დავინტერესდი, თუ იცი, რა ფეხბურთი გვქონდა და რა დონის გუნდი იყო თბილისის "დინამო"-მეთქი. მითხრა, ის "დინამო" არც ვიცი და არც მახსოვსო. მართალიც იყო, მისთვის ჟრუანტელს არ დაუვლია, როცა სტადიონზე "დინამო! დინამოს!" ვყვიროდით და მთელი სტადიონი გუგუნებდა. ამ განცდის გარეშე ძნელია გაიგო ის, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი გააჩნია...
საერთოდ, როცა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში ქართულ გვერდებს ვუყურებდი, ძალიან ცოტას წერდნენ ჩვენს წარსულზე - რანი ვიყავით, რა ფეხბურთი გვქონდა და "ფეისბუქზე"
დღეს, როცა ჩვენში ქართული ფეხბურთის იმედიც გაქრა და მის მიმართ ინტერესიც, ამ გვერდის შექმნა აუცილებელ საქმედ ჩავთვალე - ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მართლა გვქონდა დიდი ფეხბურთი და რომ ეს ლეგენდა არ არის.
მივაკვლიეთ "დინამოს" თამაშების დიდ არქივს, მაგრამ უდიდეს თანხას გვთხოვენ, მარტო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს ფინალზე" - 100 ათას ევროს. სამწუხაროდ, ეს თანხა არ გვაქვს, თორემ სიამოვნებით გადავიხდიდი. მაგრამ კავშირების წყალობით, უნიკალური მასალების მოპოვებას მაინც ვახერხებთ" , - ამბობს ზურაბ რუბაშვილი, რომელიც დავით ილურიძესთან ერთად, ამ მშვენიერი წამოწყების ინიციატორია.
მათ უნიკალური ფოტო და საგაზეთო მასალები შეაგროვეს და ამას დღემდე დიდი სიყვარულით აგრძელებენ, რაც, წესით, ოფიციალური სტრუქტურებისა და ფეხბურთის ფედერაციის საქმე უნდა იყოს...
18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის 1964 წელს თბილისის "დინამოს" მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობასთან ასოცირდება. არადა, ამ დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი მოხდა, რომლითაც ქართველები არგენტინაში გაიცნეს.
"Dinamo Tbilisi cup winner cup 1981"-ის დამფუძნებლებმა 1961 წლის 18 ნოემბერს ბუენოს-აირესში გამართული არგენტინისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრასთან დაკავშირებით საინტერესო დოკუმენტური მასალები აღმოაჩინეს.
საბჭოთა ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა, რაც არგენტინულმა და ევროპულმა მედიამ დიდ სენსაციად მონათლა. საბჭოთა ნაკრები მაშინ პოპულარული 4-2-4 სისტემით თამაშობდა. მიხეილ მესხი მარცხენა ფლანგის თავდამსხმელი იყო, სლავა მეტრეველი კი მარჯვნიდან უტევდა - ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო.
ორივე გოლი (24-ე და 25-ე წუთებზე) როსტოვის სკა-ს თავდამსხმელმა ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა, მაგრამ მედიამ მაინც ქართველები გამოარჩია - პირველი გოლი მესხის გადაცემით გავიდა. მეორე კომბინაციაც მესხმა წამოიწყო, საგოლე გადაცემა კი მეტრეველმა გააკეთა.
მესხმა არგენტინელები სისწრაფით, გამძლეობითა და კარის მუდმივი დაბომბვით მოხიბლა. ადგილობრივმა მიმომხილველებმა ის "ქართველ გარინჩად" მონათლეს. რუსებმა კი თავად აღიარეს არა რომელიმე მოსკოველი მოთამაშე, არამედ მეტრეველიც და, განსაკუთრებით, მესხი - ინდივიდუალური ოსტატობის უმაღლესი დონე აჩვენაო.
50 მილიონი მესხის სანაცვლოდ
"პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა", - თქვა მიხეილ მესხზე არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა სიმეონემ სსრკ-ის ნაკრებთან თამაშის შემდეგ.
პირველი ევროპული გუნდი, რომელთანაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო, საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო. მის შემადგენლობაში მესხი და სლავა მეტრეველი ბრწყინავდნენ.
...მათ "რივერ პლეიტის" სტადიონ "მონუმენტალზე" მისული 110 000 არგენტინელი ქომაგი საუცხოო თამაშით გააოცეს და მატჩის შემდეგ ოვაციაც დაიმსახურეს.
მატჩის წინ ადგილობრივი პრესა, ფეხბურთელები, მწვრთნელები დიდი ანგარიშით გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ. 4:1 - ჟესტიკულაციით ანიშნა ტელეკამერის წინ მომავალი მატჩის ანგარიში ერთ-ერთმა არგენტინელმა ფორვარდმა. მისმა თანაგუნდელმა მცველმა ერთი აწეული თითი ჩააწევინა - ჩვენზე ცუდად ფიქრობ, ამ ერთსაც არ გავუშვებთო. პატარა ბიჭებმა კი, რომლებიც საბჭოთა ფეხბურთელებს დასდევდნენ, ხუთივე თითი გაშალეს - 5:0!
მასპინძლების მოურიდებელმა თავდაჯერებამ საბჭოური გუნდი სერიოზულად "დაქოქა" და მთავარ მწვრთნელ გავრილ კაჩალინს ამოცანა გაუიოლა - მოთამაშეებისთვის მომავალი მატჩისთვის დამატებითი განწყობის შექმნა საჭირო აღარ იყო...
მაყურებელი ფეხბურთზე მიდიოდა და შოუზე მოხვდა. ის, რასაც ფლანგებზე (განსაკუთრებით - მარცხენაზე) საბჭოთა "შოუმენები" აკეთებდნენ, მრავლისმნახველ არგენტინელებს მანამდე არ ენახათ.
ფოტოზე: გარინჩა და მიხეილ მესხი
"მესხი "თანამგზავრია". ის სიმეონესთვის კოშმარად იქცა. საოცრად სწრაფი, ეშმაკურ დრიბლინგს ფლობს და ძალიან სახიფათოა", - გაოცებული იყო არგენტინელი ჟურნალისტი.
"მესხი საუცხოოდ თამაშობდა. მან თავისი მეურვე სიმეონე დაქანცა. ის ყველაზე მეტად იყო "დამნაშავე" ორ გოლში, რომელმაც რუსებს მოაგებინა", - წერდა პოპულარული "ელ გრაფიკო".
მატჩის შემდეგ წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ.
საბჭოთა გარემარბების საოცარმა თამაშმა ადგილობრივ პუბლიკას განწყობა შეუცვალა. მესხი-მეტრეველის თითოეულ მოქმედებას ყიჟინა და ტაში მოსდევდა.
როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს "ეკვეთა". მეტრეველს, რომელიც მოედანზე ცოტა ხნით შეფერხდა, მაისური გახადეს და სასუვენირო ნაკუწებად აქციეს. მესხმა თავისი საფირმო დრიბლინგი მატჩის შემდეგაც "გამოიყენა" და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ოსტატურად მიიმალა. პონედელნიკს პოლიციამ წრე შემოარტყა და მოედნიდან ისე გაიყვანა.
...ადგილობრივი პრესის ყურადღების ცენტრში მესხი, მეტრეველი და იაშინი მოექცნენ. არგენტინელი კოლეგების აზრი გაიზიარა ფრანგმა ჟურნალისტმა ფრანსუა ტებომ, რომელიც ბუენოს-აირესში თამაშის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა.
მრავლისმნახველმა ფრანგმა საბჭოთა ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა...
იხილეთ ვიდეო
18.11.1961. არგენტინა - სსრკ 1:2 (ამხანაგური მატჩი)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"