მურთაზ ხურცილავა: "დინამოს" ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენია

AutoSharing Option
მურთაზ ხურცილავა თბილისის "დინამოსა" და სსრ კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ცენტრალურმა მცველმა, ქართველებიდან საბჭოთა ნაკრებში ყველაზე მეტი (69) შეხვედრა ჩაატარა.

იყო მსოფლიოსა (1966, 1970) და ევროპის (1968, 1972) ჩემპიონატების მონაწილე. სხვათა შორის, რევაზ ძოძუაშვილთან ერთად, ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. იმავე წელს ითამაშა მიუნხენის ოლიმპიადაზე.

არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1972), ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი (1972), საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელებში 1967 და 1968 წლებში მე-2 ადგილზე დაასახელეს, 10-ჯერ მოხვდა საბჭოთა კავშირის "33 საუკეთესოს" შორის, ხოლო თავის პოზიციაზე
5-ჯერ (1968, 1969, 1971, 1972, 1973) საუკეთესოდ აღიარეს.

2003 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 50 წლის საქართველოს "ოქროს ფეხბურთელად" დაასახელა.

* * *
არ ვიცი, 1943 წელი რომ დადგა, კალისტრატე ხურცილავას ოჯახში ფეხი მურიამ შედგა თუ სხვა კუჩხი ბედინერმა (მეგრულად - ფეხბედნიერმა), მაგრამ იმ წლის 5 იანვარს სოფელ ბანძის სკოლის დირექტორის ოჯახმა ვაჟის, მურთაზის დაბადებით რომ გაიხარა, წყალი არ გაუვა.

გავა წლები და "კალისტრატოვიჩი" სიხარულს არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მთელს საქართველოს მიანიჭებს...

...სამწუხაროდ, თაობებს მისი თამაში არ უნახავთ, ვიდეოკადრებიც მწირია და უფროსებს თუ ვენდობით, ამით ბევრიც დაგვიკარგავს. ისღა დაგვრჩენია, ის "კადრები" და იმ დროის პერიპეტიები თავად ბატონი მურთაზის მოგონებებით "აღვადგინოთ".

ლეგენდარული ფეხბურთელი განვლილი წლების ეპიზოდებს იხსენებს...

ბურთით დავიწყებული შიში
- გეგეჭკორის (მაშინ ასე ერქვა, ახლა მარტვილი ჰქვია) "სალხინო" საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდა. ებრაელი ბიჭი, ბიჭიკო შალელაშვილი იყო გუნდის კაპიტანიც, მთავარი მწვრთნელიც, ადმინისტრატორიც, ექიმიც.... სწორედ მან ამიყვანა 15 წლის ბიჭი.

მანამდე ფეხბურთზე არც დავდიოდი. სოფელ ბანძაში დავიბადე და სად იყო იქ საფეხბურთო სკოლა? მაგრამ ღამის პირველ საათამდე კი ვთამაშობდით ფეხბურთს. სხვა გასართობი არც გვქონდა... თბილისის "დინამოში" ისე მივედი, მწვრთნელი არ ვიცოდი, რა იყო. რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. ასე იყო "სალხინოშიც".

მეცინება, ახლა რომ ამბობენ - პირობები არ არის და ფეხბურთელებს ვერ ვზრდითო. პირობები კი არა, ბურთი არ გვქონდა, ნაჭრებისგან თავად ვკერავდით და რაღაც სასწაულებს ვაკეთებდით. მე კი ბურთით ვიძინებდი...

დღეს ბავშვები იმიტომ ვერ იზრდებიან კარგ ფეხბურთელებად, რომ თავიდანვე აპროგრამებენ. ახლახან ვნახე, ბიჭუნამ მოედანზე გასაოცარი ამბები დაატრიალა, რამდენიმე მცველი მოატყუა, მაგრამ მწვრთნელმა ლამის აგინა. 12 წლის ბავშვს ისე აპროგრამებენ, რომ მწვრთნელის ჩარჩოს არ უნდა გაცდეს - ეს არის სისულელე! ბავშვმა როგორ უნდა შეიძინოს ტექნიკა და თამაშის საკუთარ თავზე აღების უნარი, თუ სულ მწვრთნელის დარიგებებზე იფიქრა? ამიტომაც ვიღებთ უფერულ და უინიციატივო თაობებს...

...იცით, ნამდვილი ბურთი როგორ მაჩუქეს? ცოფიანმა ძაღლმა მიკბინა და სამკურნალოდ თბილისში წამოსვლა დამჭირდა. მაგრამ ნემსის და ექიმის დანახვა არ მინდოდა. მამაჩემს ვუთხარი, ბურთს თუ მიყიდი, წამოვალ-მეთქი.

