კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს

AutoSharing Option
ამ კვირის მთავარი ამბავი ალბათ ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარე ნუკრი რევიშვილი "ვალეტაში" გადავიდა, მალტის გუნდში.

ერთი შეხედვით, ახალი არაფერი მომხდარა, ქართულ კლუბებს უჭირთ და აქ თამაში არავის სურს, ქართველ ფეხბურთელსაც ერთი სული აქვს, აქაურობას მოშორდეს, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიაროს ბევრად უკეთესი ჯამაგირის გამო, ოღონდაც, რევიშვილი არ არის ერთი რიგითი ფეხბურთელი, ის ეროვნული ნაკრების მეკარეა.

ასეა, ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და იქ უნდა წავიდეს, სადაც უკეთ
ეს ხელფასს შესთავაზებენ.

ცხადია, რევიშვილისთვის უკეთესი საფეხბურთო ქვეყნის გუნდი გვემეტებოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს ფინანსური მხარეა.

არის ისეთი რაღაცებიც, რაც ფულზე ბევრად მნიშვნელოვანია, რასაც ვერ შეიძენ, რასაც ფულით ვერ მოაგვარებ. ასეთ რაღაცებზე დგას ბევრი რამ ფეხბურთში, რომელსაც ფული კი რყვნის, მაგრამ რჩება ის სივრცეც, სადაც ფულს არაფერი ესაქმება.

ასეთი სივრცის შევსება ძალიან ძნელია და თუ ამას ვერ მოახერხებ, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.

ფეხბურთელს შეუძლია ინდივიდუალურადაც იყოს წარმატებული, გადავიდეს მალტის ან აზერბაიჯანის რომელიმე მდიდარ კლუბში და ბევრი ფული იშოვოს, ოღონდაც, ტიტულები, სპორტული მიღწევები და ის, რის გამოც მემუარებს წერენ, მისთვის ხელმიუწვდომელი დარჩეს.

რატომ ვერ გახდა დიდი მწვრთნელი დანიელ პასარელა? დიდი ფეხბურთელი არ იყო, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, სახელი და დიდება აკლდა თუ ფეხბურთი არ ესმოდა?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, უბრალოდ, საკუთარი ვერსია გამაჩნია.

დიეგო მარადონა ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს - პასარელა გასახდელში ფეხბურთელებს უყვებოდა იმის შესახებ, წინა ღამეს როგორ ერთობოდა ძმაკაცის ცოლთანო.

მე მგონია, რომ ასეთი მწვრთნელი ვერასოდეს გახდება წარმატებული, რადგან ის კარგს ვერაფერს ასწავლის ფეხბურთელებს.

გუნდი სათუთი მექანიზმია. კარგ მწვრთნელებს იმიტომაც უხდიან დიდ ფულს, რომ მათ იციან ამ მექანიზმის შექმნა და მისი მუშაობის პრინციპები. ამ სათუთ მექანიზმს კი მხოლოდ მწვრთნელი ვერ შექმნის, ამისთვის ფეხბურთელების სპორტული და ადამიანური თვისებებიცაა საჭირო.

შარშან, 26 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გასული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც მიწვეული არ გახლდით და, შესაბამისად, საკუთარი თვალით არ მინახავს ის ყველაფერი, რაც სხვათა მონათხრობით გავიგე.
იხილეთ: N1 გურამ კაშიაა! - საფეხბურთო სამყარომ ნომინანტები ჩამოთვალა [VIDEO+PHOTO]

საქმე თურმე ასე ყოფილა: 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია რომ დაასახელეს და პრიზი გადასცეს, იქ მიწვეულ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს უკვე დაეტოვებინათ დარბაზი, ანუ აღარ დარჩნენ იმის სანახავად, თუ როგორ გადასცემდნენ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს გურამ კაშიას.

შური ისეთი რამეა, ეშმაკი ყოველთვის რომ აძალებს სულს. ზოგი უმკლავდება ამ შემოტევას, ზოგიც - ვერა, მაგრამ თანაგუნდელის პატივისცემა და მისდამი მეგობრული დამოკიდებულება ის ნიადაგია, რაზეც გუნდი უნდა აშენდეს, რაც ცალკე უნდა იდგეს შურისგან.

თუ ის ამბავი, რაც სხვათაგან გავიგე, მართალია, სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ასეთი ნაკრები ყოველთვის ჩაფლავებული იქნება და არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თემურ ქეცბაია ეყოლება მწვრთნელად, ლუის ვან გაალი თუ ვინმე სხვა.

სწორედ ეს უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ფული აღარ არის მთავარი, სადაც მეგობრობა, გვერდში დგომა და პატივისცემა მართავს სიტუაციას, საიდანაც იწყება ეროვნული ნაკრების შექმნა.

ისეთ გუნდს, სადაც თანაგუნდელები პრიზის ამწევ ფეხბურთელს ასე ექცევიან, მაგარი პრემიები რომც დაუნიშნო, ყველაფერი ფუჭად ჩაივლის - ამაში ეჭვიც არ მეპარება.

როგორ ფიქრობთ, რამდენიმე კაცი რომ მოგიყვება ამ ამბავს, არ უნდა დავიჯერო? ვაგლახ, ეს ის შემთხვევა არ უნდა იყოს, როცა ხალხს ტყუილი ურჩევნია სიმართლეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თითოეულმა ნაკრების ფეხბურთელმა გააკეთოს კომენტარი აქ დაწერილზე!თუნდაც მესის დონის იყოს უღირსი,მდაბიო სულის ადამიანი საქართველოს ნაკრების მაისურის ღირსი არ არის!
akhali
17:09 25-01-2014
0
ვინ არის ეს უნამუსოები
roma
15:28 25-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული