თასების მფლობელთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე (1979)...
გაბელიას არასოდეს აკლდა არც ტიტულები და არც სახალხო აღიარება და სიყვარული.
- ბატონო ოთარ, როდის შემოვიდა "ლელო" თქვენს ცხოვრებაში?
- ბავშვი რომ ვიყავი, "ლელოს" იმ დროიდან ვკითხულობ. ზოგჯერ მეორე დღეს მოდიოდა ახალი ნომერი ზუგდიდში, ერთსაც კი არ ვაცდენდი. მაშინ საქართველოში მეტი სპორტული გაზეთი არც იყო. თუნდაც
იყო ხოლმე შემთხვევები ბავშვობაში, როცა შემზიარებიან კიდეც ჩემი მეგობრები "ლელოს" კითხვაში...
- როგორი რეაქცია გქონდათ, როცა გაკრიტიკებდნენ?
- სხვათა შორის, ყოველთვის ვიღებდი კრიტიკას, გამომქონდა დასკვნები. ერთი ეგაა, ზედმეტი არაფერი ვარგა...
- ფაქტია, მეკარის მიერ დაშვებული შეცდომა განსაკუთრებით ჩანს, თქვენი დროის "დინამოშიც" ხშირად აკრიტიკებდნენ მეკარეებს...
- ასეა. ბოლო ბასტიონია მეკარე... კრიტიკას დავუბრუნდები. ერთი ხანობა, საქართველოს ნაკრების მეკარეებს აკრიტიკებდა ყველა. არადა, თამაში ნებისმიერს შეიძლება ჩაუვარდეს. ოთხ დღეში კიდევ მატჩია და ამ დროს მოდის კრიტიკის კორიანტელი. ვერ მოვითმინე და ვთქვი - მარტო მეკარეები არ გვყავს-მეთქი?..
- "დინამოში" მიწვევას როგორ იხსენებთ?
- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ მიხეილ იაკუშინს ვყავდით სიაში მე, შენგელია, სულაქველიძე, კოსტავა... ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე გამიგია სხვებისგან. ფაქტია, მერე მართლა აღმოვჩნდით "დინამოში", ოღონდ, მაშინ უკვე ნოდარ ახალკაცი იყო მთავარი მწვრთნელი. ქორწილი მქონდა, გიგა ნორაკიძე ჩამოვიდა ჩემთან სახლში და მითხრა ეს ამბავი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი...
- არათუ "დინამოში", მაშინდელ პირველ ლიგაში თამაშიც კი დიდ გამოცდილებას ნიშნავდა...
- რა თქმა უნდა?! ისეთი ფეხბურთი იყო პირველ ლიგაში და ისეთი ბიჭები თამაშობდნენ, დღეს ბევრი ვარსკვლავი ვერ "გაქაჩავდა".
- ისე გამოვიდა, რომ დავით გოგიას წასვლის შემდეგ თბილისის "დინამოში" რეალური კონკურენტი არც გყოლიათ, მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგოთა სკამზეც კარგი მეკარეები ისხდნენ...
- არა, რატომ? ვინც იყო "დინამოში", ყველას ჩემს კონკურენტად მივიჩნევდი...
- რას იტყვით საბჭოთა კავშირის მაშინდელ ჩემპიონატზე?
- ერთ-ერთი უძლიერესი პირველობა იყო ევროპაში. ულაპარაკოდ შედიოდა კონტინენტის სამ საუკეთესო ჩემპიონატს შორის...
- როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები "დინამოში"?
- დიდი გუნდი იყო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის თასი მოიგო - მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი, ხინჩაგაშვილი, ხიზანიშვილი... ასეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ მაშინ გუნდში. ახალგაზრდები ვიყავით, სულ ბაზაზე ვცხოვრობდით. მანქანა ჩვენ არ გვყავდა და არაფერი. ვიყავით ბაზაზე და სულ ვვარჯიშობდით, ძალიან ხშირად - ინდივიდუალურადაც.
- როდის იგრძენით, რომ "დინამოს" სრულუფლებიანი წევრი გახდით?
- თავიდანვე. თბილისთან დაძმობილებული ქალაქი იყო ლუბლიანა. სეზონის დაწყების წინ ჩამოდიოდა ხოლმე ამ ქალაქიდან "ოლიმპია" და ამხანაგურ თამაშებს ვმართავდით. ეს იყო ჩემი პირველი თამაში. მახსენდება "ნეფთჩისთან" თბილისური მატჩი 1977 წლის მაისში. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში. თავიდან ვაგებდით. თუ სწორად მახსოვს, პენალტით გაგვიტანეს, მაგრამ ბოლოს 4:1 მოვიგეთ.
- თქვენი ყველაზე გამორჩეული მატჩი "დინამოში"?
- რა თქმა უნდა, დიდი იყო 1981 წელი... არ დამავიწყდება საბჭოთა კავშირის თასის ფინალი, 1979 წელს... სხვათა შორის, ეს ფინალი მე არ უნდა მეთამაშა. კარში დათო გოგია უნდა მდგარიყო, მაგრამ წინა დღეს დათომ თქვა - ფეხი მტკივაო.
ღამეა. სასტუმრო "მოსკოვში" ვცხოვრობთ. დარეკა ტელეფონმა და მეუბნებიან - ნოდარ ახალკაცის გადაწყვეტილებით, მოსკოვის "დინამოსთან" შენ უნდა ითამაშოო. გამივარდა ყურმილი ხელიდან. დომინოს ვთამაშობდით ბიჭები. ყველა გავყარე ოთახიდან, ვერც გაიგეს, რა მოხდა. სამ საათამდე არ მძინებია...
- თერთმეტმეტრიანების სერიას როგორ იხსენებთ? გაზაევის პენალტზე რამე რეცეპტი გქონდათ მომზადებული?
- ბოლო დრომდე იძახდა რეზო ჩელებაძე, მე ავაღებინე ის პენალტიო... პენალტი თუ ზუსტად შესრულდა, მისი აღება წარმოუდგენელია. მაგალითად, ყველამ იცოდა, როგორ ურტყამდა თერთმეტმეტრიანს სლავა მეტრეველი, მაგრამ აღებას ვერავინ ახერხებდა...
მეც გავაკეთებდი ხოლმე წინასწარ ხელის მოძრაობას ან ერთი, ან მეორე კუთხისკენ. თუ წამოეგებოდა ამაზე დამრტყმელი, ხომ კარგი... ვითომ, წინასწარ ვიცოდი რამე, ფსიქოლოგიურად ვმოქმედებდი მოწინააღმდეგეზე.
- ცუდად თუ გახსენდებათ რომელიმე შეხვედრა?
- შინ 1:2 წავაგეთ "არარატთან". პატარა რიკოშეტი იყო, მაგრამ არ უნდა გამეშვა. გელა კეტაშვილს ვეკითხები, სად არის ბურთი-მეთქი? ბადეშიო... კინაღამ გავგიჟდი. ჩვენი ძმაკაცები არიან დღესაც სომეხი ბიჭები. საფეხბურთო მინდორზე კი დიდი ბრძოლები გვქონდა.
- საბჭოთა კავშირის ნაკრებზეც გკითხავთ...
- მაშინ ყველა გუნდს უძლიერესი მეკარე ჰყავდა. დასაევი პირველი ნომერი იყო. როცა მას კონკურენტი ჰყავდა, ნერვიულობდა, თამაშს უკლებდა... ერთხელ ოლიმპიური ნაკრები მიდის არგენტინაში, მთავარი გუნდის მწვრთნელმა ბესკოვმა კი დამიძახა და მითხრა - არგენტინაში წადი, უფრო მეტი თამაში მოგიწევსო. მე ვუთხარი, სხვანაირად გაიგებენ საქართველოში - ნაკრებიდან გამოუშვესო, ასე იტყვიან-მეთქი. ისევ პირველ ნაკრებში მერჩივნა და ეს ვუთხარი ბესკოვს... ბოლოს მაინც არ წამიყვანა.
სხვათა შორის, დასაევზე რომ გითხარით, მე ასე ვიყავი - კონკურენტი მიჩნდებოდა თუ არა, თავს ვიკლავდი, ბაზიდან არ გამოვდიოდი. ერთი ხანობა, ჩერჩესოვის ჩამოყვანაზე იყო ლაპარაკი. მე ვთქვი, გაჩვენებთ ჩერჩესოვს-მეთქი! და აღარ გამოვედი ბაზიდან...
- 1982 წლის სეზონის ბოლოს "დინამო" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის - თქვენც. რა იყო ამის მიზეზი?
- არ ვიცი... ალბათ, ახალკაცის ჩანაფიქრი იყო ახალი გუნდის გაკეთება. 1984-ში ისევ მოვბრუნდი, მაგრამ ვეტერანების თამაშში ლავიწის ძვალი გავიტეხე და ის სეზონი მთლიანად გამიცდა.
- გავიხსენოთ ოთხმოციანი წლების ბოლო, როცა თქვენ ლამის შვილისტოლა ბიჭებთან ერთად გიწევდათ "დინამოს" ღირსების დაცვა...
- ასე იყო... ვამხნევებდი ბიჭებს, გვერდში ვედექი. იმ თაობას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. აქეთ პატარა მიშა მესხი, იქით გრიშა ცაავა... ბოლომდე ვერ გამოავლინეს შესაძლებლობები, დააკლეს რაღაც, არადა, ძალიან ნიჭიერები იყვნენ...
- ...და უცებ მწვრთნელობა დაიწყეთ...
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ დაიწყო, მშობლიური ზუგდიდიდან დამირეკეს და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელობა შემომთავაზეს. არადა, მაშინ თბილისში გარანტირებული მქონდა კარგი სამსახური. მე ვუთხარი, ასე როგორ იქნება-მეთქი? არც პრაქტიკა, არც არაფერი... ბადრი თუთბერიძემ მითხრა, არ ჩამოხვალ და ზუგდიდში მიტინგს მოვაწყობთო. ცოლსაც ვუთხარი, ასე და ასეა-მეთქი საქმე. მთელი ცხოვრება არ გვიფიქრია ფულზე, წადი და შენს ქალაქს გამოადექიო, მიპასუხა.
მეც წავედი, მაგრამ არ მაქვს არანაირი გამოცდილება, რა უნდა ვქნა? მე და ჯემალ გოგია მივედით ნოდარ ახალკაცთან. მწვრთნელობას ვიწყებ-მეთქი, ვუთხარი. "პრავილნო პოსტუპაეშ, პაცან"-ო, რატომღაც რუსულად მიპასუხა. ჰოდა, მომეცი კონსპექტები-მეთქი. მომცა. ვხედავ, ყველა ვარჯიში არ არის რვეულში. ხეზე ასვლაც გინდა გასწავლოო? იცინა ცხონებულმა... ჯერ ამით დაიწყე და დანარჩენიც მერეო...
ფოთში გვაქვს პირველი თამაში. სად წავიყვანო გუნდი-მეთქი, ახალკაცს ვეკითხები. მუხური მირჩია. ბანაკი იყო იქ, სულ ახლოს ჩხოროწყუს რაიონი იწყებოდა, იქვე კარგი მინდორიც იყო... გავგიჟდი, საიდან იცოდა ეს ყველაფერი. შვიდი ტურის განმავლობაში "ოდიში" საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებში იყო...
- საერთოდ, როგორი ურთიერთობა გქონდათ ნოდარ ახალკაცთან?
- ბუნებით ინტელიგენტი, დიპლომატი იყო. როცა ამის დრო და საშუალება იყო, განტვირთვაც ხდებოდა... მთლიანობაში, უდიდესი მოყვარული იყო დისციპლინის. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ ჩვენ დროს ყოველდღე ვსვამდით. ათი წელიწადი ყოველდღე რომ დაგველია, ამ დონეზე როგორ ვითამაშებდით? ეს გამორიცხულია.
- "დინამოში" თქვენს მემკვიდრედ ვის მიიჩნევდით?
- ძალიან მომწონდა აკაკი დევაძის თამაში. მას გაცილებით მეტი შეეძლო...
- თქვენი ეპოქის მერე წესები შეიცვალა, მაგრამ თუ შეიცვალა რამე მეკარის მომზადებაში?
- ბევრი არაფერი. დღეს რისკი სჭარბობს. დიდი მეკარეა მანუელ ნოიერი, მაგრამ წამი რომ დააგვიანოს... სპეციალურად დავაკვირდი და წამის მეათედით დაასწრო რამდენჯერმე ფორვარდს ბურთის ამოტანა. საჭიროა კი ამხელა რისკი? ყოველთვის ვერ დაასწრებ. ამის შედეგად გასული გოლებიც გვინახავს...
საერთოდ, მწვრთნელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში. მწვრთნელს სჭირდება დრო და პირობები, რამეს რომ მიაღწიოს. ამის გარეშე არაფერი გამოვა. შედეგი არის იქ, სადაც არის ფინანსები.
- ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?
- მანუელ ნოიერი და ჯანლუიჯი ბუფონი.
- ფეხბურთს არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა მეკარეები 40 წელს ზემოთ ამთავრებდნენ კარიერას. მაგალითად, ძოფი... რაშია მეკარის "უბერებლობის" საიდუმლო?
- ჩემი აზრით, პროფესიონალიზმში.
- საქართველოს ნაკრების მეკარეებზე რას იტყვით?
- მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილს, როინ კვასხვაძეს, მიხეილ ალავიძეს... რევიშვილი პირველად მე დავაყენე "ტორპედოში", ბატე-სთან. მერე ვურჩევდი, არ წასულიყო "რუბინში", რადგან იქ დიდი პრაქტიკა არ ექნებოდა და ასეც მოხდა, სამწუხაროდ... ისე, ძალიან კარგი ბიჭია. პერსპექტიულები ახალგაზრდებშიც არიან - გოშაძე, ქურდაძე...
- ბოლოს ის გაიხსენეთ, დიუსელდორფის ფინალი სხვისი ფორმით რომ ითამაშეთ. ეს ფსიქოლოგიურ ტვირთად ხომ არ დაგაწვათ?
- სხვა რა გზა იყო?.. ბარგი დაიკარგა. ფორმა "ადიდასმა" მოიტანა. საშა ჩივაძის ბუცები მეცვა... ერთი ეგაა, გეტრები იყო ყვითელი. არ მიყვარს ეს ფერი. დაიწყო თამაში და ყველაფერი დამავიწყდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"