[ოთხშაბათის საკითხავი] ნუთუ შორია ევროპამდე?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი რამაა გასარკვევი, მაგრამ უმთავრესი გარკვეულია - ვიცით ჩემპიონის ვინაობა და ისიც, თუ რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროთასებზე. გასარკვევია მხოლოდ ერთი კლუბი, რომელიც ევროპალიგაზე ითამაშებს...

დინამო
ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს თბილისის "დინამო" წარადგენს. კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიზანი უკვე დასახა - ჩემპიონთა ლიგის ან, უკიდურეს შემთხვევაში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

მიზანი, თავისთავად, კარგია. იმთავითვე ვთქვათ, რომ "დინამოზე" სუსტ გუნდებს ღირსებიათ ასეთი პატივი და საქართველოს 16-გზის ჩემპიონისთვის მხოლოდ და მხოლოდ წარმატება გვისურვებია.

"დინამოს" ჰყავს ორი, თითქმის თანაბარი ძალის შემადგენლობა. ფეხბურთელები
კარგ ფორმაში არიან, ახალგაზრდულ ნიჭსა და ენთუზიაზმს გამოცდილება ერწყმის... ჩემი აზრით, ევროასპარეზზე იღბლისა და მეტოქეთა ჩავარდნის იმედად რომ არ ვიყოთ, "დინამოს" აუცილებლად დასჭირდება გაძლიერება.

ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ არაფერი შეიცვალა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ევროთასებზე თამაში ალექსანდრე იაშვილის გარეშე მოუწევს. "იაშკა" ხომ მართლაც ნახევარი გუნდია...

ამბობენ, ევროსტარტის წინ "დინამო" კვალიფიციური ლეგიონერებით გაძლიერდება და გუნდში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელსაც ვნახავთო. იმედია, ასეც იქნება. რომან ფიფიას მმართველობას ძალიან მოუხდებოდა ევროპული წარმატება.

შეცდომების პარალელურად, კლუბში ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა და ახლა ნაყოფის დაგემოვნების ჟამია.

სამტრედია
თითქოს, გუშინ იყო - "სამტრედია"-"ვარდარის" საუეფასთასო მატჩზე ქართული კლუბის წარმატების რწმენით აღსავსე წავედი. შინ რომ დავბრუნდი, კარგა ხანს ვერ დავიჯერე, როგორ წააგო ასე კარგად დაკომპლექტებულმა "სამტრედიამ" არაფრით გამორჩეულ მაკედონიურ გუნდთან.

რა თქმა უნდა, იმ მარცხს თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა, რასაც ახლა აღარ ჩავუღრმავდებით. უკეთესია, წინ გავიხედოთ. "სამტრედია" 21-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ევროთასებს და მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის "გუნდი-აღმოჩენა" იქ მხოლოდ მონაწილეობას არ დასჯერდება.

გია ცეცაძეს უკვე აქვს ევროთასებზე გუნდის გაყვანის გამოცდილება. ყველაზე მთავარი და გასახარი კი ის არის, რომ "სამტრედიაში" ის ნიჭიერი ბიჭები შეიკრიბნენ, სულ ცოტა ხნის წინ დაკარგულნი რომ გვეგონნენ ქართული ფეხბურთისთვის.

მართლაც, სრული ნონსენსია, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე იფრინო და მერე მთელი თაობა დაიკარგოს. ეს ადრეც ხშირად ხდებოდა ჩვენში და ახლაც იგივე მოხდებოდა, რომ არა ცეცაძე. ახალგაზრდა მწვრთნელმა ახალგაზრდა ბიჭებს აჩვენა ის, რის დეფიციტსაც ისინი ყველაზე მეტად განიცდიდნენ - ნდობა!

ფეხბურთელებმა გაამართლეს. საქართველოს ჩემპიონატში მე ყველაზე მეტად "სამტრედიის" თამაში მხიბლავს და ვგონებ, ამ ამბავში მარტო არ უნდა ვიყო...

აქვე, ალავერდი კლუბის ხელმძღვანელობასთან - თუ მოხერხდება და ევროთასებამდე "ეროსი მანჯგალაძე" ევროპულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამით "სამტრედიის" ძალა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დილა
უფულობით, ბევრი პრობლემითა და სიძნელით დახუნძლულ სეზონში ევროპაში ერთ-ერთმა ახალგაზრდა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა იმდენი მაინც მოახერხა, რომ "დილა" ევროთასებზე გაიყვანა.

ახლა ევროთასების მონაწილეთაგან ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი "დილას" მომავალს უზის, მაგრამ მინდა დავიჯერო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პირველი რიგის ამოცანა ლიდერების შენარჩუნებაა.

მაგალითად, ოთარ მარცვალაძე ავიღოთ. ეჭვგარეშეა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოუჩნდებიან მსურველები...

ჩიხურა თუ სიონი?
თუ საქართველოს თასს მოიპოვებს, ევროპალიგაზე საქართველოს ბოლნისის "სიონი" წარადგენს. "სიონს" კარგი სეზონი ჰქონდა. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის, თუმცა ევროსტარტის წინ გაძლიერება მასაც აუცილებლად დასჭირდება.

"ჩიხურა", ტრადიციულად, კერკეტი კაკალია. საჩხერეში კვალიფიციური ლეგიონერებიც გამოჩნდნენ. "ჩიხურა" თასის ფინალში "დინამოს" უქომაგებს და თუ ევროთასებზე გავიდა, შემადგენლობის გაღრმავება ჰაერივით დასჭირდება.

...იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში არ დასრულდება. ჩვენ კი ერთხელაც დავსვათ ბოლო წლებში ტრადიციულად ქცეული კითხვა - ნუთუ, ასე შორია ევროპამდე?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმიტომაცაა წლევანდელ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სპორტინგს რომ მოუგო შკეიდენბრაუმ და ბეშიქთაშს ორივე თამაშში ბრძოლა რომ გაუმართა :)
giorgi
23:26 11-05-2016
0
იმიტომაცაა წლევანდელ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სპორტინგს რომ მოუგო შკეიდენბრაუმ და ბეშიქთაშს ორივე თამაშში ბრძოლა გაუმართა
giorgi
23:25 11-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული