გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საინტერესო ფრაზა თქვა: "რაც დღეს ამ ადამიანებისგან მოვისმინე, კიდევ უფრო გამიმძაფრდა კითხვა - საქართველოში ფეხბურთი როგორ არსებობდა"?

მართლაც და, ასეთი რა პრობლემები აწუხებთ რეგიონულ ფედერაციებს და რის მოგვარებას ითხოვენ სასწრაფოდ? ამის შესახებ "ლელო" ორი რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტს ელაპარაკა:

ადრე ჩვენ ვუსმენდით, ახლა ჩვენ მოგვისმინეს...
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძის აზრით, რეგიონების პოტენციალი აუთვისებელია:

Sportall.Ge-
არაერთი პრობლემა დაგროვდა, რომელთაც სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება. დამაიმედებელი ის არის, რომ ბოლო ათ წელიწადში პირველად მოგვისმინეს. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

- ვიცით, რომ პრობლემა ბევრია, მაგრამ კონკრეტულად რომელია ყველაზე დიდი სატკივარი?
- რაც ქართულ ფეხბურთს სტკივა, უპირველესად, სწორედ რეგიონებს გვეხება. პირველი ის არის, რომ საქართველოს არ აქვს ფეხბურთის განვითარების სტრატეგია და ესაა ბევრი პრობლემის თავი და თავი. სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

აქედან გამომდინარეობს მეორე პრობლემა - სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გეგმა არ აქვს. მესამე პრობლემა კი სუბიექტურია - ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონების პრობლემები მუდამ მესამეხარისხოვანი იყო და იმდენ ყურადღებას არ უთმობდნენ, რასაც იმსახურებდა.

ათასგვარი მსჯელობა იყო ნაკრებების გაძლიერებაზე, მისი შედეგების გაუმჯობესებაზე, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე და ასე შემდეგ. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველი რეგიონებია, თუმცა მათზე ზრუნვა უკანა პლანზე იყო გადაწეული.

- ცნობილია, რომ რეგიონული ფედერაციების დაფინანსება არასაკმარისია...
- ვგულისხმობ არა რეგიონულ ფედერაციებში, არამედ ზოგადად, რეგიონებში ფულის დაბანდებას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს აძლევენ. არსად ყოფილა ნახსენები ბავშვთა ფეხბურთი და რეგიონები. არადა, სულ ვცდილობდით, რომ ეს საკითხები პრიორიტეტული გაგვეხადა.

გარდა ამისა, რეგიონული ფედერაციების წესდებებიც წესრიგშია მოსაყვანი... რეალურად, ახლა ჩვენ კი არ ვუსმენდით, პირიქით, ფედერაციის თავკაცები გვისმენდნენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს იყო ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. მიხარია, რომ რეგიონების პრობლემების განხილვა დავიწყეთ და ვისაუბრეთ, თუ რა ამოცანა შეიძლება დაგვეკისროს. შევთანხმდით, რომ თებერვლამდე ჩვენს პროგრამებს წარვადგენთ. ეს ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რეგიონული ფედერაციები მაქსიმალურად ამუშავდნენ.

- ასაკობრივი ჩემპიონატები დასავლეთ საქართველოში ცალკე ტარდება, აღმოსავლეთი თავისთვის თამაშობს. ესეც სერიოზული პრობლემაა. თქვენი აზრით, ერთიანი ასაკობრივი ტურნირების ჩატარება რეალურია?
- ამაზეც ვილაპარაკეთ. იყო მოსაზრება, რომ რეგიონებში ჩატარებული ჩემპიონატების შემდეგ ამ 8 რეგიონის ნაკრებები დაკომპლექტდეს და შემდეგ 14, 15 და 16 წლის ბავშვებში ერთიანი ტურნირი ჩავატაროთ. ჯერ ერთი, ეს რეგიონების საფეხბურთო ყოფას გამოაცოცხლებს და მეორეც - ასაკობრივი ნაკრებებისა და გუნდების მწვრთნელებს სელექციის კარგი საშუალება ექნებათ, რადგან ამ ასაკიდან იწყება ნაკრებების ფორმირება და გუნდებიც ნიჭიერ ბავშვებს დააკვირდებიან.

თამაშებზე ნაკრებებისა და გუნდების წარმომადგენლების დასწრება ბავშვებისთვის უდიდესი სტიმული იქნება. ერთი სიტყვით, რეგიონების პოტენციალი აუთვისებელია და რაც უფრო გაცხოველებული კავშირი იქნება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, ქართული ფეხბურთი მით უფრო განვითარდება.

ბავშვთა ფეხბურთში ერთიანი გეგმის არსებობა აუცილებელია
შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი ამბობს, რომ 10 ათასი ლარით ტურნირებისა და ღონისძიებების ჩატარება, თან ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა, წარმოუდგენელია:

Sportall.Ge- რეგიონებს არაერთი პრობლემა აწუხებს. ჩვენში დამკვიდრდა ვითომ ევროპული მუშაობის მეთოდი, რაც სინამდვილეში უცხოური გამოცდილების უაზრო კოპირებაა.

ამის შედეგი სავალალოა და ბოლო წლებში აშკარად ვხედავთ - უფერულ და ინდივიდუალიზმისგან დაცლილ თაობებს ვიღებთ, რომელთაც შემოქმედებითი ფეხბურთის თამაშის უნარი არ გააჩნიათ.

- უცხოურის კოპირება, ალბათ, იმის შედეგია, რომ საკუთარი სამუშაო პროგრამა და ხედვა არ გვაქვს...
- მეც ამას ვამბობ! ბავშვთა ფეხბურთში ერთიანი გეგმის არსებობა აუცილებელია! ამ სფეროში განსაკუთრებით მომრავლდნენ დილეტანტები, რომლებმაც ბავშვთა ფეხბურთი შემოსავლის წყაროდ აქციეს.

რამდენი ნიჭიერი ბავშვი მოდის, მაგრამ მათში თავიდანვე კლავენ ინდივიდუალისტებს. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი თვისებები გამოიყენონ და განავითარონ, ებრძვიან და საბოლოოდ, ტალანტებს ვკარგავთ.

ადრე მოვისმინე საინტერესო აზრი, რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ - ქართველი ეფენბერგები რომ გამოჩნდნენ, ასეთი მიდგომით მათაც უინიციატივო მოთამაშედ აქცევენ, ან ფეხბურთს ჩამოაშორებენ. ამ სისულელეს კი გუნდური ინტერესით ხსნიან და ფეხბურთში ლიდერების გაზრდის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან. ანუ ხშირად ჩვენი მწვრთნელები იმას კრძალავენ, რაზეც ფეხბურთი დგას და რაც ყველაზე მთავარია.

ამიტომ ერთიანი გეგმაა შესამუშავებელი, რომ მწვრთნელები იყვნენ არა მხოლოდ ვარჯიშის წარმმართველები, არამედ იცოდნენ ადამიანის ანატომია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და საერთოდ, რა არის ფეხბურთი. ამიტომ ფედერაციამ უნდა დადოს სამუშაო გეგმა - რა გვინდა, როგორი ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ვიმუშაოთ.

- რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონების პრობლემებს?
- ჩვენ და კიდევ ბევრ ორგანიზაციას საკუთარი ოფისიც არ გააჩნია. ადრე რომელ შენობაშიც შეგვიშვეს, ის კანონიერმა მფლობელმა დაიბრუნა და ცხადია, მისი დატოვება მოგვიხდა. კიდევ კარგი, "დილამ" გორის სტადიონზე ოთახი გამოგვიყო, მაგრამ ზოგადად, რეგიონულ ფედერაციას საკუთარი მუდმივი ოფისი უნდა ჰქონდეს...

თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მე ერთი ოთახიც მეყოფა. პრობლემა უსახსრობაა. ფეხბურთის ფედერაცია რეგიონებს 10 ათასი ლარით აფინანსებს. ამ ფულით უნდა ჩავატაროთ ტურნირები, ღონისძიებები და ფეხბურთის განვითარებაზეც ვიზრუნოთ - ეს წარმოუდგენელია!

- ფედერაცია დაფინანსების გაზრდას შეგპირდათ?
- ვიცი, რომ ლევან კობიაშვილს შემუშავებული აქვს რეგიონული ცენტრების განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სერიოზულ ცვლილებებს. საბოლოოდ, თებერვალში გვეცოდინება, ჩვენთან მიმართებაში რა ცვლილება მოხდება. მაგრამ დაფინანსების გაზრდა აუცილებელია...

სხვათა შორის, შეხვედრაზე ერთმა ისეთმა თემამაც წამოიწია, რაც ბევრ რეგიონულ ფედერაციას აწუხებს - კომპლექსური სპორტული სკოლა თითქმის ყველა რაიონშია, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს, მაგრამ ზოგან მისი დირექტორი სხვა სახეობის წარმომადგენელია და ცდილობს, მისთვის ახლობელი სპორტის სახეობა დააფინანსოს, ფეხბურთს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

საერთო აზრია, რომ საფეხბურთო სკოლა ცალკე გამოიყოს და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ის ცალკე დაფინანსდეს. ასე საფეხბურთო ჯგუფები რეგიონებში უფრო კარგად და გამართულად იმუშავებენ. დამიჯერეთ, ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის და ფეხბურთის განვითარება ამ, ერთი შეხედვით წვრილმანი საკითხების მოგვარებაზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, საფეხბურთო სკოლებს ყველა რაიონში ისეთი პირობები უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვებს მთელ საქართველოში მოუხსნან გადასახადები და რომ მათ ოჯახებს არ ეხებოდეს ბურთების, ფორმების, ინვენტარისა და ტრანსპორტირების ხარჯები.

რაიონებში თბილისზე მეტი გაჭირვებაა და ეს ნიჭიერი ბავშვების გაზრდასა და წარმოჩენას ხელს შეუწყობს. რაიონებიდან ტალანტები მუდამ მოდიოდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული