გიორგი დემეტრაძე უფრო პოსტსაბჭოური სივრცის მოთამაშე გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიკავკაზის "ალანია" მისთვის საუკეთესო კლუბი იყო - ვალერი გაზაევის ხელში გაიხსნა და საუკეთესო თვისებები გამოავლინა.
ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
დემეტრაძე "ლელო WEEK-ს" ცხოვრებასა და კარიერაზე ელაპარაკა...
აქა-იქ რომ მომემატებინა...
- მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში დავიწყე. მწვრთნელობაზე უარი ვთქვი, ეს ჩემი საქმე არ არის. კლუბები დირექტორობას მთავაზობდნენ და ამაზეც თავი შევიკავე. ქუთაისის "ტორპედოდან" ახალწამოსულს კი ფეხბურთის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და ტექნიკური დირექტორის მოადგილეობა შემომთავაზეს. ჩემი ახლანდელი საქმიანობა ძალიანაც მომწონს. მაგრამ მაქსიმუმ 2-3 წელი თუ ვიმუშავებ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გავჩერდები და მერე საკლუბო კარიერაზე გადავერთვები.- 39 წლის გახდით, უკან დაგრჩათ კარიერა და მოედანი. ამ გადასახედიდან, საფეხბურთო ცხოვრებას როგორ აფასებთ?
- ფორმის შესანარჩუნებლად კახა კალაძესა და სხვა ვეტერანებთან თითქმის ყოველდღე მინი-ფეხბურთს ვთამაშობ და ამით მაინც ვიკლავ ჟინს. მაგრამ ეს გართობაა. რაც დრო გადის, ფეხბურთი უფრო და უფრო მენატრება. მახსენდება მოედანზე გასვლის მომენტი, სავსე სტადიონი, უმნიშვნელოვანესი გოლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მძიმე ვარჯიშებიც კი!
- ლობანოვსკის უმძიმესი ვარჯიშებიც?
- კი, ლობანოვსკის ვარჯიშებიც. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და მიყვარს. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი და ძალიან ძნელია, საყვარელ საქმეს უცებ რომ მოსწყდები. ახლა ხშირად ვფიქრობ, რამე ხომ არ დავაკელი...
- და რა დააკელით?
- მაშინ ამაზე არც ვფიქრობდი. მაგრამ აქა-იქ რომ მომემატებინა, უფრო მაღალ დონეზეც ვითამაშებდი, მეტ წარმატებას მივაღწევდი და ტიტულსაც მეტს მოვიგებდი.
უჟმური ტოშაკი
- მაგალითად, "სოსიედადში" სერიოზული შანსი გქონდათ. მაგრამ ესპანეთიდან ისევ რუსეთში დაბრუნდით. პრიმერა დივიზიონში რატომ ვერ დამკვიდრდით?- "სოსიედადში" თამაში კარგად დავიწყე, მაგრამ ჯერ ის იყო პრობლემა, რომ 5-6 ლეგიონერიდან თამაშის უფლება მხოლოდ სამს ჰქონდა. მერე მენისკის ოპერაცია დამჭირდა, 8 თვე გამიცდა და ასეთ მდგომარეობაში რას ვითამაშებდი?
სხვათა შორის, მაშინაც ტრავმამ შემიშალა ხელი, როცა "დინამომ" იჯარით "ფეიენოორდში" გამიშვა. სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაში ვერ შევძელი, ნახევარწლიანი არენდის შემთხვევაში კი ეს ბევრს ნიშნავს და იქაც ვერ გავჩერდი. ისე, ესპანეთში ჩემი მწვრთნელი ჯონ ტოშაკი იყო, რომელიც საკმაოდ უჟმური კაცი გახლდათ.
- უჟმური თუ ფულის მოყვარული? იმ პერიოდის ხმები მახსოვს, ტოშაკს დემეტრაძის მიმართ ფინანსური ინტერესი არ ჰქონდა და ამიტომ არ ათამაშებდაო...
- ფაქტია, რომ თავისიანები მოიყვანა და არც აინტერესებდა, რა შემეძლო. მარადონაც რომ ვყოფილიყავი, არ მათამაშებდა. არადა, მანამდე და მერეც მაგარ გუნდებში უმუშავია - მათ შორის, მადრიდის "რეალში". თუმცა ინტელექტით ბევრ იმ მწვრთნელს ვერ სჯობდა, ვისთანაც მითამაშია და შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა რომ არ მქონია. მაგალითად, ტოშაკს ლობანოვსკის როგორ შევადარებ, მისი ფეხის ფრჩხილად არ ღირდა... ლობანოვსკი იყო საუკეთესო სპეციალისტი იმათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.
- წმინდა საფეხბურთო განათლების გარდა, კიდევ რა გამოარჩევდა ლობანოვსკის?
- გარედან ხომ ყველას გეგონათ, რომ გაუცინარი იყო? არადა, მოედნის მიღმა თბილი და გულიანი კაცი გახლდათ. ფეხბურთელების გვერდში დგომა და გაგება შეეძლო.
ნაკრებში დაგვიანება
- ლობანოვსკის ვარჯიში თუ გაგიცდენიათ?- ასეთი რამ გამორიცხული იყო. კიევის "დინამოში" გართულება ჰქონდათ სმაზე. მაგრამ მე და კახა სასმელს ისედაც არ ვეტანებოდით. საერთოდ, ეს უკრაინასა და რუსეთში იშვიათი ამბავი არ არის.
- თქვენ და კახა საერთოდ არ სვამდით?!
- მართლა ასე იყო. არც მიყვარდა და ახლაც იშვიათად თუ დავლევ.
- არადა, თქვენზე ხშირად უთქვამთ, რეჟიმს არ იცავსო...
- პატარა თუ არ განიტვირთე, წარმოუდგენელია, ფეხბურთი ითამაშო. ფეხბურთი ხომ ისედაც დიდი სტრესია და ეს აუცილებელიც არის. ინგლისში სულელები კი არ არიან, თამაშების შემდეგ ფეხბურთელები პაბებში რომ მიდიან? იქ ეს არავის უკვირს. მაგრამ კიევის "დინამოში" რეჟიმს მკაცრად ვიცავდი.
მერე კი ყოფილა შემთხვევა, ცოტა რომ ამირევია, მაგრამ ამის გამო კლაუს ტოპმიოლერმა დამსაჯა.
- ასეთი რა გააკეთეთ?
- რა და, ფარერების ნაკრებთან გასვლითი შეხვედრის წინა დღე მთლად სპორტულად ვერ გავატარე და ისე ავირიე, პასპორტი დავკარგე. სანამ მოვძებნე და აეროპორტში წავედი, რეისზე დავაგვიანე. არადა, ფარერებზე მოხვედრა ძალიან ძნელია. დრო უნდა დაამთხვიო, თორემ ჩასვლას დააგვიანებ. დანიის გავლით უნდა გადაფრინდე, რამდენიმე გადაჯდომაა საჭირო და ისედაც დიდი გზაა.
მატჩის წინა დღეს მაინც ჩავუსწარი, მაგრამ ტოპმიოლერი გაბრაზებული დამხვდა და შეცვლაზე მათამაშა. 6:0 მოვიგეთ. მე-5 გოლზე შოთას ფლანგიდან მე მივეცი პასი...
ყველაზე, ყველაზე...
- გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები. დავიწყოთ, ყველაზე სასიამოვნო გოლებით...- ასეთი იყო ჩემპიონთა ლიგაში "რეალისა" და "ბაიერნის"კარში გატანილი გოლები - გერმანელებს ლამაზი "მაკრატელა" გავუტანე. არანაკლებ კარგად მახსენდება "ანდერლეხტთან" შეხვედრა, რომელიც ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა და დუბლი შევასრულე. მეორე გოლის დროს საჯარიმოში 3 მცველი მოვატყუე და ეფექტურად შევაგდე. სამივე ეს შეხვედრა კიევის "დინამოს" ფორმით ჩავატარე.
მნიშვნელოვანი და ლამაზი იყო ნაკრებში გატანილი გოლებიც, განსაკუთრებით დანიის ნაკრების კარში თავით, ნახტომში...
- მანქანები გიყვართ?
- 2000 წელს ახალი X5 ვიყიდე. მაშინ თბილისში ეს მოდელი ერთ-ორ კაცს თუ ჰყავდა. მაშინდელი მანქანების ფონზე, ძალიან მაგარი იყო. იმ დროს კიევის "დინამოში" ვთამაშობდი და კარგი ანაზღაურება მქონდა.
- თამაშის მოგებაზე ყველაზე დიდი პრემია როდის მიიღეთ და რამდენი?
- ეს უკრაინაში თამაშის დროს მოხდა. "დინამომ" იმხელა პრემია მოგვცა, ვაკეში არა, მაგრამ საბურთალოზე 2-ოთახიან ბინას მაინც ვიყიდდი.
- ფეხბურთელების ნაწილმა ეს ფული ბიზნესში დააბანდა. თქვენ კი ეს ვერ მოახერხეთ თუ არ გამოგივიდათ?
- თქვენ ხომ მაინც კარგად მიცნობთ? მე რა ბიზნესი უნდა ამეწყო? ფული რომ მქონდა, ეგრევე ვხარჯავდი, ან ახლობლებს და მეგობრებს ვეხმარებოდი. როგორც თქვენ ვერ ივარგებთ სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელად, ისე მე ვერ ვივარგებ ბიზნესში. მწვრთნელობის და დირექტორობის არ იყოს, არც ესა ჩემი საქმე.
ოპერაში შეპარული
- სიმფონიური ორკესტრი ახსენეთ. ოპერის გვერდით ცხოვრობთ და თუ დადიოდით იქ?- ერთხელ მეგობრებთან ერთად შევიპარე. მაგრამ სპექტაკლზე გაგვეცინა და მალევე გამოვიპარეთ. ეს იყო და ეს. ისე, რამდენჯერმე რომ შეხვიდე, შეიძლება, "მუღამი" მართლა დაუჭირო. მაგრამ ისეთი მოუსვენარი ვარ, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები და იქ ვერ გავძლებ. არადა, ვიცი, რომ ძალიან მაგარი მომღერლები გვყავს და თავიანთი სფეროს სერია A-სა და პრიმერა დივიზიონებში მღერიან (იცინის).
- ყველაზე ცუდი მოგონება...
- "ფეიენოორდსა" და "სოსიედადში" ყოფნისას მიღებულ ტრავმებზე უკვე გითხარით. ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი ტრავმაა. სხვას ყველაფერს ეშველება...
- ყველაზე მეტად რომელი ფილმი გიყვართ?
- რა თქმა უნდა, ბევრი უცხოური ფილმი მომწონებია, მაგრამ ქართულები მაინც განსაკუთრებით მიყვარს. აზრიც არის ამ ფილმებში, იუმორიც... ბევრი შედევრია - "ფეოლა", რომელიც ძალიან მიყვარს, "ბურთი და მოედანი", "ცისფერი მთები", "მონანიება". ასე მგონია, ჩვენ მსოფლიო დონის კინო გვქონდა.
- უცხოური ფილმებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა თქვენზე?
- "ერთხელ ამერიკაში". ჩემი ბავშვობის დროინდელ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი არ უნახავს და უდიდესი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
- მსახიობებიდან ვინ მოგწონთ?
- ქართველებზე არ ვიტყვი, ბევრი მომწონს, მაგრამ ვინმე გამომრჩება და არ მინდა. უცხოელებიდან კი ალ პაჩინო და დე ნირო.
- ქალი მსახიობებიდან?
- ჩემი ბავშვობის დროინდელ მსახიობს გავიხსენებ - ყველაზე მეტად ორნელა მუტი მომწონდა. ულამაზესი ქალია.
- ოთახში მისი სურათი გეკიდათ?
- ორნელა მუტის არა, მაგრამ საბრინას კი მქონდა.
- საბრინას სიმღერები მოგწონდათ თუ მკერდი?
- მაგის სიმღერა ვის რად უნდა უნდოდა? საბრინასთვის უნდა გეყურებინა და მეც ვუყურებდი (იცინის)...
ბევრად მეტი შეგვეძლო...
- თქვენი აზრით, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხბურთელი?- მარადონა! ეს საკამათოც არაა. ძველებს პელე უყვართ, მაგრამ მე მარადონას პერიოდში ვიზრდებოდი, მის თამაშებს ვუყურებდი და მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელია, ვინც მინახავს.
- დღევანდელებში? მესი თუ რონალდო? დღეს ყველგან ასე ისმის კითხვა...
- მესი, რა თქმა უნდა.
- რომელი ქართველი ფეხბურთელის გვერდით ისურვებდით თამაშს?
- 18 ნოემბრისა და 13 მაისის თაობის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის გვერდით. ძალიან დიდი ვარსკვლავები გვყავდა. მე თავდამსხმელებს დავასახელებ - მესხი და მეტრეველი ლეგენდები არიან, ყიფიანი, შენგელია, გუცაევი... ისე, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები და გუნდები გვყავდა.
- დროის მანქანა რომ გქონდეთ, წარსულში რას შეცვლიდით?
- არაფერს.
- საერთოდ არაფერს?
- შეიძლება მეტი მონდომებით მევარჯიშა. ფეხბურთს თავდადება უყვარს. შრომა ვისაც არ დაზარებია, ყველას დაუფასდა.
- თქვენს თაობაში არაერთი ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ ვერც ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, ვერც ვერაფერს მიაღწიეთ...
- არადა, ბევრი შეგვეძლო. ერთი-ორჯერ ისეთ ჯგუფში მოვხვდით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გასვლის პოტენციალი გვქონდა. ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ იყო მიზეზი, რის გამოც ვერაფერი გავაკეთეთ.
- მაგალითად?
- მაშინ არც პირობები იყო და არც ქვეყანა იყო ფეხბურთით დაინტერესებული. გარემო კი ყველაფერზე მოქმედებს, ჩვენზეც და ზოგად დონეზეც. ახლა სახელმწიფოს ინტერესი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დროის მსგავსი ფეხბურთელები აღარ ჩანან. რამდენი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ევროპის ძლიერ ლიგებში მასობრივად გავდიოდით, ახლა კი რა გუნდებში მიდიან?..
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"