ისტორია: "მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ"

AutoSharing Option
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი 25 წლისაა. 1990 წლის 15 თებერვალს, დამფუძნებელ ყრილობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთიან საბჭოურ სტრუქტურას გამოეყო და თავის გზას გაუყვა.

საიუბილეო თარიღი "ლელოს" წინა ნომერში წინსწრებით აღვნიშნეთ (იხილეთ ვრცლად). თუმცა 1990 წლის 15 თებერვალი არ არის თარიღი, რომელიც ერთი კონკრეტული დღით შემოიფარგლება. წინ გვაქვს 1990 წლის 30 მარტი - პირველი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩი (ამ მოვლენას, ცხადია, ცალკე გამოვეხმაურებით), რაც იყო გვირგვინი იმ წლის თებერვალ-მარტში განვითარებული მოვლენებისა...

მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ დამფუძნებელ ყრილობას, რომელზეც იყვნენ დამოუკიდებლობის მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც.

ყველაფერი ნოდარ ახალკაცის გამოსვლის შემდეგ შეიცვალა:

"დიდი საქმე მსხვერპლს ითხოვს... ამ გზას თუ ავირჩევთ, მერე უკან დახევა არ იქნება. თუ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები დღეს მხარს გვიჭერენ და დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ხვალ საწინააღმდეგო არ უნდა გვითხრან...

მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ფეხბურთის დონე დაეცემა. პირიქით იქნება. ყველას გასაგონად ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში ისეთი პოლიტიკური მდგომარეობაა (ექვს ქალაქში ტანკები დგანან), შეიძლება საკავშირო ჩემპიონატი ვერც დაამთავრონ...

მე მგონია, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ აქ, საქართველოში... ასეთნაირად დავამთავრებ: როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ; ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.

მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება".

დარბაზი ჯერ გაირინდა, შემდეგ კი ემოციებმა იხეთქა - ტაში დიდხანს არ წყდებოდა. მოწინააღმდეგეებმა ფარ-ხმალი დაყარეს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კიდევ ერთი წლით დარჩენა უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მხოლოდ 15 დელეგატი იყო წინააღმდეგი.

ამ წუთიდან ქართული ფეხბურთის ახალი ცხოვრება დაიწყო: ჩვენმა კლუბებმა უარი განაცხადეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს და დაბალ ლიგებში თამაშზე, 30 მარტს კი, როგორც ზემოთ ვთქვით, პირველი ეროვნული ჩემპიონატიც დაიწყო...

პირველად, საბჭოეთში...
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის საქართველო იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობის გზა აირჩია. 1992 წლის 25 თებერვალს ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, ხოლო 3 ივლისს, ციურიხში გამართულ კონგრესზე - სრულუფლებიან წევრადაც აღიარა.

უეფამაც გაგვაწევრიანა 1992 წლის მაისში, ოღონდ ჯერ დროებით წევრად, 1993 წლის 17 ივნისს კი ევროპული საფეხბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გავხდით.

საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო მატჩებს 1992 წლიდან ატარებენ, ხოლო ქართული კლუბები უეფას ტურნირებში 1993-94 წლების სეზონიდან მონაწილეობენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე 1998 წლის 25 იანვრამდე მოღვაწეობდა. იმავე წლის შემოდგომაზე კი მის მემკვიდრედ მერაბ ჟორდანია აირჩიეს. ჟორდანია 2005 წელს დააკავეს და, ფაქტობრივად, ძალით გადააყენეს. იმავე წელს ამ თანამდებობაზე ნოდარ ახალკაცი-უმცროსი აღზევდა.

2007 წლის 13 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებში, მას გიორგი ნემსაძემ აჯობა, მაგრამ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მას გადადგომა აიძულა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მეორე დილით ფედერაციაში მივიდა და გადადგომის განცხადება დაწერა. ასე მივიღეთ ერთდღიანი პრეზიდენტი.

4 დღის შემდეგ, 17 მაისს დანიშნულ არჩევნებზე პრეზიდენტი კვლავ ახალკაცი-უმცროსი გახდა, მაგრამ ნაკრების წარუმატებლობების გამო ის 2009 წელს გადადგა და რიგგარეშე ყრილობაზე გზა ზვიად სიჭინავას გაეხსნა.

2011 წლის 22 იანვარს, უკონკურენტოდ დარჩენილი სიჭინავა პოსტზე ხელმეორედ აირჩიეს.

ფეხბურთი, როგორც მოვლენა
მსოფლიოსა და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, ადამიანებზე, მათ გუნება-განწყობაზე ფეხბურთის გავლენა უდიდესია. გამოკვლევების თანახმად, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს 4,5 მილიარდმა ადამიანმა მიადევნა თვალი.

საქართველოს საკმაოდ ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, მაგრამ არასოდეს, არც ერთ წარმატებას იმხელა სიხარული არ მოუტანია ჩვენი ხალხისთვის, როგორიც 13 მაისის საღამოს და საფეხბურთო ნაკრების იშვიათ, მაგრამ ღირებულ გამარჯვებებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც 2003 წლის 30 აპრილს თბილისში რუსეთის ნაკრების დამარცხება იყო, როცა ხალხი ქუჩებში გამოეფინა...

ამიტომ გახდა უდიდესი მოვლენა 1990 წლის 15 თებერვალი. იყო დიდი იმედები, მაგრამ... მიზეზთა გამო ეს მოლოდინი არ გამართლდა. განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებში ფეხბურთი სასიამოვნო და შემოსავლიანი გართობაა, მაგრამ საქართველოში სურათი განსხვავებულია.

მაყურებლის დასწრების მხრივ, საქართველო საბჭოთა კავშირის პერიოდში მოწინავე იყო, ქართული კლუბები მოთამაშეებს იმავე საბჭოეთის მასშტაბით ლამის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, მაგრამ დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა - აღარც მაყურებელია და აღარც მაღალი ხელფასები...

პრობლემები
რატომ? ცხადია, ყველა მიზეზის ჩამოთვლა შეუძლებელია, ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილებთ. ქართული ფეხბურთის უკუსვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა. შემოსავლები სატელევიზიო უფლებებიდან, ბილეთებიდან, ევროტურნირებიდან, სპონსორებიდან და სხვა წყაროებიდან, რაც განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში მხოლოდ ოცნების სფეროა.

შემოსავლების არარსებობის გამო დაიშალა მრავალი კლუბი, ჩაიშალა ტელეპროექტები და... ერთ დღესაც აღარავის დასჭირდა პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

ცხადია, პრობლემები შეგვექმნა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის შედეგადაც, სადაც ყოველთვის იზრდებოდნენ ნიჭიერი თაობები.

მიზეზია მწირი ინფრასტრუქტურაც, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩემპიონატის დონეზეც. უხარისხო მოედანზე თამაშიც უხარისხოა, გუნდები ნორმალურ პირობებში ვერ ვარჯიშობენ.

სამწუხაროდ, უამრავი ვარსკვლავის გამზრდელ ქვეყანაში მაღალი დონის მოთამაშეებს ვეღარ ვზრდით. ფასიანმა სკოლებმა გაჭირვებულ ოჯახებს ფეხბურთისკენ გახედვის სურვილი მოუკლა. ფეხბურთიც ვეღარ არის მასობრივი მოვლენა: თუ საბჭოთა პერიოდში 45 ათასი ბავშვი იყო, ახლა მხოლოდ 12 ათასია. ცხადია, ეს ფეხბურთის დონეზე გავლენას ახდენს. ვინც დადის, მათ უმრავლესობასაც არ ეძლევა სრულყოფილი ვარჯიშისა და ზრდის საშუალება, რაც შემდგომ საერთო დონეზე უარყოფითად აისახება.

თუმცა ყველაფრის მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე გადაბრალებაც არასწორი იქნებოდა. ამის მაგალითად "დაკარგული თაობები" გამოდგება - რეალურად, ჩვენ ხომ ყველა თაობა დავკარგეთ...

ჩვენი ყოფის ტიპურ ნიმუშად ფიფას პროგრამა "გოლის" რეალიზაციის ტემპებიც გამოდგება. ამ პროგრამით, მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდებოდა ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი "ბასა", მშენებლობაზე დაიხარჯა მილიონები, მაგრამ 2002 წელს დაწყებული მშენებლობის მიუხედავად, ბაზას მხოლოდ 2011 წელს ეღირსა ნორმალური მოედნის საფარი. ამ დროის განმავლობაში "ბასა" თავის უშუალო მოვალეობის ნაცვლად, სასტუმროს ფუნქციას თუ ასრულებდა. ანუ "არაშენდას" აშენებას 9 წელი დასჭირდა.

არადა, 25 წელი დიდი დროა და ის მაინც შეიძლებოდა, რომ ასეთი დაქცეულები არ ვყოფილიყავით. და მთავარი - თავად ქართული ფეხბურთი როდემდე იქნება "არაშენდა"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ, ქართულ ფეხბურთს ძალიან აკლია ნოდარ ახალკაცი, უდავოდ დიდი პროფესიონალი იყო!
მანჩო
22:45 01-03-2015
0
შეუშვით ტვინში: თუ ხორვატიას, სერბეთს, ბოსნიას და საერთოდ ყოფილ იუგოსლავიას არა აქვთ კარგი ხარისხის ლიგები, საქართველოს რა მიზეზით უნდა ჰქონდეს??? უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობდით და უკეთესი საფეხბურთო სკოლა გვქონდა??? ელემენტარული ლოგიკის ამბავია! შეადარეთ, დადგით ფეხები მიწაზე, და რაც უფრო მალე, მით უკეთესი!
Zegna
19:35 16-02-2015
0

სიახლეები პოპულარული