ვუდი ალენს კი ეკუთვნის მოთხრობა "კუგელმასის შემთხვევა". ეს მოთხრობა იმად არის საინტერესო, რომ ალენი გვეუბნება:
"არ არის აუცილებელი, ყოველთვის იყო დაშტამპული, მოთხრობის დაწერა ასეც შეიძლება - იუმორით, სისადავით, ფანტაზიით, დრამატიზმითა და ირონიით".
ვუდი ალენს მრავალმხრივი ტალანტი უბოძა
თემურ ქეცბაია არ ჰგავს არსენ ვენგერს და ვერც ერთი ქართველი მწერალი ჟურნალისტი ვერ შეედრება ვუდი ალენს, მაგრამ საქმე გასაკეთებელია - მწვრთნელი ვენგერივით დახვეწილი უნდა იყოს, ჟურნალისტი კიდევ - ცნობისმოყვარე და ვუდი ალენივით არაორდინარული.
იდეალური ვარიანტები სწორედაც რომ არსებობს...
* * *
ჯაბა დვალი "დინამოს" მეორე გუნდში დროებით რომ გადაიყვანეს, დინამოელთა დამრიგებელმა დუშან უჰრინმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა - ეს ჩვენი შიდა სამზარეულოს საქმეაო.
აბა, წარმოიდგინეთ, პეპ გვარდიოლამ არიენ რობენი რომ გადაუშვას "ბაიერნის" მეორე გუნდში, ამის მიზეზს არ მოიკითხავენ გერმანელი ჟურნალისტები და მხოლოდ იმით დაკმაყოფილდებიან, რომ "ბაიერნს" თურმე საკუთარი სამზარეულო აქვს?
თუ არ იქნება ოფიციალური განმარტება, ჟურნალისტი აუცილებლად მოიძიებს კულუარულ ინფორმაციას სანდო წყაროდან და ამბავი მაინც გასკდება.
ამიტომაც არიან იქაური ჟურნალისტები უფრო დაფასებულები, ვიდრე ჩვენებურები.
* * *
ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრების ავტობუსში რომ არ ავიდა, ეს ქეცბაიასგან გავიგეთ ფინეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ფეხბურთელი 11 კაცში რომ ვერ მოხვდება და ამის გამო გუნდის ავტობუსში არ ავა, ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს იყო მიზეზი?
მიმდინარე შესარჩევი ციკლის წინ ქეცბაიამ ხიზანიშვილს კაპიტნობა ჩამოართვა და სამკლავური ჯაბა კანკავას გადასცა. კაპიტნობის ჩამორთმევა არავის სიამოვნებს, მაგრამ ფეხბურთელს ალბათ არც ამის გამო აქვს იმის უფლება, რომ გაიბუტოს, თუმცა აქვს უფლება, იკითხოს - რატომ მიიღო მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება...
ქეცბაიამ თქვა, ახალი შესარჩევი ციკლი იწყება და ახალი კაპიტანი ავირჩიეთო. ამ ლოგიკით კი საქართველოს ნაკრებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა იცვლებოდეს კაპიტანი.
გუნდის კაპიტანი უნდა იყოს ლიდერი ან ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე და მის მიღმაც, უნდა შეეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება მწვრთნელის, ფეხბურთელების თუ გუნდის ხელმძღვანელობის წინაშე. აკმაყოფილებს კანკავა ასეთ სტანდარტებს? ვფიქრობ, არ აკმაყოფილებს. სამაგიეროდ, ის ესადაგება იმ სათამაშო სტილს, რის დანერგვასაც ცდილობს ქეცბაია საქართველოს ნაკრებში და აქედან რა გამოვიდა, ეს ტაბლოზე და ცხრილში ჩანს.
კანკავა ჩამშლელი, შეუპოვარი, გულიანი ფეხბურთელია თავისი ნაკლითა და ღირსებებით, ოღონდაც ეს კაპიტნობისთვის არ კმარა.
როგორც უნდა იყოს, ხიზანიშვილს ისე ჩამოართვეს კაპიტნობა, რომ კონფლიქტამდე ან რაიმე მწვავე განცხადებამდე საქმე არ მისულა...
გახსოვთ საქართველოს ნაკრების საგარეო მატჩი ბელორუსთან? საქმეს ისეთი პირი უჩანს, ავტობუსში ხიზანიშვილის არასვლის ამბავი იქიდან გაღვივდა. იმ კონფიდენციალურმა წყარომ, რომელსაც აქამდე ცრუ ინფორმაცია არასდროს მოუწოდებია, ასეთი ამბავი მოგვიყვა - ბელორუსთან მატჩში ხიზანიშვილმა უხეში შეცდომა რომ დაუშვა და საქართველოს ნაკრებმა გოლი მიიღო, ქეცბაიამ თამაშის მერე ხიზანიშვილს უთხრა - კი მაგრამ, რა მოხდა? თბილისიდან დაგირეკეს და გითხრეს, ასე უნდა გააკეთოო?!
ანუ, თუ მართლა ასე ითქვა, ქეცბაიამ ფეხბურთელი, ფაქტობრივად, იმაში დაადანაშაულა, ფეხბურთის ფედერაციის ოპონენტებმა შეგიკვეთეს საგოლე შეცდომის დაშვებაო...
თუ ეს ინფორმაცია არასწორია, კარგი იქნება, თუ ამაზე კომენტარს ქეცბაიაც გააკეთებს და ხიზანიშვილიც, რადგან ეს ჭორი თუ მართალი მხოლოდ მე როდი ვიცი, ამაზე ყველა ის ადამიანი ლაპარაკობს, ვინც ქართულ ფეხბურთშია დასაქმებული - კულისებში, სცენაზე თუ მის მიღმა...
სამზარეულოს ამბავი ორ მოქმედებად
მოქმედი პირები:
თავდამსხმელი
სპორტული დირექტორი
მწვრთნელი
მეკარე
პრეზიდენტი
მოქმედება პირველი: ლონდონის ერთ-ერთი სასტუმრო
თავდამსხმელმა სასტუმროს ჰოლში ნოუთბუქი მოიმარჯვა და თანაგუნდელებთან ერთად "დილა"-"რაპიდის" მატჩის ყურება დაიწყო.
თავდამსხმელი: - ნახეთ, ოთარ ხიზანეიშვილი რა კარგად თამაშობს წლევანდელ ევროტურნირებზე. "დილაში" ჯარიმასაც კი მას არტყმევინებენ, ჩვენთან კი გუნდიდან გაუშვეს.
თავდამსხმელმა, ალბათ, არ იცოდა, რომ მის უკან სპორტული დირექტორი იდგა და ყველაფერი მოისმინა.
სპორტული დირექტორი: - რასაც ახლა შენ ამბობ, მხოლოდ შენი აზრია და მეტი არაფერი.
მეორე დღეს ირკვევა, რომ თავდამსხმელი 11 კაცში არ არის შეყვანილი.
თავდამსხმელი: - გთხოვთ, მომისმინოთ, თქვენთან საუბარი მინდა.
მწვრთნელი: - ახლა მაგისთვის არ მცალია, სხვა დროს იყოს.
თავდამსხმელი: - რაღა სხვა დროს, ბარემ ახლა ვისაუბროთ.
მწვრთნელი: - როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება, აქ ბოსი მე ვარ!
მოქმედება მეორე. თბილისი
თავდამსხმელი მეორე გუნდში გადაიყვანეს, პირველმა გუნდმა კი ისევ წააგო. მეკარე პრეზიდენტთან შედის აუდიენციაზე.
მეკარე: - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ გზით წინ ვერ წავალთ.
პრეზიდენტი: - მართლა?..
თავდამსხმელს ინტერვიუს სთხოვენ, ის კი ყოყმანობს. კლუბში ისეთი წესია, რომ მეორე გუნდში გადაყვანა ავტომატურად ნიშნავს ხელფასის განახევრებას და ვაითუ ინტერვიუსთვისაც დასაჯონ თავდამსხმელი.
კლუბის ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანიმუშო თანამშრომელი ფეხბურთელს ურეკავს და აფრთხილებს, რომ ინტერვიუ არავის მისცეს.
ამბავი იმით მთავრდება, რომ თავდამსხმელს პირველ გუნდში აბრუნებენ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სხვა თუ არა ნაკრების პატივისცემა აქვს და ეს მარიაჟი და ვაჭარი ფეხბურთელები ფეხებზე კიდია.
მაგაზე ჯიგრიანად რომელი თამაშობდა ნაკრებში თავის დროზე?
და ამ ნაკრებით სხვა შედეგს ვერავინ დადებს...................................!!