ჩემი ალალი დეიდაშვილია მიშა ჯოჯუა, ბორია პაიჭაძის დროინდელი "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი. თურმე, მამაჩემს შეჰპირდა - ოღონდ ჩამოდით და, მურთაზს ბურთს ვაჩუქებო. ბურთი მაჩუქა, "დინამოს" სტადიონზეც მიმიყვანა და ლეგენდები გამაცნო, მათ შორის - თავად პაიჭაძე.

სიხარულისგან ცაში დავფრინავდი. ვერ წარმომედგინა, რომ მათ ისე შეიძლებოდა მივსალმებოდი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს.

მსგავსი ბედნიერება არასოდეს განმეცადა, აღარც ცოფიანი ძაღლის მეშინოდა და აღარც ნემსების.

ჟორდანიას სელექცია
- სოფელ ბანძის ცენტრში იყო რადიო, სადაც მთელი სოფელი იკრიბებოდა, როცა თბილისის "დინამო" თამაშობდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ დიდი გუნდის წევრი გავხდებოდი. არადა, ცხოვრება მართლა ზღაპარია - ანდრო ჟორდანიამ "დინამოში" მიმიწვია - უდიდესმა მწვრთნელმა და პიროვნებამ.

მაშინ რაიონების პირველობები ტარდებოდა, სოფელი სოფელს ხვდებოდა, ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატი და ფეხბურთი მასობრივი იყო. ჟორდანიას კი წესად ჰქონდა: ყველა მსაჯს ავალებდა - თუკი სადმე საინტერესო მოთამაშეს ნახავთ, გვარი ჩაინიშნეთ, თუნდაც სოფლის გუნდის წევრი იყოსო. წლის ბოლოს კი გამორჩეულებს თბილისში უყრიდა თავს, ორკვირიან შეკრებებს აწყობდა და ამ ბიჭებს საკონტროლო შეხვედრებში აკვირდებოდა.

მე-9 კლასში ვიყავი, პირველი წელი იყო, "სალხინოში" რომ ვთამაშობდი და წლის ბოლოს მეც გამომიძახა. მერე ძველ 35-ე სკოლაში გადამიყვანა, ახლა ბაზრობა რომ გახსნეს. წლის ბოლოს სოხუმში ორკვირიანი შეკრება მოაწყო და ჩემთან ერთად აიყვანა ჟორა სიჭინავა, ცხონებული გურამ პეტრიაშვილი, დემურ ვეკუა, როინ კვასხვაძე, საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეკარის ბაბუა, სხვა ბევრი ნიჭიერი ბიჭი...

პირველი მატჩი სოხუმის "დინამოსთან" მათამაშა. კიდევ ორი შეხვედრაა დარჩენილი, მაგრამ "დინამოს" ადმინისტრატორმა ნოდარ მაჭავარიანმა მითხრა - ჟორდანია გეძახისო. მის ოთახს რომ მივუახლოვდი, ოფლმა დამასხა. ჩემთვის ჟორდანია ღმერთკაცი იყო და რა ვიცოდი, რა უნდოდა...

ოჯახზე, მშობლებზე გამომკითხა, მამა ქიმიის მასწავლებელი და სკოლის დირექტორია, სამი და მყავს, ძმა არა-მეთქი. მეუბნება, შვილო, აქ ყოფნა აღარ გინდა, ჯობია, სახლში წახვიდეო. კიდევ ერთხელ დამასხა ოფლმა. მიხვდა, ვერ გავუგე - კი არ გიწუნებ, მივხვდი, რომ გამოგვადგები და შეტყობინებას დაელოდე, "დინამოში" როდის ჩამოხვიდეო.

არადა, კიდევ ორი თამაში იყო დარჩენილი, კარგი ბიჭები გავიცანი და ჟორდანიასთან ვარჯიშიც მინდოდა. მაგრამ მას ვერ გავუბედე და მაჭავარიანს ვთხოვე, იქნებ, დამტოვოს-მეთქი. მართლაც დამტოვა.

ძალიან მაგარი თვალი ჰქონდა. სრულიად უცნობ ბიჭს თვალს დაადგამდა და მასში ვარსკვლავს აღმოაჩენდა. მას მთელი პლეადები ვემადლიერებით.

Sportall.Ge

ანეკდოტი ეუსებიოზე და შეუდარებელი პელე
- ახლახან პორტუგალიელი ვარსკვლავი ეუსებიო გარდაიცვალა. უზომოდ დამწყდა გული. მაგარი ფეხბურთელი იყო. მის წინააღმდეგ პირველად 1966 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მე-3 ადგილისთვის მატჩში ვითამაშე.

იმ მუნდიალზე პელემ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, ეუსებიო კი იმდენად გამორჩეული იყო, "შავი პანტერა" შეარქვეს. რაც უნდა ჰქონოდა დიდ ფეხბურთელს, ღმერთმა ყველაფერი მისცა. რაც მთავარია, მოედანზე ღირსეული საქციელითაც გამოირჩეოდა...

მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი მოროზოვი იყო, რომელმაც მატჩამდე მის წინააღმდეგ თამაში დამავალა. მაგრამ მატჩის დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და ჟოზე ტორესის ნეიტრალიზება მომანდო. ეს თავდამსხმელი ძალიან მაღალი (191 სმ) იყო და მერე გავიგე, რომ ადრე თურმე კალათბურთს თამაშობდა. მიუხედავად ჩემი სიმაღლისა (175 სმ), ნაკრებში ყველაზე კარგად თავით მაინც მე ვთამაშობდი და მწვრთნელმა, ეტყობა, ამიტომაც დამავალა ტორესის ნეიტრალიზება. თამაში გამიჭირდა...

ეუსებიოს კი მეორედ ლევ იაშინის გაცილების მატჩისას შევხვდი. ისე, ჩემზე ანეკდოტი თუ გაგიგიათ? ეს ყველაფერი იმაზე ააწყვეს, რომ ეუსებიოს "ესებუას" ვეძახდი, მუნდიალის მატჩში კი ეუსებიოს შევეჯახე და წავაქციე. ამიტომ მომიგონეს ეს ანეკდოტი: ხურცილავამ ეუსებიო წააქცია და წამომდგარმა უთხრა - არც მე ვარ პორტუგალიელი და არც შენ ხარ რუსი, ორივე ბედკრული სამეგრელოს შვილები ვართ და რას მერჩიო?!

...პელეს წინააღმდეგ უფრო მეტჯერ მითამაშია. ის სულ სხვა დონე იყო. ყველას ერთი თავით სჯობდა. ისეთი ნიჭიერი იყო, ასე მგონია, კარში რომ ჩამდგარიყო, იქაც საუკეთესო იქნებოდა. რამდენჯერმე ბურთი ავართვი კიდეც, მაგრამ მოედანზე ყველაფერს აკეთებდა, ფეხით, თავით, უცნაური და ამოუცნობი მოძრაობები ჰქონდა, რომელსაც ალღოს ვერავინ უღებდა...

ნაკრების კაპიტანი
- მეამაყება, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებს ორჯერ ჰყავდა ქართველი კაპიტანი - მე და საშა ჩივაძე. არ ვიცი, როდის როგორ იყო, მაგრამ ჩემ დროს ქართველებს რუსები ნამდვილად არ გვჩაგრავდნენ. მაგალითად, კალათბურთში ნაკრების კაპიტანი ქორქია იყო.

საფეხბურთო ნაკრებში კი სამკლავური ალბერტ შესტერნიოვს ეკეთა. კარიერის დასრულებამდე ის დაშავდა და უცხოეთში რამდენჯერმე გუნდი მოედანზე მე გავიყვანე, რადგან ვიცე-კაპიტანი ვიყავი. მერე შესტერნიოვმა კარიერა დაასრულა და გუნდის თავის არჩევა გადაწყვიტეს. მაშინ ამ საკითხს, ნაკრების ხელმძღვანელობასთან ერთად, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე და სპორტის ხელმძღვანელები წყვეტდნენ. თათბირი ერთი საათი გააგრძელეს, ერთი ამბავი იყო, ნაკრების კაპიტნობა ხომ ძალიან დიდი სახელი იყო...

პრინციპში, რუსის დანიშვნა სურდათ და, ალბათ, შესაბამისი კანდიდატურაც შერჩეული ჰყავდათ.

მაგრამ, როცა დაგვიბარეს, არ ვიცოდით, რაზე სურდათ ლაპარაკი. თათბირი დაასრულეს და გვითხრეს, კაპიტანი უნდა ავირჩიოთო. მოულოდნელად, ფეხბურთელები ადგნენ და ერთხმად თქვეს, გუნდის თავი უკვე არჩეული გვყავსო და ყველამ ჩემკენ გამოიხედა.
ბიჭების წინააღმდეგ ვერ წავიდნენ და ასე გავხდი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი.

როცა კარგად თამაშობ, ვინ დაგჩაგრავს? აბა, საშა ჩივაძეს რუსები რამეს გაუბედავდნენ? კაცი კაპიტნად და ლიდერად იყო დაბადებული და სამკლავური ამიტომაც მოირგო. მწვრთნელიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, ქართველებს ყველაზე მაღლა აყენებდნენ. ასე იყო და რა ვქნა?

1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებში ოთხნი წაგვიყვანეს: ანზორ კავაზაშვილი, ჟორა სიჭინავა, სლავა მეტრეველი და მე; 1970 წელს კი ხუთნი - კავაზაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, მე, კახი ასათიანი და გივი ნოდია; 1982 წელს გაფართოებულ სიაში იყვნენ საშა, სულაქველიძე, დარასელია, შენგელია, ყიფიანი და გუცაევი, ბოლოს კი ოთხი წაიყვანეს. სხვათა შორის, აღარ მახსოვს ვისთან, მაგრამ "ლუჟნიკებში" გაიმართა შეხვედრა, სადაც ძირითადში ერთდროულად დაგვაყენეს მე, კავაზაშვილი, ძოძუაშვილი, ასათიანი, მეტრეველი და გივი ნოდია - წარმოგიდგენიათ, საბჭოთა ნაკრების 11 ფეხბურთელიდან 6 ქართველი ვიყავით?!

დინამოს ავადმყოფობა
- "დინამოდან" წასვლა ცუდად მახსენდება. არ ვიცი, რატომ და რისთვის, 1972 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი რომ გავხდი, მაშინვე დაიწყეს "დინამოდან" ჩემს გაშვებაზე ლაპარაკი.

საბედნიეროდ, ამ ტალღამ გადაიარა, მაგრამ 1975 წელს მაინც გამიშვეს. გულშემატკივარს ჩემი დარჩენა სურდა. 31 წლის ვიყავი და კიდევ ორი წელი თავისუფლად ვითამაშებდი. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მომიხდა.

საერთოდ, გამოცდილი ხალხის ასე გაშვება "დინამოს" ავადმყოფობა იყო. გუნდიდან წასულ ერთ ფეხბურთელსაც ვერ დავასახელებ, რომელსაც გული არ ატკინეს.

Sportall.Ge

ტრაბახს არ დავიწყებ, მაგრამ შემოთავაზება მქონდა საბჭოთა კავშირის წამყვანი რუსული და უკრაინული გუნდებიდან - კიევის "დინამოდან", "სპარტაკიდან"... მაგრამ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ვერაფრის დიდებით ვერ ვითამაშებდი.

დამიჯერეთ, ასე ვაზროვნებდით და არაფერს ვაჭარბებ - მაშინ ჩემთვის მხოლოდ ეს გუნდი და ქართული ფეხბურთი არსებობდა. საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ჯიბრზე თამაში კი მხოლოდ უგუნურებს ახასიათებთ...

ისევ საქართველოში თამაში ვამჯობინე. რაც ჯანი და ენერგია მქონდა, ისიც ჩვენი ფეხბურთისთვის უნდა მომეხმარა და ქუთაისის "ტორპედოში" წავედი. ეს ამბავი საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გადაწყდა, რაც გურამ ფანჯიკიძის დამსახურება იყო. ის ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი გახლდათ და ვმეგობრობდით. მისი უახლოესი მეგობარი კი ქუთაისის რაიკომის მაშინდელი მდივანი სოლიკო ხაბეიშვილი იყო.

მაშინ "ტორპედოს" მშვენიერი გუნდი, უნიჭიერესი ფეხბურთელები ჰყავდა. მაგალითად, ჯემალ ხერხაძე, რომელიც ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ "დინამოში" პრინციპულად არ მიდიოდა, ქუთაისს ვერ ვუღალატებო. გუნდი სულ პირველ-მეორე ადგილებზე მიდიოდა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით.

მაგრამ სეზონი დასრულდა, ბუცები ჩამოვკიდე და ფეხბურთიდან საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით გამაცილეს. "დინამოს" ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მსურს. ამის მიუხედავად, ეს გუნდი ჩემი ცხოვრება იყო და დღემდე ასეა.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 13 /
როცა დავინახავდი ხურცილავას მინდორზე ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა,რომ ჩვენ კარში ბურთს ვერავინ გაიტანდა,რამდენი თამაში გაქვს გადარჩენილი,როგორც დინამოში ისე ნაკრებში,ერთი დიდი სიამოვნება იყო თქვენითანმაშის ყურება,ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ბატონო მურთაზ!
nikolozi
22:33 08-03-2016
0
ეეჰ,რას დაგვხატავდა ერთი ასეთი ტანკივით მცველი ქართველებს!......
levani kaxeti
21:29 08-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული