გია გეგუჩაძე: ბოლო წლებში არასპორტული ერი გავხდით

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ყოფილ კლუბზე, თბილისის "დინამოსა" და ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

- რაც "ზესტაფონიდან" წახვედით, შეთავაზებები არ გქონიათ?
- ჯერჯერობით არანაირი წინადადება არ მიმიღია. სიმართლე გითხრათ, არც მეჩქარება. შემოთავაზების შემთხვევაში კარგად ავწონ-დავწონი ყველაფერს და თუ საინტერესო იქნება, დავთანხმდები.

- სტადიონზე გვინახავხართ, ესწრებით თამაშებს...
- ჩემი შვილები თამაშობენ "საბურთალოში" და მათ სანახავად დავდივარ ხოლმე. უფროსი ვაჟი 11 წლისაა, უმცროსი კი - რვის. ტელევიზორში ვუყურებ თამაშებს, საფეხბურთო ლიტერატურას ვკითხულობ. ასე რომ, ფეხბურთს ჩამოშორებული არ ვარ.

- "ზესტაფონში"
დარჩენა გამორიცხული იყო?
- მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩემი კლუბში დარჩენა არ იქნებოდა სწორი. წყენის მომენტი არ ყოფილა, პირიქით, "ზესტაფონს" მუდამ წარმატებას ვუსურვებ. სამწუხაროდ, მთლიანად ქართულ ფეხბურთშია ისეთი ვითარება, რომ სტაბილურობა არ არსებობს.

- საიდან უნდა დაიწყოს სტაბილურობის საფუძვლის ჩაყრა?
- კეთილი ნება უნდა არსებობდეს როგორც საფეხბურთო, ასევე არასაფეხბურთო წრეებიდან. ჯერ უნდა მოხდეს არსებული ვითარების ანალიზი, ანუ რა მდგომარეობაში ვართ და რა კუთხით რა გვჭირდება.

მუშაობის დაწყება კი სისტემურად უნდა მოხდეს. საჭიროა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფოს როლი აუცილებელია და სხვაგვარად ძნელია რაიმეს მიღწევა. ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ჩართულნი უნდა იყვნენ იურისტები, ფსიქოლოგები... რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.

ჩვენ ხშირად გვესმის, ინვესტორები ფეხბურთში ფულს არ დებენო. ასეც არის, მაგრამ რატომ არ დებენ, რატომ გაგვირბიან? ესე იგი, რაღაც მიზეზია, თორემ როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ხუთ ბიზნესმენს მაინც არ აინტერესებდეს ფეხბურთი?! სხვათა შორის, მხოლოდ ფეხბურთში არ ვხედავ მსგავს პრობლემებს. იგივეა სპორტის ბევრ სხვა სახეობაში და არა მარტო სპორტში, ხელოვნების დარგებშიც. უშუალოდ ეროვნულ ჩემპიონატს რაც შეეხება, ეტაპ-ეტაპ მაინც უნდა მივიდეთ კლუბების კერძო მფლობელობაში გადაყვანამდე.

- შეამჩნევდით, რომ ხალხის ინტერესმაც იკლო, ეზოში ხშირად აღარ თამაშობენ ფეხბურთს...
- ასეა. ბევრს ავიწყდება სოციალური თემა. ცხოვრებამ მოიტანა და ინტერესები შეიცვალა.

საქართველო ყოველთვის სპორტული ქვეყანა იყო, მაგრამ ვამჩნევ, რომ ბოლო წლებში არასპორტული ერი გავხდით. აქ, უპირველესად, ვგულისხმობ ბავშვებსა და მოზარდებს. აუცილებელია, რომ პროგრამაში ჩაიდოს სკოლებსა თუ კოლეჯებში მოზარდების სპორტით დაკავება.

პროპაგანდის მხრივაც ბევრი სამუშაოა. აბა, სხვაგვარად მთლიანად გადავერთეთ ასეთ მოსაზრებაზე: "ნიჭიერი ბიჭები გვყავს და მერე, 18-19 წლის ასაკში პროგრესს წყვეტენ".

- რატომ წყვეტენ ზრდას ამ ასაკში? მეტწილად რა არის მთავარი მიზეზი?
- ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს მენტალიტეტშია. ბევრს არ ჰყოფნის ნებისყოფა, შრომა ეზარება.

უდავოდ დიდი პრობლემაა ეკონომიკური ფაქტორი. ბევრი ოჯახი დამოკიდებულია თავის ფეხბურთელ შვილზე, თანხმდებიან პირველი დიდი ფულის აღებას, რასაც ხშირად კარიერა ეწირება.

საჭიროა, ახალგაზრდამ ეტაპობრივად გაიაროს გზა, ჯერ დუბლებში, შემდეგ უმაღლეს ლიგაში და მერე წავიდეს უცხოეთის გუნდში, თუკი ამის შესაძლებლობა და გაქანება ექნება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასე აღარ ხდება.

კახა კალაძე, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, კახა ცხადაძე, მურთაზ შელია და რომელი ერთი ჩამოვთვალო - ისინი კარგ კლუბებში მიდიოდნენ, სწორად წარმართეს კარიერა. როცა ახალგაზრდა ზრდას წყვეტს, ეს შემდეგ ეროვნულ ნაკრებზეც აისახება.

საიდან უნდა მოვიდეს ნაკრებში ფეხბურთელი, თუ მას ეტაპ-ეტაპ არ გაუვლია ის გზა, რაც უნდა გაევლო.

- 2004 წელს თბილისის "დინამოს" წვრთნიდით და გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანეთ. მაშინ თუ ამჩნევდით ხალხის ფეხბურთისკენ შემობრუნებას და ინტერესის გაზრდას?
- ჩვენ ველოდით, რომ "დინამოს" უეფას თასის ჯგუფში შესვლა გარდამტეხი იქნებოდა და ყველაფერი წინ წავიდოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

- ეროვნულ ნაკრებზეც: რას იტყვით კახა ცხადაძის მწვრთნელად დანიშვნაზე და რა სიახლეებს ელით ნაკრების თამაშში?
- მივესალმები ცხადაძის დანიშვნას და წარმატებას ვუსურვებ. ეროვნული ნაკრები ყოველთვის აღმატებული ცნებაა და ვისურვებდი, რომ გუნდმა ითამაშოს შემოქმედებითი, შემტევი ფეხბურთი. ის ფეხბურთი, რაც ქართველებს გვახასიათებდა.

მართალია, დღეს დაკარგულია ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, მაგრამ თუ ხარისხიან ფეხბურთს ითამაშებ, ხვალ მოიგებ - პერსპექტივა გექნება.

ავტორი: ილია ნანობაშვილი
წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთიერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელი
mosiniki
23:52 17-02-2015
0
Amas veubnebi hem hvils mtavaria etapebi,da hroma fulze ar ipikro jer
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული