სახელდახელოდ შეკოწიწდა მამუკა ჯუღელის კეთილი ნებით, ქვეყნის მთავრობისგან ბოძებული 2 მილიონით, დაშლილი გუნდებიდან წასული ფეხბურთელებით და ამ ყველაფრის შემდუღებელი დევდარიანით.
"დილასთვის" გამოყოფილი 2 მილიონი ლარიდან 1 200 000 დავალიანების გასტუმრებას მოხმარდა და ახალი გუნდისთვის 800 ათასი დარჩა - ასეთი იყო "დილას" სასტარტო მოცემულობა.
ამ გუნდის წლევანდელი ევროასპარეზი იმითიც იყო კარგი, რომ დევდარიანმა საინტერესო მწვრთნელის იმიჯი განიმტკიცა და ერთხელაც დადასტურდა, რომ ზოგადად თუ კონკრეტულად, ქართველი მწვრთნელი აქ ჩამოყვანილ უცხოელ სპეციალისტებს არ ჩამოუვარდება.
უმცროსი დუშან უჰრინის უნარები კარგად გამოჩნდა "სტიაუასა" და "ტოტენჰემთან". წაგებულზე კრიტიკაც ადვილია და ანალიზიც, ევროფრონტი ყველას და ყველაფერს კარგად შიფრავს. უჰრინის გუნდი ევროამოცანების გადასაჭრელად მზად არ აღმოჩნდა, არადა, კლუბის პატრონი მილიონებს ხარჯავს.
ცხადია, არც ის უნდა იყოს დოგმა, რომ ქართულ გუნდს ქართველი მწვრთნელი წვრთნიდეს, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ევროსარბიელზე ქართველი მწვრთნელების მიერ გაწვრთნილ ქართულ გუნდებს უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე უცხოელების მიერ დამოძღვრილებს.
2004 წელი, "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა - მსგავსი შედეგის გამეორება კიდევ ერთი წლით გადაიდო...
"დილა"-"რაპიდი" რომ დასრულდა, მოვასწარი კომპიუტერთან მისვლა და "ტოტენჰემი"-"დინამოს" ყურება. არ ვიცი, რატომ არ იყო ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არც ერთ ქართულ ტელეარხზე, არადა, საქართველოს ჩემპიონი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ხვდებოდა. მერე რა, რომ პირველ შეხვედრაში "დინამომ" 0:5 წააგო?!
ჩვენი მენტალიტეტიც კაი ხვითოა. აღმოსავლური სიბრძნე გამახსენდა, მოლა ნასრედინის ერთი ამბავი.
ბაბუას და შვილიშვილს სახედარი ჰყავთ, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ, რა ქნან. ბიჭი თუ შეჯდება სახედარზე, ხალხი იტყვის - დახეთ, რა ხდება, ხნიერი კაცი ქვეითია, ახალგაზრდა კი ვირით მოსეირნობსო.
თუ მოხუცი დაჯდება სახედარზე, ხალხი იტყვის, ამხელა კაცი ვირს შემოხტომია, ბავშვი კი ფეხით მოდისო.
თუ ორივე დაჯდება პირუტყვზე, ხალხი იტყვის, ნახეთ, რას უშვებიან კეთილშობილ ცხოველსო.
თუ არც ბაბუა დაჯდება სახედარზე და არც ბავშვი, ხალხი იტყვის, ამათ რა ჭკუა ჰქონიათ, სახედარი ჰყავთ და ვერ იყენებენო...
ხშირად, მართლა ისე ხდება, რომ ხალხის მოსაწონს ვერავინ გააკეთებს. ეს "დინამოც" ისეთია, ძალიანაც რომ გაგაბრაზოს, მაინც სულ სხვანაირად გხვდება გულზე, რადგან "დინამო" ქმნიდა არა მარტო ქართული ფეხბურთის, არამედ საქართველოს ისტორიას. ამიტომაც არ არის ადვილი, გყავდეს ეს კლუბი, იყო ამ კლუბის მმართველი, წვრთნიდე ამ გუნდს და თამაშობდე ამ გუნდისთვის... ძნელია, თან "დინამოც" იყო და თან ხალხსაც მოსწონდე...
კითხვაც აქედან ჩნდება: ცვლილებების დრო ხომ არ დადგა?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"