ზვიად სიჭინავა: არ მინდა, ფედერაცია ავადმყოფის როლში დავტოვო

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" სტადიონზე ხალხმრავლობა იყო - ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები მე-19 საარჩევნო ყრილობის თარიღის დასადგენად შეიკრიბნენ. ეს იყო გუშინდელი სხდომის მთავარი საკითხი. მედია აღმასკომის სხდომაზე მხოლოდ 15 წუთით დაუშვეს და ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თავშივე გაამხილა ის ამბავი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ისედაც ყველამ იცოდა.

”ყრილობა 22 იანვარს გაიმართება, რასაც ჩვენი გაზეთები წერდნენ. ეტყობა, მედიას კარგი ინფორმატორები ჰყავს", - ბრძანა სიჭინავამ.

სხდომის დასაწყისში მან აღმასკომის წევრებს განუმარტა, თარიღი რა მოსაზრებებიდან გამომდინარე შეარჩია:

- ჩემი წინადადებაა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის
22 იანვარს გაიმართოს. ეროვნული ჩემპიონატის 2010-2011 წლების სეზონი 12 თებერვალს განახლდება. ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზება, რათა თავიდან ავიცილოთ იმ სახის პრობლემები, რასაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

9 თებერვალს კვიპროსზე ჩვენი ნაკრები 2011 წლის პირველ ამხანაგურ მატჩს სომხეთთან გამართავს. მატჩისწინა შეკრებისა და უშუალოდ მატჩის ორგანიზება ფედერაციამ მაღალ დონეზე უნდა უზრუნველყოს.

მარტში დაგეგმილია უეფას პრეზიდენტის არჩევნები. ამ დროისთვის მოწესრიგებული და დალაგებული უნდა იყოს მათ შორის ჩვენი ფედერაციისა და ქართული საფეხბურთო წრეების ურთიერთობები.

2011 წლის მაისში კი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი. ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის უფლების მქონე პირის ვინაობა წინასწარ გაირკვეს.

მარტში ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან და ისრაელთან ორი ურთულესი მატჩი ელის. ფედერაციამ გუნდს სრულფასოვანი მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რათა ამ ორ მატჩში ნაკრებმა სასურველ შედეგებს მიაღწიოს.

მარტში საფრანგეთში 17-წლამდელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებია დაგეგმილი, რომელშიც კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მონაწილეობს. ელიტრაუნდამდე ნაკრებს შეკრებებისა და ამხანაგური მატჩების ორგანიზება სჭირდება. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ფედერაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარის დახმარება დაუმტკიცდეს, რაც 2011 წელს სანაკრებო საქმიანობის დაფინანსებაზეა გათვლილი.

ფედერაციის წესდების შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განაცხადები გენერალურ სამდივნოში 2011 წლის 12 იანვრამდე უნდა წარადგინონ.

მერე რომ არ იყოს ლაპარაკი, რომ ვიღაცის დაწყებულ საქმეს აგრძელებენ, ყველას აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი. თუკი რაიმე პრეტენზია გაჩნდება, მზად ვართ, მოგისმინოთ.

არ მინდა, ფედერაცია ავადმყოფის როლში დავტოვო. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მე ჯერ კონსულტაციაც არავისთან გამივლია.


ნუ აგინებთ ფედერაციას და აღმასკომს!
მურად ანჯაფარიძე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ბატონო ზვიად, აჯობებს გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ, რადგან ჩვენც ჩამოვყალიბდებით, მხარი რომელ კანდიდატს დავუჭიროთ. თორემ მერე სხვა კანდიდატურაც გამოჩნდება და გამგებლებისა და პროკურორების ზარები ატყდება, ამა და ამ კანდიდატს დაუჭირეთ მხარიო".

მერე სხდომა დაიხურა და საკითხები სწრაფად განიხილეს - დაახლოებით 40 წუთში მედიისთვის პირველი განცხადება ანჯაფარიძემ გააკეთა:

- მოგმართავთ აღმასკომის წევრთა დავალებით. ბოლო თვეებში ტელევიზიებსა და პრესაში ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული გამოსვლები გახშირდა. რა თქმა უნდა, კრიტიკა ნორმალური ცხოვრების წესია და ჩვენ მას ვიღებთ. თუმცა ბოლო დროს აღმასკომის წევრთა მიმართ ისმის ზღვარგადასული და შეურაცხმყოფელი განცხადებები, თითქოს ყველა გადაწყვეტილებას მორჩილად, დაუფიქრებლად ვიღებთ. ასე ნამდვილად არ არის. აღმასკომზე ყველა საკითხი ობიექტურად განიხილება და გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით ვიღებთ.

ამიტომ ყველას ვთხოვ, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, თორემ ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. თუ ვინმეს სათქმელი აქვს, მობრძანდეს აღმასკომზე და მოიტანოს ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ყოველ ორშაბათს აღმასკომისა და ფედერაციის გინება კი ჩვენთვის მიუღებელია. ვფიქრობთ, აღმასკომი თავის მისიას შესაძლებლობის ფარგლებში ასრულებს და ეს ნათლად ჩანს იმ შედეგებიდან, რომლებსაც 2010 წელს მივაღწიეთ.

- დააკონკრეტეთ, ვის განცხადებებს გულისხმობთ?
- ბოლო გადაცემებში ითქვა, თითქოს აღმასკომის წევრები გადაწყვეტილებებს განსჯის გარეშე იღებენ და პრინციპულ საკითხებზე არ მსჯელობენ, რაც ძალიან მცდარი შეხედულებაა. ან რა წესია სიტყვა ”დაუნის" ხმარება? ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აღმასკომის წევრებს არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა ფეხბურთზე გული და არავისზე ნაკლებად მის წარმატებაზე არ ვზრუნავთ. უნდა გვიყვარდეს ქართული ფეხბურთი და არა ჩვენი თავი ქართულ ფეხბურთში.

- სიჭინავას გადაწყვეტილების დაჩქარებისკენ რატომ მოუწოდეთ?
- მე ელემენტარულად ის ვკითხე, სურს თუ არა, კვლავ გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი და მითხრა, რომ ზოგი საკითხის გარკვევის შემდეგ გაგვცემს პასუხს. ჩვენთვის უკეთესია, კანდიდატურა დროულად წამოაყენოს, რათა მოვასწროთ მსჯელობა, რომელი უფროა ქართული ფეხბურთისთვის მისაღები კანდიდატურა.


მადლობაც არ ვუთხრათო?
ზვიად სიჭინავა:
- წლის დასაწყისში სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს ფედერაციისთვის გამოსაყოფი 7 მილიონი ლარი. ახალი პრეზიდენტი უკეთ გადაწყვეტს, თანხები რა მიმართულებით გაანაწილოს. ხვალ ჩამოდის უეფას ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ მიფსუდი და ”ლოკომოტივის" სტადიონის დაფინანსებაზე ვილაპარაკებთ. თანხა ანგარიშზე უკვე 2011 წლისთვის უნდა დაგვერიცხოს.

- არჩევნებში თქვენს კანდიდატურას წამოაყენებთ?
- ჯერ არ ვიცი.

- ბატონო ზვიად, კონკურენტის გამოჩენაზე როგორი რეაქცია გექნებათ?
- იყოს ბევრი კანდიდატი. როგორც ამბობენ, ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია. ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელთაც ფედერაციაში არასდროს უმუშავიათ და ორგანიზაციის კარგად მართვის პრეტენზია აქვთ. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და დაალაგონ ვითარება. მე პრობლემა არ მაქვს, ყველაფერი ბიჭებმა გააკეთეს, ჩვენ კი, ეტყობა, უბრალოდ, ვიჯექით და ვუყურებდით, როგორ ვითარდებოდა ეროვნული ნაკრები.

მართალია, მე და გენერალურ მდივანს არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ მადლობას ქეცბაია და ფედერაციის თანამშრომლები მაინც იმსახურებენ. ეტყობა, ვალების გასტუმრება ბევრს საქმედ არ მიაჩნია. მე კი ვფიქრობ, რომ ფედერაციის თანამშრომელი სახლში მშიერი არ უნდა მიდიოდეს და ხელფასს დროულად იღებდეს. ბიზნესმენი ვარ და ვიცი, სხვაგვარად ფედერაცია ნორმალურად ვერ იმუშავებს.

