N1 გურამ კაშიაა! - საფეხბურთო სამყარომ ნომინანტები ჩამოთვალა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე წელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ლამაზი ღონისძიებით აცილებს "საფეხბურთო წელიწადს". ოღონდ, წინა ორი დაჯილდოებისაგან განსხვავებით (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომ ჩატარდა), 26 დეკემბერს გამართული შემაჯამებელი დაჯილდოება "GFF Awards 2013" რესტორან "ქალაქურში" ჩატარდა.

საღამოს ჩვენი კოლეგა, ოთარ გიორგაძე უძღვებოდა, რომელმაც ხუთი ნომინაცია წარმოგვიდგინა: "წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი", "წლის საუკეთესო ლეგიონერი", "საქართველოს ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი", "წლის საუკეთესო გუნდი" და "წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი".

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, აგრეთვე, საქართველოს ასაკობრივი
ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

* * *
ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის სამი ნომინანტი იყო დასახელებული: თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი პაპავა და ჰოლანდიური "ვიტესის" შემტევები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

დაჯილდოების ცერემონიალზე პირველი ლაურეატი გამოვლინდა: "2013 წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელად" ვაკო ყაზაიშვილი დასახელდა, რომელმაც პრიზი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძისგან მიიღო.

* * *
მომდევნო ნომინაციაში ("ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი") თბილისის "დინამოს" და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ გაიმარჯვა, რომელმაც თანაგუნდელ დინამოელებს, ჩისკოსა და ელგუჯა გრიგალაშვილს აჯობა. ლორიას პრიზი ქართული ფეხბურთის კიდევ ერთმა ცოცხალმა ლეგენდამ, მურთაზ ხურცილავამ გადასცა.

* * *
მესამე ნომინაციაში ("საუკეთესო ქართველი ლეგიონერი") სამი ღირსეული კანდიდატი იყო: "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, მისი თანაგუნდელი ვაკო ყაზაიშვილი და უკრაინული "დნიპროს" შეუცვლელი წევრი ჯაბა კანკავა. ზედიზედ მეორედ ამ ნომინაციაში გურამ კაშიამ გაიმარჯვა, რომელსაც პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ გადასცა.

* * *
აი, რაც შეეხება "წლის საუკეთესო გუნდს", ამ შემთხვევაში საკამათო-საკითხავი ბევრი რამ არც უნდა ყოფილიყო: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი - გია ცეცაძე) ხომ პატარა სასწაული მოახდინა ამ გაზაფხულს, როცა ბელგიაში ჩატარებულ ელიტრაუნდში გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გავიდა.

"წლის საუკეთესო გუნდის" მთავარ მწვრთნელს პრიზი ევროპის მმართველ საფეხბურთო ორგანოში მოღვაწე ჩვენმა საამაყო წარმომადგენელმა, დავით პეტრიაშვილმა გადასცა.

* * *
და აი, საღამოს კულმინაციაც: "2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის" ნომინანტების დასახელება! ამ შემთხვევაშიც სამი ნომინანტი იყო დასახელებული: გურამ კაშია, გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით (45 პროცენტი), საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დასახელდა, რომელსაც პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გადასცეს.

ისე, ამ გამოკითხვაში ქართულ სპორტულ მედიასაც რომ მიეღო მონაწილეობა, ვეჭვობთ, ბევრი რამ შეცვლილიყო; ყოველ შემთხვევაში, "საუკეთესო ლეგიონერისა" და "წლის საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინაციაში ამ სტრიქონების ავტორიც პირველობას ასევე გურამ კაშიას მიაკუთვნებდა!

სხვათა შორის, გურამ კაშია ზედიზედ მეორედ გახდა "საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი" და ორივე შემთხვევაში, აბსოლუტურად დამსახურებულადაც!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული