როინ კვასხვაძე: საქართველოში ძნელია თავი ფეხბურთელად იგრძნო

AutoSharing Option
გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსაც ჰყავს. ერთ-ერთი ასეთია როინ კვასხვაძე, "ზესტაფონის" მეკარე და კაპიტანი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ, იყო ასაკობრივი ნაკრებების გოლკიპერიც.

კვასხვაძე ქუთაისელია, თუმცა საკუთარი ქალაქის გუნდში არასდროს უთამაშია. 2005 წლიდან "ზესტაფონის" ღირსებას იცავს. სწრაფი რეაქცია, ხაზზე ჩინებულად თამაში, შეუპოვრობა - კვასხვაძე ამით არის გამორჩეული.

ამ მეკარეს არასდროს ჰქონია ჩავარდნები, სტაბილურობა მისი კიდევ ერთი კარგი თვისებაა. კვასხვაძე ის მეკარეა, გუნდი ბევრჯერ რომ გადაურჩენია თითქოს გარდაუვალი გოლისგან და ცხადია, "ზესტაფონის" გულშემატკივარს ის გამორჩეულად უყვარს. კვასხვაძეს რამდენიმე თემაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა...

- რვა წელი "ზესტაფონში" - დაგვეთანხმები, ძალიან იშვიათია, როცა ფეხბურთელი ამდენ ხანს ჩერდება ერთ გუნდში - რითაა ეს განპირობებული?
- "ზესტაფონში" სრულიად ახალგაზრდა მივედი. თავიდან სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა და ჩემს შანსს ველოდებოდი; მერე კი, როცა კარში სტაბილურად დავდექი, "ზესტაფონში" არაერთი ტიტული მოვიგე: საქართველოს თასი, ორჯერ ჩემპიონობა, სუპერთასი, სისტემატურად ვთამაშობდით ევროსარბიელზე და ასე შევრჩი გუნდს. "ზესტაფონში" ყოფნით კმაყოფილი ვარ, ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა.

- მიმდინარე სეზონი "ზესტაფონმა" კარგად ვერ დაიწყო და ამ დროისთვის თქვენი მთავარი ამოცანა ეროვნული ჩემპიონატის ზედა ექვსეულში შესვლაა. რას დააბრალებდი ამას?
- ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ბოლო პერიოდში "ზესტაფონმა" ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელიც მოხვდა ჩვენს გუნდში და ახლა ისინი უკვე გრძნობენ, რომ არავისზე ნაკლებად არ შეუძლიათ თამაში.

- "ზესტაფონში" გია გეგუჩაძე დაბრუნდა და ბოლო სამი შეხვედრიდან ორი მატჩი მოიგეთ - რაში მდგომარეობს ამ მწვრთნელის ფაქტორი?
- გეგუჩაძე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და კარგია, რომ "ზესტაფონში" დაბრუნდა. ახლა გუნდში ყველაფერი დაბალანსებული და დალაგებულია, ამ მწვრთნელის ხელში "ზესტაფონი" მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

- მცირე დროში ყველაზე უფრო რის ხარჯზე მოახერხა ამ მწვრთნელმა გუნდის "დალაგება"?

- დისციპლინა მაღალ დონეზეა. იმის რწმენა განუმტკიცა გუნდსაც და თითოეულ ფეხბურთელსაც, რომ მეტის მიღწევა შეუძლიათ.

- მაღალი მიზნები ახსენე - ამ სეზონში ამის პერსპექტივა აქვს "ზესტაფონს"? ისე ჩანს, რომ თბილისის "დინამოს" ამ სეზონში ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება...
- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვითარება მართლაც ასეთია, თუმცა სეზონის მეორე ეტაპისთვის "ზესტაფონი", ჩემი აზრით, უფრო მოღონიერდება და ეროვნული ჩემპიონატი "ზესტაფონის" სახით კიდევ ერთ მოწინავე გუნდს მიიღებს. ჯერ ექვსეულში უნდა მოვხვდეთ; სამეულში მოხვედრაც ლოგიკური იქნება.

- 24 წელი მეკარისთვის ალბათ ის ასაკია, რომ წინსვლის პერსპექტივა კიდევ არის...

- ეს ის ასაკია, რომ კიდევ შეიძლება დახვეწა, სწავლა, გამოცდილების შეძენა, საკუთარი შეცდომების გაანალიზება. ერთი სიტყვით, სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს, რათა უფრო დახვეწილი და სტაბილური გავხდე.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების თბილისური მატჩი გავიხსენოთ ესპანეთთან. დაშავებული გიორგი ლორია შეცვალე და შეხვედრის ბოლოს რობერტო სოლდადომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი, ესპანელთა ცენტრფორვარდმა ახლოდან დაარტყა. როგორ ფიქრობ, სასტარტო შემადგენლობაში რომ ყოფილიყავი, ამ ბურთის მოგერიების მეტი შანსი გექნებოდა?
- აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. ეს ჩემი პირველი თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში; ისიცაა, როცა სოლდადომ დაარტყა, ფაქტობრივად, გაუხურებელი ვიყავი, მოედანზე ახალი შესული, ნერვიულობა მოხსნილი არ მქონდა. ძალიან ძნელია ასეთი ბურთის აღება, რეაქცია კი მოვახდინე, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა. მეკარეებს აუღებელი ბურთებიც მოუგერიებიათ და ეს მეც გამიკეთებია...

- თანამედროვე ფეხბურთში მეკარისთვის აუცილებელია, რომ ფეხით კარგად თამაშობდეს, მცველების უკან ლიბეროსავით მოქმედებდეს, უკარნახოს მათ...
- ფეხით თამაში ჩემი ერთ-ერთი პლუსია. თანაგუნდელ მცველებსაც ვკარნახობ, როცა ეს საჭიროა. ფეხით თამაშის გათვალისწინებით, მეკარეებიდან ყველაზე უფრო ვიქტორ ვალდესი მომწონს, საერთოდ კი, იკერ კასილიასი.

- ქუთაისელი ხარ და შენი ქალაქის გუნდში არასდროს გითამაშია - როცა ფეხბურთელის კარიერას იწყებდი, ამაზე არ ოცნებობდი?
- ოცნება არა, მაგრამ სურვილი კი მქონდა, ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის რომ მეთამაშა. შეიძლება მოხდეს კიდეც როდისმე ისე, რომ საკუთარი ქალაქის გუნდშიც ვითამაშო.

- საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ერთგული და ემოციური გულშემატკივრები ალბათ ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" ჰყავთ...
- "ზესტაფონს" მართლაც გვერდშიმდგომი ქომაგი ჰყავს, გულშემატკივრები ძალიან გვეხმარებიან და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვთ. თქმა რად უნდა იმას, რომ ქუთაისის "ტორპედოსაც" ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს.

- რაც უნდა კარგი ხელფასი და პრემია ჰქონდეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს, ის მაინც ცუდ სიტუაციაშია, რადგან სტადიონის ტრიბუნები მეტწილად ცარიელია, ზესტაფონის და ქუთაისის გარდა, სხვა ქალაქებში ბევრი ხალხის სტადიონზე მისვლა დიდი პრობლემაა...
- საქართველოში მართლაც ისეთი სიტუაციაა, ძნელია, თავი ფეხბურთელად იგრძნო. ქალაქში რომ გახვალ, ათიდან შვიდი ვერ ამოიცნობს, რომ ფეხბურთელი ხარ. ჩვენთან ეს პროფესია ისე არ ფასდება, როგორც უნდა ფასდებოდეს...

გაზეთი "ქრონიკა"
სტატია აღებულია fczestafoni.ge-დან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული