ვასილი უტკინის ბლოგი: მე მოგიყვებით დავით ყიფიანზე

AutoSharing Option
პოპულარულმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გამოაქვეყნა ბლოგი ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანზე, რომელსაც მცირე ცვლილებებით გთავაზობთ.

* * *
თქვენ ხომ არ გინახავთ ყიფიანი, არათუ ფეხბურთელობისას, არამედ საერთოდ. ამიტომ მე მოგიყვებით მასზე. მქონდა ბედნიერება, მისი ფეხბურთელობის ეპოქაში მეცხოვრა, შემდეგ კი პირადადაც გავიცანი. ის კი დიდად არც იცვლებოდა.

81 წელი იყო მისი საუკეთესო წელი - თასების მფლობელთა თასი, დიდი ტურნირი. 82-ში ის არ აიყვანეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში და არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა ზუსტად 4-ჯერ ასაკოვანი ვარ, ვიდრე მაშინ.
ამ ხნის განმავლობაში ენითაუწერელი სამწვრთნელო გადაწყვეტილებების გაგება ვისწავლე, მაგრამ რატომ ვერ წავიდა ყიფიანი ესპანეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემთვის ახლაც აუხსნელია.

ეს აუხსნელი იყო მაშინაც და ახლა, დროის გასვლის და გამოცდილების მიღების შემდეგაც. მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ.

ზოგჯერ ამბობენ, თამაშობს, როგორც სუნთქავსო - ცარიელი სიტყვებია. ჩემი აზრით, არ არის სუნთქვაში არაფერი ინდივიდუალური, სექსუალური. მე ვიტყოდი, თამაშობს, როგორც დადის. აი, მოძრაობაში არის რაღაც უნიკალური, მარტო შენთვის დამახასიათებელი, სტილიც და სექსიც. ყიფიანი სწორედ ასე თამაშობდა. ის შეიძლება პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს.

შეიძლება სიმელოტის გამო უწოდეს კიდევაც მას პროფესორი. არ იყო ის პროფესორი. პროფესორი კარიერაა, თანამდებობაა, ბოლოს და ბოლოს, პროფესორი ბევრია.

სულაც არ ვამბობ, რომ მას სხვა მეტსახელი მოუხდებოდა, ან რა საჭიროა მეტსახელი - ყიფიანი! განა ნიშნავს კიდევ სხვას?

შონ კონერის იერსახე (ჯეიმს ბონდის მერე) მას შეეფერება: მაღალი, ტანადი, ოდნავ მელოტი, ჭკვიანი თვალებით... სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის დაუმარცხებელია. ეს ყიფიანია და ცოტათი ბონდიც.

მეტჯერ მე ის არ მინახავს. თავიდანვე მსურდა მისი ნახვა, როგორც სახელის და არა როგორც ფეხბურთელის. ზუსტად 13 წლის მერე, რაც საბჭოთა ნაკრებში მე-13 ნომრით მოთამაშე ვიტალი დარასელია, რომელმაც 13 მაისს თასების თასზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, 13 დეკემბერს ახალთახალი მანქანით გადაიჩეხა. მე მითხრეს, რომ ყიფიანს ვეღარ ვნახავდი - ის თურმე იძებნება, სადღაც კვიპროსშია და როგორც კი იქაურობას დატოვებს, ინტერპოლი დააპატიმრებს, იმიტომ, რომ ის კანონიერი ქურდია.

გულუბრყვილო დროება იყო... ასეთი სისულელეები სერიოზული გარჩევის თემა იყო. უფრო სწორად, ასეთი მონაჩმახების სერიოზულად სჯეროდათ. რეალობა პარალელებს ეძებდა მაშინდელი "ბოევიკების" ეპიზოდებთან და ვისთვის მიემგვანებინათ ყიფიანი? აბა, მზვერავისთვის ხომ არა!

ამის მერე მან "შინიკი" ჩაიბარა. დიახ, ინტერპოლისგან დასამალავად უკეთეს ადგილს "ვერ მონახავ". მე არ შევმცდარვარ ყიფიანში - მითი ცხოვრობდა მითის ცხოვრებით, ყიფიანი რჩებოდა ყიფიანად.

ის თავისი მაღალი შუბლით ფარავდა ეკრანს, დინჯად პასუხობდა მოდებილო კითხვებს - ჩვენ ერთმანეთს НТВ-ს სტუდიაში შევხვდით, გადაცემა "საფეხბურთო კლუბისთვის" მზადებისას, სასტუმრო "როსიაში", სადაც მაშინ ყველა ტელევიზიის ოფისი იყო განლაგებული და რომლის პირველი გამოსარჩევი ის იყო, რომ უკან კრემლი მოჩანდა. იქ, ფანჯარასთან სხდებოდნენ ჩვენი სტუმრებიც. იჯდა ყველა, მაგრამ ამას ყურადღება მხოლოდ დავითმა მიაქცია - არასოდეს ვმჯდარვარ ფანჯრის რაფაზე, თანაც, როცა ზურგსუკან კრემლიაო.

მაშინ მან სარეკლამო პაუზისას დელიკატურად "მომტეხა". 26 წლის ვიყავი და კრუიფის, ლინეკერის, სხვების გამონათქვამებით ვცოცხლობდი და რა თქმა უნდა, ხანდახან სისულელეებსაც ვამბობდი. "ვასია, თქვენ მე მისმენთ? რას ამბობთ, ვასია..." შემდეგ კი ამიხსნა, რაში არ ვიყავი მართალი. ეთერში - მთელი ქვეყნის გასაგონად არაფერი უთქვამს.

რა სირცხვილია, გამოჩნდე იდიოტად ყიფიანის ფონზე. ეს ძალიან ბევრ საუკეთესოს განუცდია, ასე მაინც მოვხვდი მათ რიგებში.

ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს სუფრასთან შევხვდით, მგონი, ვლადიკავკაზში. ვუყურებდი, როგორ მეფობდა ის სუფრასთან. ერთ რამეს იტყოდა და ყველა გაისუსებოდა. მისი გამომეტყველება თითქმის არ იცვლებოდა, მხოლოდ ნახევრად გაღიმება და თვალების შეუმჩნეველი თამაში.

ჰყვება ანეკდოტად - "რა მოგაქვთ? ოქრო! მთელი ბარგი შეამოწმეს - სამი წიგნია. რას ხუმრობთ, ახალგაზრდავ. როგორ გეკადრებათ, შეიძლება ვინმესთვის მაკულატურაა, ჩემთვის ეს ოქროა". ხუმრობა - ისე რა, მაგრამ ის ამჩნევს სკეპტიკურ ღიმილს და აყოლებს: "ბიჭებო, სინამდვილეში ანგორის ბეწვეული მოგვქონდა და ყურადღების გაფანტვა მინდოდა".

ის თამაშობდა, როგორც დადიოდა; თამაშობდა, როგორც ლაპარაკობდა; თამაშობდა, როგორც სვამდა. მე ვიჯექი სუფრასთან, რომელიც ყიფიანს მიჰყავდა...

ბოლოსკენ მან მოჰყვა საოცარი და უცნაური ისტორია, რომელიც ძალიან ცხოვრებისეული იყო. ზუსტად მახსოვს და ამიტომ გავთამამდები და პირველ პირში მოვყვები.

"ერთხელ ახალკაცი გაუშვეს. მას ხომ ხანდახან უშვებდნენ. ყველა ხედავს, გუნდი თამაშობს - ესე იგი, უმწვრთნელოდაც ითამაშებს.

მოიყვანეს ახალი მწვრთნელი, ჩვენ მას ვიცნობდით ფედერაციიდან. ვუყურებთ მშიერი თვალებით. ამბობს: დისციპლინა უნდა ავამაღლო, თავად შეგამოწმებთ. ხუთშაბათიდან ყველანი ბაზაზე! კარანტინი. ვინც არ დაემორჩილება - გაირიცხება.

და ამ დროს ყველამ იცის, რომ ხუთშაბათს თბილისში ჩვენს მეგობარს ქორწილი აქვს და ყველანი იქ იქნებიან".

ყიფიანმა ღვინო მოსვა, სუფრასთან სიჩუმეა.

"ჩვენც კი ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამიტომ ღამის ორ საათზე, ერთი-ორი ჭიქის დალევის შემდეგ დიღომში ვბრუნდებით. ერთგან გასაძრომია და იქ შევდივართ: მე, ჩივაძე, ვიტალიკი, ოთარ გაბელია, ვოვა გუცაევი. ახალი მწვრთნელი იქვეა - გველოდა".

ყიფიანი ისევ სვამს ბოკლიდან, სრული სიჩუმეა.

- რა მოხდა მერე?

ყიფიანი იღიმის.

- იცი, ვასია, მას ხომ არ შეეძლო ჩვენი გაგდება ან რატომ უნდა გავეგდეთ? ის ერთ თვეში მოხსნეს, ამ ამბავმა გადაიყოლა.

- ანუ დავიდ დავიდოვიჩ, მთავარი ფეხბურთელებია, ესაა ამ ისტორიის მორალი?

ყიფიანმა კიდევ მოსვა. როგორც ჩანს, სუფრასთან მხოლოდ ერთი იდიოტი აღმოვჩნდი.

- ვასია, იცი? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მეორე მწვრთნელი.

ყველა მე დამცინოდა, ყიფიანმა კი შემომთავაზა, გავიდეთ, მოვწიოთო. მოწევა მაგიდასთანაც შეიძლებოდა, თანაც არ ვეწეოდი. გარეთ რაღაც სისულელეზე ვილაპარაკეთ. ყიფიანს ეგონა, გულზე მომხვდა ის დაცინვა და სიტუაციიდან ჩემი გამოყვანა სურდა. აი, ასეთ რამეს "მეორე მწვრთნელი" ხომ ვერასოდეს შეძლებდა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ დარასელია 30 წლის წინათ დაიღუპა. დავით ყიფიანიც ავარიით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, წამებით ადრე გული გაუჩერდა. გუშინ კი მე და ჩემი მეგობრები "საფეხბურთო კლუბში": დიმა სავინი, ვანია ხმელნიცკი, მიხაილ მელნიკოვი ჩვენი სერიალის მორიგ ფილმს ვაკეთებდით დიდ გუნდ თბილისის "დინამოზე".

მე უნდა წამეყვანა და ვერ შევძელი. არადა, მასალები ძალიან კარგი იყო და შესანიშნავი გადაცემა გამოდიოდა. გული დამწყდა.

დღეს გამეორებას ვუყურე - თბილისის "დინამოზე" სიუჟეტი ასრულებს გადაცემას - პირდაპირ გეუბნებით, ბედნიერებაა, რომ მე არ წამიყვანია გადაცემა. უბრალოდ, ამის მერე ვეღარ ვილაპარაკებდი. კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ თამაშობდნენ ისინი, როგორი იყო ყიფიანი...

ბიჭებო, ზიკო უბრალოდ დაისვენებდა, მარადონა ალბათ ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისდიოდა ეს პასები; სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა...

ყიფიანი კი იქ, უბრალოდ, არ იყო. ეს ახლა ძალიან იოლი წარმოსადგენია, ის ხომ არც ახლა არის, აღარ არის...

იხილეთ ვიდეო
ვასილი უტკინმა ბარსელონა თბილისის დინამოს შეადარა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 79 /
ყველამ კარგად იცის ტაშკენტში დატრიალებული უბედურება. დაიღუპება მთელი გუნდი და შეაკოწიწეს ახალი გუნდი სხვადასხვა ფეხბურთელებისგან. პირველი თამაში ფრე მოსკოვის სპარტაკთან, მეორე წაგება ერევანში და მესამე თამაში ტაშკენტში თბილისის დინამოსთან. ჩვენებს ჰაერივით სჭირდება ქულები. პირველი ტაიმი დინამო იგებს, შესვენებაზე დათო ყიფიანმა ბიჭებს უთხრა ჩვენ ამ თამაშს ვერ მოვიგებთ, არ გვაქვს უფლება. მოდი გავიხსენოთ ამ მაყურებელს ძველი გუნდი და დინამომ ის თამაში წააგო. მთელი სტადიონი ფეხზე დაუდგა თბილისის დინამოს, ოვაციები არ წყდებოდა!
აი, ასეთი ადამიანი იყო დათო ყიფიანი
გიორგი ადამია
05 თებერვალი 2023 21:45
0
რა არის ფეხბურთი?
მეტყვით სპორტის სახეობააო ხომ?
ყიფიანმა კი, სპორტის ეს სახეობა სიმფონიის დონეზე აიყვანა,, მისი თამაში იყო დირიჟორის ხელმძღვანელობა ორკესტრთან, თან რა ორკესტრთან დარასელია, გუცაევი, შენგელია, დიდებული სოლისტების არაჩვეულებრივი დირიჟორი. რა ზიკო? რის პასარელა, ყიფიანს თითქოს ერთგული ძაღლი, ერთმანეთს ისე ეფერებოდნენ, ვისაც არ უნახავს მისი თამასები, მას ფეხბურთში სასწაული არ უნახავს. მე ბედნიერი ვარ, რომ მტელი მისი კარიერა მაქვს ნანახი, 81 ში 18 წლის ვიყავი,. როცა ყიფიანმა დაანება თამაშს, მას მერე მეც დავანებე ფეხბურთის ყურებას თავი და ეხლა სიბერეში თუ ვუყურებ რაღაც მომენტებს, მას მერე ფეხბურთის ყურებით ვერ ვსიამოვნებ და მომკალით, რაღაც ეპიზოდები ბარსა რეალის ან რომელიმე შემტევ სტილის მოთამაშე გუნდები კი მომწონს, მაგრამ მთლიანობაში ნერვები არ მყოფნის რომ ვუყურო, აი ბატონებო, ესეთი იყო დავით ყიფიანის ფეხბურთი. განუმმეორებელი რბილი და ფანტასტიკური.
ვესტ ფემთან, ფეინორდთან, ლივერპულთან და ბევრ გუნდთან, ინტერი მავიწყდებოდა დათოს გოლით იქ მოუგეთ ინტერს 0..1 მოკლედ, მაშინდელ ევროპულ ფეხბურთს ანახეს, თუ რა არის ბურთით დადგმული კლასიკა და ამის შემოქმედი იყო გუნდი, რომლის დირიჟორი იყო დავით ყიფიანი !!! .
მადლობა იმ თაობას, მადლობა ახალკაცს გენიალურ მწვრთნელს და პიროვნებას.
კ ო მ ბ ლ ე
12 თებერვალი 2022 03:53
1
ორმოცი წელი გავიდა და გუშინდელი დღესავით მახსოვს ის შეგრძნება, ყიფო რომ ბურთს მიიღებდა - გადაჭედილ ტრიბუნებს რაღაც ქარივით გადაუქროლებდა, სუნთქვაშეკრული ელოდი რაღაც სასწაულს და ათიდან ცხრაჯერ ეს საწაული ხდებოდა! 7-8 წლის ვიყავი, დათო რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს და მაშინ გავიგე ჩემს ოჯახში პირველად გინება:). გარინჩას საფლავს სასაწაული რამ აწერია - ხალხის სიხარული. ამაზე დიდი დაფასება წარმოუდგენელია. ყიფო ქართველი ერის სიხარული იყო, მადლობა მას...
geno
07 თებერვალი 2022 09:40
0
მეც მყავს ნანახი დავით ყიფიანი. სუფრასთან მის წინ ვიჯექი. ნამდვილად ასეთი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული
ლეგენდა
06 თებერვალი 2022 00:35
1
სკეპტიკოსს მინდა ვუთხრა, რომ საბაჟო იყო და საკმაოდ უნამუსო. მე ერთხელ 3–კილოგრამიანი ტუმბო უფასოდ არ წამომაღებინეს მოსკოვიდან. საბაჟო იყო ასევე თბილისის ვაგზალზე – ჩემი მეზობელი მუშაობდა, რცხვენოდა. მაშინ ასეთ დაწესებულებებში მუშაობა პრესტიჟულად არ ითვლებოდა.
ფ. ტ.
05 თებერვალი 2022 21:19
0
ბუნდოვნად მახსოვს.6-7 წლის ვარ და ბიძაჩემმა წამიყვანა სტადიონზე.დინამო თბილისი ეთამაშებოდა ფოთის კოლხეთს.პირველი თამაში იყო დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში.ბიძა "ვიღაც" უცხო კაცთან მივიდა.ერთმანეთი მოიკითხეს,თბილად ისაუბრეს და ამ კაცმა 2 ბილეთი გვაჩუქა.დათო იყო ყიფიანი ის " ვიღაც"... ის ორი ბილეთი ეხლაც გვაქვს როგორც რელიქვია
ჯელა
05 თებერვალი 2022 18:38
1
ჰო, როგორც უკუღმართად ჩატარდა ეგ მატჩი (პირველი ეროვნულის პირველი გოლი ავტოგოლი იყო და ამ ავტოგოლით, 0;1 წააგო დინამომ (იბერიამ)), ასე უკუღმართად მიდის დღემდე - 30 წელია ქართული ფეხბურთი...
ლევან
06 თებერვალი 2022 02:59
1
მეც ვიყავი მაგ მატჩზე...ოღონდ დინამოს მაშინ იბერია ერქვა
mirosan
05 თებერვალი 2022 21:10
0
ღმერთო, რა წლები იყო. დინამოს თითოეული თამაშის დღე კი არა, ამ დღის მოლოდინიც კი ზეიმი იყო ჩვენთვის.
მიშა
05 თებერვალი 2022 17:11
0
ყიფიანი დიდ ფეხბურთელთან ერთად უდიდესი პიროვნებაც იყო, რომელსაც სხვათაშორის უდიდეს პატივს სცემდნენ მიდი პლეადის რუსი ფეხბურთელებიც. ერთი ისტორია მახსენდება ადრე წაკითხული....
ყიფიანი მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა თურმე... გვიანი რეისი ყოფილა, შუაღამის... ვიღაც ქართველი მისულა ყიფიანთან ტირილით, მიშველეთ ბატონო დავით, რაღაც საქონელი მიმაქვს თბილისში და აეროპორტის საბაჟოზე გაუჩერებბიათ...მოკლედ 3000 მანეთს თხოვდნენ თურმე... ყიფიანი შეწუხებულა, არ ქონდა მაგდენი ფული..( 3 ათასი მანეთი მაშინ კაი გვარიანი თანხა იყო) ამდგარა და ღამის სამ საათზე დასაევთან დაურეკავს...დასაევიც ვეტერანი იყო მარა კაი გაჩითული ყოფილა ბიზნესში. რინატ შენი დახმარება მჭირდება ასე და ასეო. სად ხარო პირდაპირ უკითხავს დასაევს და ნახევარ საათში ფულით მისულა აეროპორტში... თან ვიღაც ახლობელი ხლებია... ყიფოს მადლობა გადაუხდია და უკან რო ბრუნდებოდა დასაევი, მის თანამგზავრს უკითხია - კი მარა ვინ იყო ეგეთი, ღამის სამ საათზე რო ადექი და აეროპორტში მიასკდიო.... დასაევს გაკვირვებით შეუხედავს მისთვის - რას ამბობ თუ იცი, ეს ხო დავითიჩი იყოო....
ასე აფასებდნენ ჩვენს ყიფოს საიუზში...
mirosan
05 თებერვალი 2022 15:57
1
შენ აეროპორტში ნამყოფი არ ხარ გეტყობა...ან გვერდითი გასასვლელით აგიყვანეს პირდაპირ თვითმფრინავში
სკეპტიკოს-ს
05 თებერვალი 2022 21:12
0
ცრემლი მომადგა თვალზე ეს რა ისტორია გაიხსენე. როგორც მახსოვს ცოლმა ჰკითხა დასაევს ეგ ვინ დარეკაო
პ.ს სკეპტიკოსს დიდი მოკითხვა
ვანჩოპე
05 თებერვალი 2022 18:55
0
ყველა გამოხმაურება
ბარსამ რომ ლიგა მოიგო, მაშინ თქვა უტკინმა, ბარსელონა დინამოს სტოლში თამაშობსო, მოკლედ მაგარი ობიექტური და მაგარი კაცია უტკინი.......
სტალინი
05 თებერვალი 2022 15:38
1
დავით ყიფიანი...ლეგენდა...მას რომ ეთამაშა რეალში ან ბარსაში..სადაც ზიდანს შეიყვანდნენ სიმბოლურში..იქვე დათაც იქნებოდა...ასევე დიდი პიროვნება ...უტკინს მადლობა...მიუკერძოებისათვის..მითუმეტეს დღევანდელ რუსეთში...
Labirinti...
05 თებერვალი 2022 14:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული