ლუგანსკიდან ძლივს გამოვიქეცი... - ექსკლუზივი მიხეილ ფოცხვერიასთან

AutoSharing Option
ფეხბურთელებს სხვადასხვა ფაქტორის გამო აფასებენ. არიან ვარსკვლავები, რომლებიც საფეხბურთო სპექტაკლების გამო აიყვანეს ცაში. არიან ისეთებიც, რომლებმაც, თამაშთან ერთად, თავი გამორჩეული ქმედებებითაც დაგვამახსოვრეს. დღეს ერთ მათგანზე მოგითხრობთ.

1995 წელს 20 წლის თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერია ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" იჯარით ბრემენის "ვერდერის" დუბლებში გაუშვა, მაგრამ უკრაინელებმა დიდი ფული მოითხოვეს. უკან დაბრუნებული ფოცხვერია კი დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხა, სადაც ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი ახალი მისული იყო.

მალე ფოცხვერია დონეცკელთა ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი გახდა და ისე ათამაშდა, უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის ბომბარდირიც გახდა.

მაშინ ნიჭიერ თავდამსხმელზე დიდი მოთხოვნა
იყო: ფოცხვერიას უკრაინისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები იწვევდნენ. რუსეთში (ნოვოსიბირსკის ოლქის სოფელ კურუნდუსში) დაბადებულმა და უკრაინაში (ლუგანსკში) გაზრდილმა ბიჭმა საქართველოში, კერძოდ - სამტრედიაში, მხოლოდ ბავშვობაში და ისიც სულ ორიოდე წელიწადს იცხოვრა და ქართულად ვერ ლაპარაკობდა - მხოლოდ ესმოდა.

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო - სისხლმა უყივლა, უკრაინულ-რუსულ სიკეთეებზე უარი თქვა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე დათანხმდა. ფოცხვერია ვერც "შახტარის" პრეზიდენტის ულტიმატუმმა შეაშინა - ან უკრაინის ახალგაზრდული და"შახტარის" ძირითადი შემადგენლობა, ან საქართველო და ჩვენთან დუბლებში თამაშიო. საბოლოოდ, გამწარებულმა ახმეტოვმა ფოცხვერიას კარიერა მართლაც დაასრულებინა, მიშამ კი საქართველო მაინც არაფერზე გაცვალა.

სამწუხაროდ, ტრავმებმა და არასწორმა მკურნალობამაც თავისი ქნა და უნიჭიერესმა თავდამსხმელმა 27 წლის ასაკში ბუცები ისე ჩამოჰკიდა ლურსმანზე, შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა.

როგორც თავად ამბობს, დღეს ნორმალურად სიარული უჭირს. ამის მიუხედავად, ფოცხვერიას არჩევანი არასოდეს უნანია და უკრაინულ სპორტულ გაზეთ "კომანდასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა: "მე, ქართველ კაცს, სხვა არჩევანი არც მქონდა, თორემ კარგად მესმოდა, რომ უკრაინასა და რუსეთს უფრო პერსპექტიული ნაკრებები ჰყავდათ, ვიდრე - საქართველოს".

ორიოდე დღის წინათ ფოცხვერია თბილისში ჩამოვიდა. მას ძალიან უჭირს: ხუთი შვილის მამას არც სახსარი აქვს და თან ლუგანსკში სახლიც დაკარგა, მაგრამ ამასაც აღარ ჩივის, რადგან სამთვიანი მცდელობის შემდეგ ლუგანსკიდან გამოქცევა მოახერხა. საქართველოში კი იმის იმედად დაბრუნდა, რომ ცხოვრებას თავიდან აიწყობს...

ისე, ბევრ ფეხბურთელს გავიხსენებთ, რომლებიც ქართულად "სხლავენ", მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, სამშობლო ქართულის არმცოდნე ფოცხვერიასავით რომ უყვარს. ის უკრაინაში კი ცხოვრობდა, მაგრამ გული მუდამ საქართველოსკენ მოუწევდა. მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ სულით და გულით ქართველია.

ვფიქრობთ, ახლა მაინც უნდა გადაუხადოს საქართველომ მას მადლობა, 5 შვილის მამა დაასაქმოს და ბინით უზრუნველყოს. საქართველოსთვის შეწირული კარიერით ფოცხვერიამ ეს ნამდვილად დაიმსახურა.

მან "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...

- ერთი მხრივ, სამშობლოში თქვენი დაბრუნება გვიხარია; მეორე მხრივ კი, ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული...
- სხვათა შორის, საქართველოში დასახლებაზე უკრაინაში ომის დაწყებამდეც ვფიქრობდი, მაგრამ... ქართული ბავშვებმაც არ იციან, ისინი სკოლასა და ბაღში ლუგანსკში დადიოდნენ და ცხოვრებისეული წვრილმანები მაფერხებდა. ასეთ დროს სხვაგან გადასვლას პრობლემები ახლავს. მაგრამ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ ჩემი გაწყვეტილება დააჩქარა.

- საქართველოში დასაქმებას შეგპირდნენ?
- ორი დღეა, რაც ჩამოვედი და ჯერ სამსახურზე არავისთან მილაპარაკია. თუ აქ სამუშაოს მოვძებნი, ოჯახსაც ჩამოვიყვან და მშობლებსაც. მეგობრებს, ნაცნობებს ვნახავ და იმედია, უსაქმოდ არ დავრჩები.

ფეხბურთის გარდა, არაფერი ვიცი და ჩემს თავს ისევ ამ სფეროში ვხედავ.

- როგორც ვიცით, კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სკოლაში მუშაობდით...
- სამი წლის განმავლობაში მე და ვოვა ჩერქეზოვი რეგიონალლიგაში გავარდნილ ლუგანსკის "ზარიაში" მენეჯერები ვიყავით და გუნდი პირველ ლიგაში გადავიყვანეთ. მერე კი კერძო სამენეჯერო სააგენტოში ვმუშაობდი, შემდეგ "ზარიას" სელექციონერად დამნიშნეს - საინტერესო და ცოცხალი საქმე იყო. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გუნდი ზაპოროჟიეში გადავიდა, შტატები შეამცირეს და უმუშევარი დავრჩი.

მერე ქალაქის დაბომბვაც დაიწყო და ბოლო თვეებში, ფაქტობრივად, საშინელებათა ფილმის მონაწილე გავხდი. ამის თავიდან ამოგდება შეუძლებელია.

- მართალია, რომ ლუგანსკიდან გამოქცევა მოგიხდათ?
- აბა, სხვანაირად როგორ ჩამოვიდოდი? იქ ნამდვილი ომია, ქალაქი ალყაშია და ყველა მხრიდან გვბომბავდნენ.

არც შუქი გვქონდა, არც საჭმელი, არც სასმელი... ზაფხულში კიდევ რა გვიჭირდა, ვაშლი და ქლიავი იყო და ამით ვიკვებებოდით, მაგრამ დადგა ზამთარი და... ხალხს უკიდურესად გაუჭირდა. ზოგიერთი პროდუქტს იმარაგებდა, მაგრამ როდემდე ეყოფოდათ? თუკი ვინმეს ფქვილი ჰქონდა, წყალს ურევდა და ოჯახს ამით კვებავდა.

მერე ჰუმანიტარული დახმარებები შემოვიდა, მაგრამ იმასაც მოხუცებსა და ბავშვებს ურიგებდნენ, დანარჩენს სამხედროები იტოვებდნენ.

ვიმალებოდით, რადგან ამბოხებულები ახალგაზრდას რომ დაინახავდნენ, ჯარში მიჰყავდათ. მე კი სროლა და კაცისკვლა არ მსურდა. ამიტომაც გამოსვლა ჭირდა, მაგრამ "ხვრელები" მაინც გამოინახა და ვინც ფულს გადაიხდიდა, მოხუცები, ქალები და ბავშვები ტყის ბილიკებით გამოჰყავდათ. საბედნიეროდ, ეს მეც შევძელი და ამოვისუნთქე. ოჯახი დროებით ზაპოროჟიეში გადავიყვანე, მე კი საქართველოში ჩამოვედი და აქ მუშაობის დაწყებას ვაპირებ. იმედია, მეგობრები დამეხმარებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
კველაზე კარგი იქნება საქველმოქმედო მატჩი რომ ჩაატარონ,შეიკრიბონ ძველი ტაობა და ერთი მატჩი ითამაშონ, გაივსება სტადიონი,მაგ. მიხეილ მესხი. ხომ ეტევა 25000 კაცი ბილეთის ფასი 5 ლარი და ქარტველი ხალხისგან ბინა ფოცხვერიას. ალალია ამ კაცზე ბიჩებო!
Erekle
22 იანვარი 2015 21:13
0
კი, 97–ში იყო ეგ თამაში, 2:0 მოვიგეთ. ფოცხვერიას არ გაუტანია, მაგრამ მაგრად ითამაშა, თან ფრანჩესკო კოკოს სცემა. ეგ კოკო მერე სერიოზული ფეხბურთელი დადგა
მერაბი
22 იანვარი 2015 17:48
0
ამ საიტზე ხშირად შემოვდივარ მაგრამ რეგისტრაცია არასოდეს მიცდია მაგრამ მიშა ფოცხვერია ნაღდად ის კაცია რომელის გასაჭირს უკომენტაროდ ვერ დავტვებდი.ამ ბიჭის კოცობის აღწერას აღარც დავიწყებ ეს მთელმა საქართველომ კარგად იცის და ამას ზედმეტი კომეტირება აღარ ჭირდება.მინდა გთხოვოთ ჟურნალისტებს,ფეხბურთის ჩინოვნიკებს,ბიზნესმენებს,უბრლო ქართველებს ვისაც რა შეგვიძლია ამ კაცს გვერდში ამოვუდგეთ და ამ გასაჭირში არ მივატოვოთ.მიშა ფოცხვერია ამას ნამდვილად იმსახურებს!!!გაუკეთეთ ორგანიზება რაიმე ფონდს სადაც ნებისმიერ ექნება შესაძლებლობა თანხის ჩარიცხვის და დარწმუნებული ვარ 5 და 10 ლარს არც რიგითი ქართველი დაინანებს.ჩემზე გახარებული კაცი არ იქნება ერთი 3 თვის შემდეგ ამ კაცს სამადლობელი ეთქვას ქართველი კაცის მიმართ.
nika nikoladze
22 იანვარი 2015 17:43
0
მე პატარა ვიყავი და ამ ადამიანმა იტალიას მოუგო ზუსტათ არ მახსოვს მაგრამ ის კი ვიცი რომ მან გაიტანა მიხეილ ფოცხვერიამ და ცემა კიდეც იტალიელი იმ იტალიიდან რამოდენიმემ მსოფლიო მოიგო ჩვენც კარგი გუნდი გვყავდა ძალიან კარგი წარმატებები ღირსეულო ქართველო ყველაფერი კარგად იქნება
vaso
22 იანვარი 2015 17:05
0
საგონებელში რომ ვართ ფეხბურთის ფედერაცია ვინ უნდა მართოსო, აი ასეთმა ხალხმა, ამ კაცმა თავის დროზეც დაამტკიცა სამშობლოს სიყვარული, თანაც უანგაროთ, და ახლა როცა გაუჭირდა ჩვენ უნდა გავუწოდოთ ხელი, ვალდებულები ვართ. მაგრად ჩავჭიდოთ ამ კაცს ხელი და არსად გავუშვათ.
გია
22 იანვარი 2015 16:13
0
კაცი, რომელმაც თავის დროზე უარი არ თქვა ნაკრებში თამაშზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებიც ეპატიჟებოდნენ. ფედერაცია დაასაქმე ეს ადამიანი
geo
22 იანვარი 2015 15:40
0
კი ბატონო დავეხმარებით ღირსეული ადამიანია თან 5 შვილის მამა შექმქნით ფონდი და გაზეთიდან გვაცნობეთ სად ჩავურიცხოთ ფული
gio
22 იანვარი 2015 15:30
0
მაშინ, როდესაც საქართველო სავსეა "ყანწიანი პატრიოტებით", ამ ადამიანმა საქმით დაუმტკიცა თავის სამშობლოს ღირსეული შვილობა. ეხლა კი დროა სამშობლომ დაუფასოს თავის ღირსეულ შვილს მისდამი გაღებული მსხვერპლი.
მადლობა მიშა შენი ღირსეული ქართველობისთვის.
Shalva73
22 იანვარი 2015 15:20
0
სხვა "ნაქართველარი" ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, რომლებიც ყოველგვარი ტყუილ-სიმართლით რუსეთის სახელით ცდილობენ სხვდადსხვა ნაკრებებში დამკვიდრდნენ, ამ ადამინამა კაცობა შეინარჩუნა და სამშობლო ფულზე არ გაყიდა. ამ კაცს შველა ესაჭიროება და ყველას მოგიწოდებთ, ვისაც და როგორც ეს ხელგვეწიფება, დავეხმაროთ.
ok
22 იანვარი 2015 15:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული