მამუკა კვარაცხელია: სააკაშვილის დანიშნული სახელმწიფოს ჩარევაზე როგორ ლაპარაკობს?

AutoSharing Option
გუშინ, 9 სექტემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ "ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში" პრესკონფერენცია მოაწყო და ზვიად სიჭინავას გადადგომას დადგმული სპექტაკლი უწოდა...

ჩემს აზრს ამახინჯებენ
- სხვისი არ ვიცი, მე კი ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემდი იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ და მშობლიურ სამეგრელოში საკუთარი ფულით ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ააშენა, სადაც ბავშვები უფასოდ დადიოდნენ და ამით უდიდესი საქმე გააკეთა.

მისი დამსახურებაა "ლოკომოტივის" (მიხეილ მესხის) სტადიონის გადარჩენა, რადგან სტადიონი უკვე გაყიდული იყო! მის აქტივშია ნაკრების ბაზის კეთილმოწყობაც... ვცდილობდი, ეს დამეფასებინა, მაგრამ პირველი ის გადავიდა
ზღვარს - ბინძური ბრძოლა წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, თანაც აბსოლუტური სიცრუე თქვა!..

...აი, რა ვთქვი 5 სექტემბერს პრესკონფერენციაზე: "ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა, ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე. მომავალში სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ - მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და კლუბებს იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გასაგზავნი მიმართვა".

...და აი, რა ტყუილი თქვა ჩემ საპასუხოდ ზვიად სიჭინავამ 7 სექტემბერს:

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს (ალბათ, არჩევნებს გულისხმობს - მ.კ.). ეს არასწორად მიმაჩნია და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას ბატონი საშა ჩივაძე შეასრულებს".

აი, მაშინ უნდა გადამდგარიყავით, ბატონო ზვიად!
- თუ გადადგომა უნდოდა, ბატონი ზვიადი მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა:

1) საქართველოს ჩემპიონატში, ჰოი საოცრებავ, ორმა გუნდმა გაიმარჯვა და მხოლოდ უეფას ჩარევით დადგინდა საქართველოს ჩემპიონი!

2) ქართული ფეხბურთი ბინძურმა სამსაჯო და ტოტალიზატორების სკანდალმა მოიცვა, რაც ისევ და ისევ უეფას ჩარევით გამოაშკარავდა!

3) დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ათამაშეს და ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალურ მატჩში წაგება ჩაეთვალა!

4) არადისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა არ ათამაშეს და ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შესარჩევი მატჩი პოლონეთთან!

5) საქართველოს რეესტრში 2014 წლის 21 ივლისს გატარებული წესდება დაამახინჯეს და პუნქტები შეუცვალეს!

აი, მაშინ უნდა გადამდგარიყავით, ბატონო ზვიად!

უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო?
- მე ფეხბურთის ფედერაციის დამაარსებელი ვარ და კარგა ხანია, უეფას მედიაოფიცრის მოვალეობას ვასრულებ. ვინ ვინ და, მე არ ვიცი, რომ (და ყველა ინტერვიუში ამას ხაზს ვუსვამ) სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში? ეს ხომ ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვას ფიფადან და უეფადან.

მათ თავიანთი წესდება არ იციან და ფიფასა და უეფას წესდება ეცოდინებათ? მე მასწავლის წესდებებს ეს ხალხი, ვისთვისაც არც წესდება არსებობს და არც რეგლამენტი?

მე ჩემს ტყავზე მაქვს გამოცდილი სახელმწიფოს ჩარევა მაშინ, როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ფრჩხილი არ წამოსტკივნია და თბილად არიან!

მე კონფლიქტი არ მინდოდა!
- გულშემატკივარი ალბათ ვერ ხვდება სიჭინავას დემარშს, მაგრამ მე ვერ გამომაპარებს, რატომ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვითხოვდი სახელმწიფოს ჩარევას არჩევნებში? ფედერაციაში წერა-კითხვაში ძალიან რომ უჭირთ, ადრე დავასაბუთე მათივე წესდებებისა და ეთიკის კოდექსის განხილვით. ახლა კი მივხვდი, რომ ამის გარდა, მოსმენის პრობლემაც აქვთ!..

...ახლაც ვიმეორებ, რომ ძალიან კარგია, როცა გუბერნატორი ზრუნავს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების გაწევრიანებაზე, რაც, სხვათა შორის, თავად ფეხბურთის ფედერაციის პირველი საზრუნავი უნდა იყოს, რადგან ვიცე-პრემიერმაც და სპორტის მინისტრმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ფულს გამოუყოფს მომავალი წლიდან კლუბებს და როგორ უნდა მივიდეს ეს ფული ქართულ კლუბებამდე სხვანაირად? განა, გუბერნიების გავლით არ უნდა ჩაერიცხოთ?

სასაცილო არაა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთში ჩარევაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც სფფ-ის პრეზიდენტად სააკაშვილის პირადი ხოშით დაინიშნა?!..

...ახლა კარგად მისმინეთ: ეს მორიგი, ვითომ სკანდალური განცხადება მიმართულია უეფას აღმასკომის სხდომისკენ, რომელიც 16 სექტემბერს მალტაში გაიმართება და ფედერაციის ხელმძღვანელებს უნდათ აფიშირება, რომ სახელმწიფო ერევა არჩევნებში და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ამას ამართლებს! უნდათ, რომ წაგებული არჩევნები ჩაშალონ!..

...აბა, გაბედოს ფედერაციამ და ეს სიცრუე მიაწოდოს უეფას! მე უკვე ნათარგმნი მაქვს ინგლისურად ჩემი გამოსვლაც და სიჭინავას გამოსვლაც, უკვე ჩემს იურისტსაც გადავამოწმებინე და თუ ტყუილი ისევ გაბედეს, სასამართლოს მივმართავ. აი, მაშინ ვნახავთ, მათ ტყუილს რამსიგრძე ფეხები აქვს!..

...ბოლოს, შევახსენებ სფფ-ის ხელმძღვანელობას: კარგად წაიკითხონ უეფას აღმასკომის სხდომის მესამე საკითხი, რომელიც კლუბების ფინანსური კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარის დანიშვნას ეხება. იმ კლუბებზეა ლაპარაკი, ფედერაცია წევრებად რომ არ იღებს და უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ!

წერილი მზად მაქვს და უკადრებელს თუ იკადრებთ, აბა, სკანდალი მაშინ ნახეთ, ბატონებო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფედერაცია არველაძეების გარეშე
0
ვინ არის ხალხო ღირსეული კვარაცხელია?თქვენ ცოტა,ხომ არ გაჟრიალებთ,სულ დაკარგეთ რეალობის შეგრძნება,ის ვერცერთ ხმას ვერ აიღებს,უბრალოდ ,,,, და ისე მოიქცევა,როგორც წინა არჩევნებში მოიქცა,ის ერთ-ერთი კანდიტატის შემასუსტებელია,მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმის,რომ არც ამჯერადაც გამოუა რამე,მისი ზრახვები წინასწარ განწირულია.
roma
12:23 11-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული