სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ორგანიზაციის მიზნებზე ილაპარაკეს. თქვეს, რომ ქართველი მოთამაშეები ხშირად დაუცველები არიან, რომ კაბალურ კონტრაქტებს აფორმებენ, რომ ხშირად კლუბები მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარს ამბობენ, ბედის ანაბარა ტოვებენ და ასე შემდეგ.
"პრესკონფერენციაზეც
"საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას" აქვს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის, FIFPro-ს მხარდაჭერა. სწორედ ასე მოვახერხეთ პირველი საქმის მოგება.
გიორგი შაშიაშვილი ბერძნული "ერგოტელისიდან" რომ წამოვიდა, კლუბს მისი დავალიანება ჰქონდა. იყო შეთანხმებული 16-თვიანი გრაფიკი, რომელიც არ სრულდებოდა. გიორგიმ დახმარებისთვის მოგვმართა, ჩვენ კი საქმეში მოთამაშეთა ინტერესების დამცველი ბერძნული ორგანიზაცია ჩავრთეთ და დავა ძალიან სწრაფად მოგვარდა.
"ერგოტელისმა" დავალიანებაც აღიარა და გადაცდომაც. შევთანხმდით ახალ გრაფიკზეც.
სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობა ადამიანურად მოიქცა - ჩვენ გიორგის დიდ პატივს ვცემთ და რომ არა კრიზისი, ფულს რატომ დავაყოვნებდითო?" - გვითხრა "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელმა ბესო აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი შაშიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის "ერგოტელისში" 2009-12 წლებში თამაშობდა, ამ გუნდის ფორმა 67 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლიც გაიტანა.
შარშან ზაფხულში "ერგოტელისი" სუპერლიგიდან გავარდა და გამოცდილმა ქართველმა მცველმა კლუბი დატოვა. ამჟამად შაშიაშვილი თბილისის "დინამოში" ირიცხება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"