ისტორიის შავი ლაქა: რა მოხდა 13 მაისის არჩევნებზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილის ზარმა გიორგი ნემსაძეს უკან დაახევინა
გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, 2007 წლის 13 მაისი მსოფლიოსთვის ერთი რიგითი დღე იყო, მაგრამ საქართველოსთვის მთელ ეპოქად იქცა. თუ 1981 წლის 13 მაისს ქართულმა ფეხბურთმა არნახული გამარჯვება მოიპოვა, 2007 წლის 13-მა მაისმა საშვილიშვილოდ მოგვჭრა თავი.

დღეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოვლენას, ფეხბურთის ფედერაციის 2007 წლის 13 მაისის არჩევნებს გავიხსენებთ.

წინაისტორია
მერაბ ჟორდანიას გადაყენების გამო დანიშნული, 2005 წლის ვადამდელი საფეხბურთო არჩევნები ახლოვდებოდა. ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა
ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის პოსტზე სიმპათია ნოდარ ახალკაცი-უმცროსის მიმართ საჯაროდ გამოხატა.

ვლადიმერ გუცაევმა, რევაზ არველაძემ და გიორგი ნემსაძემ ერთიმეორის მიყოლებით მოხსნეს კანდიდატურები და არჩევნებში ახალკაცმა უპრობლემოდ მოიპოვა 26-დან 25 ხმა. თავი მხოლოდ "თბილისის" წარმომადგენელმა მამუკა გუგეშაშვილმა შეიკავა - ამ შოუში მონაწილეობა არ მსურსო.

შემდეგი არჩევნები 2007 წლის 13 მაისს დაინიშნა. ახალკაცს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მისი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურაზე განსხვავებული მოსაზრება თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გაჩნდა. განსაკუთრებით, პარტიის იმდროინდელი გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე და ვალერი გიორგობიანი აქტიურობდნენ.

გიორგი ნემსაძე, რომელიც 2005 წელს განზე გასწიეს, რევანშზე ფიქრობდა. სწორედ ამ გათვლით გახდა "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრი, თუმცა პარტიაში არ შესულა.

კირკიტაძის გარდა, ნემსაძის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ აკაკი ბობოხიძე, მიხეილ მაჭავარიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ნამგალაური, აგრეთვე, იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც შემდეგ "ნაციონალებს" განუდგნენ, მათ შორის - თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი წევრი მიხეილ ქავთარაძე.

მაგრამ ნემსაძის მფარველებმა ვერ გათვალეს, ვის დაუპირისპირდნენ და ბოლომდე ეგონათ, რომ "ის" არჩევნებში არ ჩაერეოდა.

ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ მხოლოდ არჩევნების წინა ღამეს, 12 საათზე შეატყობინეს - პრეზიდენტი ახალკაცი უნდა გახდეს და ნემსაძე გაჩერდესო...

დაეძინა მას...
ნემსაძის მომხრეთა ნაწილმა ბრძოლა იმის იმედად გადაწყვიტა, რომ არჩეულ ნაკრების ექსკაპიტანს პრეზიდენტად აღიარებდნენ. მაშინდელი სამოქმედო გეგმა ნემსაძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გაგვიმხილა: "პირველი" გვიან იღვიძებდა, ყრილობა კი დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო და სანამ "ის" გაიღვიძებდა, არჩევნები მანამდე უნდა დაემთავრებინათ და ფაქტის წინაშე დაეყენებინათ.

ეს ოპერაცია გენიალურად განხორციელდა. ნემსაძის მხარე ყველაზე მიუღებელ წინადადებასაც კი იოლად თანხმდებოდა და მისი მხარდამჭერი გურიის რეგიონისთვის ხმის ჩამორთმევაც "გაატარა". საბოლოოდ, ნემსაძემ 19 ხმა მიიღო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტადაც აირჩიეს. ახალკაცმა სულ 13 ხმა მიიღო და გამარჯვებულს მოგება მიულოცა კიდეც.

სხვათა შორის, ყრილობის წინა დღეს სიტუაცია და ძალთა განაწილება იმდენად ნათელი იყო, რომ "ლელომ" ზუსტად იწინასწარმეტყველა ნემსაძის გამარჯვება - 19:13.

საპრესკონფერენციოდ გამზადებული ნემსაძე სასტუმროს იმ ნომერში შევიდა, რომელიც მისმა მომხრე "ნაციონალებმა" დაიქირავეს. იქ, დაახლოებით, ნახევარი საათი გაჩერდა და მერე მედიასთან კომენტარი გააკეთა, მაგრამ გამარჯვებულის სიხარულზე მეტად, სახეზე შეშფოთება ეწერა.

მიზეზი ერთი საათის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც დიღომში მდებარე მურთაზ შელიას რესტორან "მონოპოლში" გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილმა საფეხბურთო საზოგადოებამ შოკისმომგვრელი ამბავი შეიტყო: "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ოთხი წლით არჩეულმა ნემსაძემ ეს განცხადება გააკეთა:

"ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ ფედერაცია ერთ ოჯახად უნდა გავაერთიანოთ. ვაპირებ, რამდენიმე კვირაში მოვიწვიო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს".

Sportall.Ge
ფოტოზე: ნოდარ ახალკაცი-უმცროსი 2007 წლის 13 მაისიდან რამდენიმე დღეში ხელახლა გახდა სფფ-ის პრეზიდენტი
დიდი შავი ლაქა
რამ (თუ - ვინ?) აიძულა ნემსაძე, გადამდგარიყო? სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტის" საკონფერენციო დარბაზში მყოფმა ბევრმა ადამიანმა მერეღა გაიხსენა, ყრილობაზე აღმასკომის წევრის სტატუსით მყოფმა გოკა გაბაშვილმა ახალკაცის დამარცხება "უცნობ პირს" რომ შეატყობინა - "წავაგეთ!"

ამტკიცებენ, რომ "ქორთიარდიდან" ნემსაძე ვაკეში მდებარე "ფალავანთა კლუბში" წაიყვანეს და გარეთ არ უშვებდნენ, სანამ გადადგომაზე განცხადებას არ გააკეთებდა. დროის გაყვანის მცდელობამ არ გაამართლა - ნემსაძე ზეწოლითა და მუქარით იძულებული გახდა, 14 მაისის დილას ფეხბურთის ფედერაციაში მისულიყო და პოსტიდან გადადგომა წერილობითაც დაედასტურებინა - მხოლოდ სიტყვიერ განცხადებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა...

მას შემდეგ ზუსტად 8 წელია გასული. იმ მოვლენათა ცალკეული პერიპეტიები დღემდე გასაიდუმლოებული იყო, რადგან საზოგადოებაში არსებული არაერთი კითხვის მიუხედავად, არჩევნების მთავარი მოქმედი გმირები დუმდნენ.

მაგრამ მერე და მერე ბევრი რამ გახდა ცნობილი: ნემსაძემ დაადასტურა, რომ "ქორთიარდ მერიოტში" სააკაშვილმა დაურეკა და გადადგომა სთხოვა, მაგრამ ეს რომ ბრძანება იყო, ძნელი ასახსნელი არ არის.

მანამდე სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის გამო აზერბაიჯანი უეფადან და ფიფადან გარიცხეს, წევრობა კი მხოლოდ მას შემდეგ აღუდგინეს, როცა ამ ქვეყნის ხელისუფლებამ უკან დაიხია.

ბევრი ფიქრობდა, რომ სკანდალური არჩევნების გამო მსგავსი სანქცია ქართულ ფეხბურთსაც არ ასცდებოდა. იმ დღეებში ამ საკითხმა საქართველოში ყველა პოლიტიკური თემა გადაწონა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნემსაძე გაჩუმდა, საფრთხეც იყო - ქართულ ფეხბურთს ის სანქციები აარიდა, რაც მას მძიმე დარტყმას მიაყენებდა.

ცხადია, გაცილებით მძიმე მიზეზებიც იყო, რაც ნემსაძემ წლების შემდეგ გაამხილა: მისი მომხრე დელეგატები სამ-სამი დღით გამომძიებლებთან აყურყუტეს - ალბათ, ქართული დემოკრატიის წინსვლაზე ლექციების მოსასმენად...

ერთი სატელეფონო ზარი
მიხეილ ქავთარაძე თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდათ, 2008 წლის 25 დეკემბრიდან კი - უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე. 13 მაისის არჩევნებში ის ნემსაძის მხარდამჭერ სახელისუფლებო ჯგუფს განეკუთვნებოდა და მაშინდელ კულუარებში კარგად ერკვეოდა.

ქავთარაძე ყოფილი ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევაზე ღიად ილაპარაკა:

"კანონიერად არჩეული გიორგი ნემსაძე პრეზიდენტმა ერთი სატელეფონო ზარით გადააყენა. იყო მუქარა მის ახლობლებზე, სააკაშვილი გამწარებული ყვიროდა - დაიჭირეთ, ვინც ნემსაძეს ეხმარებოდაო, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებმა გააჩერეს.

ეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება და უსამართლობა. ჩემს ყოფილ გუნდზე პირველად გული სწორედ მაშინ ამიცრუვდა".

"არჩევნების შემდეგ უკანონობებს ვამხელდი. გამარჯვებული ნემსაძის მომხრეები დააშინეს. არჩევნებამდე ჩემზეც იყო მუქარები, დაშინების მცდელობა და გარკვეული დროის შემდეგ, თბილისის აეროპორტის გზაზე რომ გამიტაცეს და სასიკვდილოდ გამიმეტეს, რა უნდა მეფიქრა?!

მიმაჩნია, რომ ჩემზე შური იძიეს. ამით გარკვეულ ჯგუფს ხალხის დაშინება სურდა, რომ ყველა მოწინააღმდეგეს სასტიკად გაუსწორდებოდნენ", - იხსენებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია.

* * *
ფიფას ბოლო რეიტინგით, 139-ე ადგილზე ვართ და ჩამოვრჩებით ეთიოპიას, ფარერებს, ტანზანიას, სუდანს, ლესოტოს, ვიეტნამს, ლიხტენშტაინს, ბერმუდას, ბარბადოსს, ავღანეთს, ლუქსემბურგსა და სხვა "საფეხბურთო" ქვეყნებს.

ეს იყო 13 მაისის ლოგიკური გაგრძელება - მაშინ ვიღაცების ხუშტურებს ქართული ფეხბურთი გადააყოლეს და საბოლოოდ, სპორტის ეს სახეობა, რომელიც ჩვენი ერის სიხარული იყო, უფსკრულში გადაჩეხეს და ქვეყნის სირცხვილად აქციეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ისეთი სახე და გამომეტკველება აქვს ნემსაძეს მაგდანას ლურჯა არექნება ცაკითხული და არველაძემ ნაკრები ჩააბარა ვაი თქვენს პატრონს
zozira
20:16 23-05-2015
0
ყველაფერში მართალი ხარ qutaiselo.ზუსტად ეგაა.როცა ქართული ფეხბურთის მამები ჭამდენენ ქართულ ფეხბურთს,როცა ის ხალხი მართავდა ფედერაციას,ვინც აზრზე არ იყო და არ იცოდა რა ეკეთებინა,მაშინ გერმანიის ფეხბურთის მამებმა კიდევ ერთხელ გადახედეს და განაახლეს ფეხბურთის აღორძინება გერმანიაში.ასევე მოიქცნენ სხვა ევროპის,სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის,აფრიკისა და აზიის ფეხბურთის მამებიც...ყველა წინ მიიწევს.ჩვენ კი ჯერ ვტკეპნეთ ერთ ადგილზე,მერე კი უკან-უკან წავედით.ეხლა გადი და მოუგე გერმანიას...როგორ,რანაირად?
მაგრამ მოდით გამოსავალი ვეძებოთ.თქვენ ვინმე ხედავთ?
Zaza
15:28 19-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული