ჩვენი მეგობრობით ვისარგებლე და გულახდილი ინტერვიუც ჩავწერე. მკითხა, ნეტავ როგორ გაიგებენ ჩემს გულწრფელობასო? დავარწმუნე - ადამიანს ყოველთვის ეტყობა გულწრფელობა, ამიტომ ყველაფერს სწორედ ისე გაიგებენ, რაც თქვი-თქო.
უპირველესად, "დინამოში" დაბრუნების წარმატებული დასაწყისი მივულოცე - ორი თამაში და ორი გამარჯვება, მით უფრო - დავით ყიფიანის სახელობის თასის მოპოვება უკვე მეთორმეტედ მართლაც შესანიშნავია.
- გია, თავად როგორ შეაფასებ ამ
- კარგი დასაწყისი ყოველთვის სასიამოვნოა. ვისურვებდი, გაგრძელებას ასეთივე ყოფილიყოს. საკმაოდ რთულია ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ გუნდის ჩაბარება, მითუმეტეს, როდესაც სიღრმისეულად არ იცნობ მას. გარკვეულწილად, მწვრთნელის უეცარი შეცვლა ფეხბურთელების მიმართ შოკური თერაპიააცაა, თანაც - სეზონის ბოლოს. მაგრამ ეს ფეხბურთელების სრულ მობილიზებასაც იწვევს და ამიტომაც განსაკუთრებულად შეიკრა გუნდი.
იღბალიც აშკარად ჩვენს მხარეს იყო და გარდა ამისა, ვერაფრით დავუკარგავ დამსახურებას მწვრთნელებს, რომლებმაც აქამდე მოიყვანეს "დინამო". გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და სტაბილურობაც აკლია, თუმცა ფეხბურთელებს განსაკუთრებულ ჟინსა და პროგრესისკენ სწრაფვას ნამდვილად ვატყობ. მწვრთნელები რადიკალურად არაფერში ჩავრეულვართ, მაგრამ რაღაც მიმართულებები კი მივეცით.
- "დინამოში" დაბრუნებამდე საინტერესო სამწვრთნელო გზა გაიარე - ისევ და ისევ "დინამოში", ორჯერ "ზესტაფონში", ქუთაისი "ტორპედოში"... სადაც მიდიოდი, ძალიან დიდ წარმატებას აღწევდი, მაგრამ მალევე წამოსვლა გიწევდა. რატომ?
- მწვრთნელობა ძალიან რთული პროფესიაა. ყველა პროცესის შემადგენელი ნაწილი ხარ, ბევრი მიმართულების განმსაზღვრელი და თუკი სადმე რაიმე ვერ აეწყო - ყველაზე მეტად პასუხისმგებელიც...
გუნდებში, სადაც ვიმუშავე, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო და შესაბამისად - წამოსასვლელად სხვადასხვა მიზეზები. ბევრმა წლების წინ "ზესტაფონიდან" წამოსვლა ჩემს ნაკლად მიიჩნია, მე კი ცოტა სხვაგვარად ვფიქრობ... ვფიქრობ, რომ ჩემგან ეს ღირსეული ნაბიჯი იყო.
შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მწამს... არსებობს გარემოებები, სადაც შენ უძლური ხარ და აქ სულაც არ ვგულისხმობ ადამიანებთან ურთიერთობებს. ვლაპარაკობ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მისგან გამომდინარე კლუბში შექმნილ მდგომარეობასა და ა.შ. როცა გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ გაქვს, იქაურობა უნდა დატოვო. არ მინდა, ამ თემებს ჩავუღრმავდე...
- სახალხოდ არც მაშინ ჩაღრმავებიხარ, როდესაც შეგეძლო, გელაპარაკა.
- საშინაო ამბების გატანა-გამოტანას სწორად არ მივიჩნევ და ამის გარდა, დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ რიგ სიტუაციებში შეიძლებოდა, სხვაგვარადაც მოვქცეულიყავი.
- ანუ მწვავე განცხადებები გაგეკეთებინა?
- არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, შეიძლება სადღაც რაღაც მეტად მომეთმინა. საერთოდ, ჩემი პრინციპია, ყველა ადამიანს ისე მოვექცე, როგორც ვისურვებდი, მე მომქცეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, როგორც სინდის-ნამუსი და გონება და გული მკარნახობს, ისე ვიქცევი. როცა დუმილი ვამჯობინე, ე.ი. ასე მიმაჩნდა სწორად. საბედნიეროდ, არავისთან გამიფუჭებია ურთიერთობა.
სხვათა შორის, იმასაც აღვნიშნავ, რომ ფეხბურთელებთან გაუგებრობები, ფაქტობრივად, არც მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მათთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მკაცრი და სასტიკი გადაწყვეტილებებიც ხშირად მიმიღია.
არასდროს მითქვამს ფეხბურთელისთვის, რომ მას ფეხბურთის თამაში არ შეუძლია. პირიქით - ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ შეიძლება ის ფეხბურთელი ნიჭიერია, მაგრამ მისი შესაძლებლობები ჩემს საფეხბურთო მონახაზს, ფილოსოფიას ეწინააღმდეგება.
ბევრჯერ საფეხბურთო დაპირისპირებისას გუნდიდან გაშვებულ ფეხბურთელს ჩემი გუნდის კარში გოლიც კი გაუტანია. ყოველთვის ვცდილობ, ობიექტური და სამართლიანი ვიყო, თუმცა ყველამ იცის, რომ საკმაოდ მკაცრი ვარ.
- თითქოს ფსიქოთერაპიული სეანსებივით გაქვს ღონისძიებები, რითიც, მგონი, შენი ფეხბურთელებიც იხიბლებიან, ხომ?
- ძალიან მიყვარს, როცა ფეხბურთელი გუნდში ისე გრძნობს თავს, როგორც ოჯახში. ყოველთვის ვცდილობ, ფეხბურთელს კარგად გავუგო და მანაც გამიგოს, რათა მისი დასჯა არ მომიხდეს. მინდა, მიხვდეს, რა და რატომაა მისთვის უკეთესი. აუცილებელია, ადამიანს დაუსახო მიზანი, რისი მიღწევა შეუძლია და მიხარია, რომ ბევრმა ჩემმა გაზრდილმა ფეხბურთელმა ეს დაინახა, შესაბამისად, დიდ წარმატებასაც მიაღწია.
პროფესიით ფსიქოლოგი არ ვარ და ამიტომ ისე ვიქცევი, როგორც მწამს და მჯერა. როდესაც ამა თუ იმ ადამიანის ბედ-იღბალი გაბარია, მისდამი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე. ცხადია, გინდა, რომ ის უფრო მეტად განათლებული და განვითარებული იყოს, ამიტომაც ყველა მისი შესაძლებლობა უნდა "გახსნა". სამუშაო არ უნდა იქცეს რუტინად, რადგან ეს ენთუზუაზმს გიკარგავს.
ფეხბურთელები ძალიან იოლად გადადიან ერთი საქმიდან მეორეზე და სამუშაოც საინტერესო რომ იყოს და აზარტიც არ დაკარგონ, შინაარსიანი განტვირთვის საშუალება უნდა მისცე. ამიტომ გამყავს ხოლმე ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, საუკუნეების წინანდელი ამბების, ჩვენი წინაპრების საგმირო საქმეების მოსასმენად, ღირებული სპექტაკლების სანახავად და ა.შ.
ხანდახან თვითონაც მაწვდიან საინტერესო იდეებს. ეს კი გუნდს ძალიან ჰკრავს და ასე შედუღაბებულ გუნდს ვიღებთ მოედანზეც.
- გია, ცხოვრების გზას რომ გადახედო, რა არ მოგწონს საკუთარი თავის, რით ხარ უკმაყოფილო?
- რამდენ დაბრკოლებას ვლახავდი; ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ჩნდებოდა შედეგი, მაგრამ მერე ვფიქრობდი, რომ იქ აღარ დამედგომებოდა, აღარ უნდა გავჩერებულიყავი და... მოვდიოდი. ვფიქრობ, ძალიან ნაადრევად ვიღებდი წამოსვლის გადაწყვეტილებას და არ მომწონს, დიდი მონდომებით, დიდი ხალისით დაწყებულ საქმეებს რომ თავს ვანებებდი.
პრინციპები კარგია, მაგრამ კომპრომისზე წასვლაც უნდა შეძლო. ალბათ, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი...
- ოთხი შვილის მამა ხარ, ერთი ქალიშვილისა და სამი ვაჟის. შენი უმცროსი ბიჭები - 11 წლის გეგი და 9 წლის საბა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" საკმაოდ წარმატებით თამაშობენ. როგორ ატყობ კოჭებში, ბევრს მიაღწევენ?
- ლოგიკური კი იყო, ფეხბურთის თამაში რომ მოინდომეს, მაგრამ მათ დიდ ფეხბურთელობაზე ძალიან ნაადრევია ლაპარაკი. შეიძლება სულაც არ აირჩიონ ფეხბურთელობა, კიდევ მოუწევთ დაფიქრება, გაჰყვნენ თუ არა ამ გზას.
- მაგალითად, უფროსმა ვაჟმა, გიორგიმაც ითამაშა კარგა ხანს, მაგრამ საბოლოოდ მწვრთნელობა აირჩია.
- გიორგი 20 წლამდე თამაშობდა, მაგრამ დღეს "საბურთალოს" ლიცენზირებული მწვრთნელია. ახლა "დე" ლიცენზიის ასაღებად ბევრს სწავლობს.
ვერ ვიტყვი, რომ მას ცუდი საფეხბურთო მონაცემები ჰქონდა, მაგრამ... მისთვის კი რთული მოსასმენი იყო მამისგან, მაგრამ სიმართლე უნდა მეთქვა. თავად ვურჩიე, ფეხბურთელობისთვის თავი დაენებებინა, რადგან მიმაჩნდა, რომ საამისოდ დიდი ასპარეზი არ ჰქონდა.
- როდესაც საკუთარ შვილსაც ისევე ურჩევ, როგორც სხვის შვილს, ალბათ, იმ ფეხბურთელის მშობლებსაც არ უნდა დარჩეთ არაობიექტურობის განცდა და უნდა ირწმუნონ, რომ ეს "განაჩენი" იმავე ახალგაზრდის სასიკეთოდ გამოგაქვს.
- მეც მშობელი ვარ და მესმის, რომ მშობელი შვილის შეფასებისას უმეტესწილად, ძალიან არაობიექტურია. მაგრამ ისევ მშობლის პოზიციიდან ვიტყვი: მირჩევნია, შვილს განვითარებისთვის სწორი გეზი მივცე და იმ უნარების დაუფლებაში დავეხმარო, რაც უკეთ გამოუვა.
ჩემი გიორგისთვის არც მწვრთნელობა დამიძალებია, პირიქით - ამ პროფესიის სირთულე ავუხსენი და შევეწინააღმდეგე კიდეც, მაგრამ რაკი მოინდომა, თვითონვე ჩააბარა და სწავლობს, მე უძლური ვარ, თანაც - ვალდებული, ხელი შევუწყო ჩემი შვილების არჩევანს.
მთავარია, ძალიან მოინდომონ და გამოუვიდათ კიდეც.
ირმა ხარშილაძე
სპეციალურად kvirispalitra.ge-სთვის