- ფედერაციაში თქვენ მისვლამდეც ბევრი კანდიდატურა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარტო დარჩით.
- მაშინ ერთწლიან ვადაზე იყო ლაპარაკი და, ალბათ, მარტო ამიტომ დავრჩი. ოთხწლიანი ვადით, შეიძლება, ბევრი დაინტერესდეს. აქვე ვიტყვი, რომ დღეიდან არანაირ კომენტარს აღარ გავაკეთებ და ამ მიზნით ჩვენს პრესსამსახურს მიმართეთ.


სპონსორები არ არიანო?!
- ეროვნული ჩემპიონატის თაობაზე რა სიახლეებია?
- ამბობენ, ”ტორპედოს" გარდა საქმე არსად გააკეთაო. ეროვნული ჩემპიონატი რომ არ ჩაშლილიყო, ეროვნული ნაკრების ნაცვლად, ”მადნეულს" ბოლნისის ”სიონის" მიხედვა ვთხოვე. ამას დაუმატეთ თბილისის ”დინამოს" ახალი მეპატრონე - ესეც მესამე. ჯოზეფ კეი ”ოლიმპის" მართვაში აქტიურად ჩაერთო და რუსთავში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მოკლედ, პროცესი დაიწყო.

”კოლხეთთან" ხელშეკრულება გაფორმებულია და სპონსორი იანვრიდან ამოქმედდება. ყველა დანარჩენს პატრონი ჰყავს, პრობლემები მხოლოდ ”სამტრედიასა" და ”ბაიაშია". შევეცდები, მეორე წრის დაწყებამდე, ანუ 12 თებერვლამდე სპონსორი მათაც მოვუძებნო. ამ კლუბების პრობლემა მენეჯმენტია. 14 ფეხბურთელი რომ ჩაგყავს, დავიჯერო, ადგილობრივი სათადარიგოებშიც ვერ ხვდება? ან უმაღლესში გადასვლამდე არ უნდა იცოდე, რა ბიუჯეტი გაგაჩნია? ”სამტრედიაში" ჩასულებს 1000-1200 ლარს შეჰპირდნენ. არ სჯობს, ამდენი ადგილობრივს მისცე, რომელმაც ბოლო ტურში ორი გოლი გაიტანა?!

გაუგებარია, რატომ იღებს ხელმძღვანელი 2500 და 3000 ლარს? ფოთის ”კოლხეთის” ბიუჯეტი თუ 500 ათასი ლარია, 1,5-მილიონის მქონე გუნდივით არ უნდა იქცეოდე.

- სხვა საკითხებზე რა გადაწყდა?
- დაარსდა საფეხბურთო არბიტრაჟი, რომელიც ზეგიდან ამუშავდება. ბევრი სადავო საკითხია. ამიერიდან ყველაფერი კონტრაქტებით უნდა გადაწყდეს და ხელშეკრულება მხოლოდ ფარატინა ქაღალდად არ დარჩეს. ”პადიომნიც" ოფიციალურად უნდა დაფიქსირდეს.

- დებულებაში რა ცვლილება შეიტანეთ?
- ჩემპიონატსა და თასზე მიღებული ყვითელი ბარათები გაიმიჯნება. წითლის მიღების შემდეგ ფეხბურთელი შეხვედრას ყოველ მეორე ყვითელზე გამოტოვებს.

- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილი რა მიზნით მოგწერათ?
- მოგვმართეს თხოვნით, რომ ლანჩხუთის ”გურიასთვის" სახელის შეცვლის უფლება მიგვეცა, რადგან ძველი ”გურია" დააყადაღეს. თხოვნა ჯერ არ დაგვიკმაყოფილებია, რადგან იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ, ასეთი გადაწყვეტილება უეფას დებულებას ხომ არ ეწინააღმდეგება.

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო ცენტრ ”ადელის” წერილზე რას იტყვით?
- ორივემ გვთხოვა, რომ ლიცენზირების პროცესისგან გავათავისუფლოთ, რადგან მოყვარულთა გუნდები არიან. ლიცენზია მხოლოდ მაშინ დასჭირდებათ, უმაღლესში გადასვლას თუ დააპირებენ.


უფრო არა, ვიდრე კი
- საარჩევნო კამპანიას როდის იწყებთ?
- ვიღაცამ უნდა წარმადგინოს. მე კი არ ვთამაშობ, არჩევნებში მონაწილეობაზე ვამბობ უფრო არას, ვიდრე ჰოს. მეუბნებიან, თეატრში წადიო. დამიჯერეთ, იქ მე მელიან, წასასვლელიც მაქვს და მოვიდეს ის ხალხი, ვისაც ჩემზე მეტი შეუძლია. მაგრამ მათ რა გააკეთეს ფედერაციაში, იქ ხუთი-ექვსი წელი რომ იმუშავეს? მე კი ფედერაციას დავუმტკიცე აგრარული უნივერსიტეტის ბაზა და ”ლოკომოტივის" სტადიონი.

შესაძლო მოწინააღმდეგეებზე გართულება არ მაქვს, არც ფედერაციის დატოვებაზე, რადგან დამრჩა ბიზნესი და მელოდება ერთი მეგრული ოჯახი, სადაც ერთს შეაქვს და ყველა ჭამს. აქ ყოფნა ჩემთვის დოგმა არ არის. მაგრამ ისიც ვიცი, ეს ვის არ უნდა. უეფას პრეზიდენტი შეხვედრებზე მხოლოდ ჩვენს მაგიდასთან მოდის და გარკვევით ამბობს - ეს არის საუკეთესო ფედერაცია! რამდენი ევროპული ”ლოკომოტივია" იმავე დაფინანსების რიგში, მაგრამ მიფსუდი მხოლოდ ჩვენთან ჩამოდის. ამ სტადიონზე არ მუშაობდნენ, რატომ ვერ გადასცეს ”ლოკომოტივი" ფედერაციას? სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ ყველა სტადიონი ფედერაციას უნდა ეკუთვნოდეს, ასე უფრო ეფექტურად ვმართავთ.

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ყველას ვურჩევდი, დაამყარონ სახელმწიფოსთან საქმიანი ურთიერთობა, რადგან ამით ფეხბურთი მოიგებს. როდესაც პროფლიგას გაუჭირდა, მსაჯების დავალიანება სახელმწიფომ გაისტუმრა. სახელმწიფომ გადმოგვცა ”ლოკომოტივიც". ხელისუფლების დახმარებით მალე დავასრულებთ იმ პროგრამას, რომელიც წინა ფედერაციას უნდა დაესრულებინა. ნაცვლად თვრამეტისა, მხოლოდ ოთხი აშენდა და ახლა დანარჩენს ვაკეთებთ. ”გოლი1", ”გოლი2" და ”გოლი3" პროგრამები ბოლომდე დასრულებული არ არის და თებერვლამდე გვაქვს შანსი, რომ ეს გავაკეთოთ. ფეხბურთის ფედერაციაშიც იგივეს ვსაქმიანობ, რასაც ბიზნესში - საჭიროა ფულის სწორი განაწილება და არა ჭამა. ჩემი ერთგვერდიანი პროგრამა არავის მოეწონა. იმედია, თავად დაწერენ 100-გვერდიანს და ყველას მოეწონება.

რეზო არველაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი:
- მიხარია, ზვიადის გვერდით რომ ვიმუშავე. ჩემთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუ მუშაობას ორივე ერთად გავაგრძელებთ. თუ კანდიდატურის წარმოდგენაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, გვერდში დავუდგები, რადგან ერთმანეთში მისხალი პრობლემა არ გვქონია.

- თუკი სიჭინავა კანდიდატურას არ წარმოადგენს, თქვენც წახვალთ?
არველაძეს სიჭინავამ ხუმრობით დაასწრო:
- რეზი იყო და იქნება ფედერაციაში, რადგან მისი გაშვება ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა.

რეზო არველაძე:
- მერწმუნეთ, ზვიადის კანდიდატურას მალე ძალიან ბევრი სუბიექტი წამოაყენებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 3 /
არ წახვიდე არააა.... დღეს 5 სააათზე ტორპდო სიონი ყველანი სტადიონზე
miriana
13:50 16-12-2010
0
აქ ყოფნა ჩემთვის დოგმა არ არის. მაგრამ ისიც ვიცი, ეს ვის არ უნდა. უეფას პრეზიდენტი შეხვედრებზე მხოლოდ ჩვენს მაგიდასთან მოდის და გარკვევით ამბობს - ეს არის საუკეთესო ფედერაცია!

დიდება ფედერეციას !!!! ვაშა !!!
otar
12:10 16-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული