უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

AutoSharing Option
ლაგოდეხის რაიონის სოფელი ჭაბუკიანი მხოლოდ ნაყოფიერი მიწებით არ არის ცნობილი. წლების წინათ, ბიზნესმენმა ვახტანგ თაბუკაშვილმა იქ კოხტა სტადიონი ააშენა. 90-იან წლებში ჭაბუკიანის არენა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საფარით გამოირჩეოდა და მისით უმაღლესი ლიგის გუნდებიც სარგებლობდნენ. მაგრამ გავიდა წლები და იქაურობა ისე გავერანდა, სათამაშოდ აღარ ვარგა...

ბიზნესმენმა მერაბ ფერაძემ ჭაბუკიანში ფეხბურთის გამოცოცხლება გადაწყვიტა. გულს უხარია, ისეთი საქმე წამოიწყო: ამჟამად, სკოლის საკუთრებაშია ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნებით, 2 ჩოგბურთის კორტი, პლუს, იქვე მდებარე ტერიტორია, სადაც შეიძლება კიდევ თითო სტანდარტული და არასტანდარტული მოედნის მოწყობა.
სპორტულ კომპლექსშია ასევე 2 სასტუმრო, სადაც, სულ მცირე, 3 გუნდის დაბინავება და სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების გავლაა შესაძლებელი.

ჭაბუკიანში ფერაძემ საფეხბურთო სკოლა "ჰერეთი" დააფუძნა. მას თავიდან ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი გია მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა, ახლა კი იქ "საბურთალოს" თაობების აღმზრდელი თემურ ფოცხვერია მუშაობს. სკოლაში მწვრთნელად ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ლევან ქებაძეა მიწვეული, რომელიც მშობლიურ მხარეს კვიპროსული კარიერის შემდეგ დაუბრუნდა...

აქ ბევრი ტალანტია
თემურ ფოცხვერია, საფეხბურთო სკოლა "ჰერეთის" მთავარი მწვრთნელი:
- ადამიანმა საკუთარი თვალით თუ არ ნახა, ვერ წარმოიდგენს, სოფელში ასეთი მასშტაბის საფეხბურთო ცენტრის აშენება თუ იყო შესაძლებელი. ბევრი სოფლისგან განსხვავებით, ჭაბუკიანს სპორტული დატვირთვა მიეცა.

პირველივე წელს აქ საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება სურდათ. მაგრამ ბატონ მერაბს ვთხოვეთ, საფეხბურთო სკოლა გაგვეძლიერებინა, გუნდს საფუძვლები რომ ჰქონოდა და მხოლოდ ჩამოსულების იმედად არ ვყოფილიყავით. ამ კაცმა მოგვისმინა, დაგვიჯერა და ბავშვების გასაზრდელად დიდი სახსრები გაიღო.

მანამდე, აქ ათკაციანი საფეხბურთო ჯგუფიც არ არსებობდა. იცით, როგორი მიდგომა იყო? ფეხბურთს სერიოზულად არ უყურებდნენ - რა დროს ფეხბურთია, ბალღები ვენახებში უნდა გვეხმარებოდნენო... მაგრამ "ჰერეთი" წარმატებით რომ ათამაშდა, დამოკიდებულება შეცვალეს და დაიჯერეს, რომ საქმე კეთდებოდა. ჩვენი ჩასვლიდან ერთ თვეში მთელი კახეთიდან 400-მდე ბავშვი შეიკრიბა.

ლაგოდეხის გარდა, ბავშვები კახეთის სხვა რაიონებიდანაც ჩამოგვყავდა. ტრანსპორტს ვაგზავნიდით ყვარელში, ახმეტაში, გურჯაანში... სამწუხაროდ, ერთი კაცი ამდენი საწვავის ხარჯს ფიზიკურად ვეღარ აუდიოდა და ამიტომ, ბავშვების რაოდენობა განახევრდა.

- მეორე ლიგის გუნდის ჩამოყალიბებას როდის აპირებთ?
- სავარაუდოდ, წელსვე და გუნდი 2000-01 წლებში დაბადებულების ბაზაზე ჩამოყალიბდება. სულ რაღაც ექვს თვეში მივაღწიეთ იმას, რომ ასაკობრივ ნაკრებში ჩვენი ფეხბურთელი ფირუზ გაბიტაშვილი მიიწვიეს. ის ლაგოდეხელია და მეორე ლიგის ბინადარ ლაგოდეხის "რანში" თამაშობდა, სადაც ჩვენნაირი პირობები არ არის და ნორმალურად ვერ ვარჯიშობდა. პერსპექტიული ბიჭია, გურამ ასპინძელაშვილმა უკრაინაში 16-წლამდელებში ათამაშა, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და იმხელა კონკურენციაა, ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქ ვერ მოხვდებოდა.

ისე, რომ იცოდე, არანაკლებ ნიჭიერი კიდევ ორი ბავშვი გვყავს. ამ სკოლის გამართლებად ეს ფაქტიც გამოდგება. აქ ბევრი ტალანტია, უბრალოდ, ფეხბურთს "ეძინა". მერაბ ფერაძეს ჭაბუკიანში მოედნის გაკეთება და სტადიონის კეთილმოწყობა სურს და ახლა ეს შანსი თუ ხელიდან გავუშვათ, დროს დავკარგავთ და 20-25 წელი ამ დონეზეც ვერ მივალთ.

ახალი გუნდი მეორე ლიგაში
"ჰერეთის" პრობლემა ბუნებრივსაფარიანი მოედნის არქონაა. არადა, საფეხბურთო სკოლა ჭაბუკიანის ცნობილ სტადიონს ემიჯნება, რომელიც უკვე ვახსენეთ. არის საშუალება, რომ ეს არენა თანამედროვე სტადიონად გადაიქცეს და პლუს ამას, იქ ორი არასტანდარტული მოედანი მოეწყოს. ამაზე "ჰერეთის" დირექტორი გველაპარაკა:

ლევან მეტრეველი:
- კახეთში საფეხბურთო ცენტრის არსებობა თუნდაც იმიტომაა სასურველი, რომ თბილისის გარეთ მაღალი კლასის მოსამზადებელი ცენტრი, ფაქტობრივად, არ არის. ჭაბუკიანის ბაზაზე კი ქართული და უცხოური გუნდების მიღება თავისუფლად შეიძლება. ერთადერთი პრობლემა ბუნებრივსაფარიანი მოედნის არარსებობაა.

- მოედნის მოწესრიგებას რა უდგას წინ?
- მერაბ ფერაძეს აქვს პროექტი, როგორ გადააქციოს ჭაბუკიანი საქართველოს ერთ-ერთ სპორტულ, მოსამზადებელ ცენტრად. საფეხბურთო სკოლა, სასტუმრო და კორტები კარგია, მაგრამ ბაზის სრულყოფილად მოწყობისთვის დამატებით მოედნებია საჭირო, მათ შორის - ბუნებრივსაფარიანის. ფერაძეს სურს, რომ ჭაბუკიანის არენას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტაროს, მაგრამ სტადიონის აღების საშუალებას არ აძლევენ. არადა, ფერაძეს ამ სპორტულ კომპლექსში 3 მილიონზე მეტი ინვესტიციის განხორციელება სურს.

კახეთში ბევრი გუნდი არ არის, ყველას სახელმწიფო ინახავს და ქართულ ფეხბურთს ახალი კერძო კლუბის დაფუძნება აწყენდა? მაგრამ სტადიონს ბათუმსა და ფოთში ვერ აშენებენ და სოფლისთვის მოიცლიან? სამწუხაროდ, ფერაძეს ხელს არ უწყობენ.

გასაქანს არ მაძლევენ
"ლელო" თავად მერაბ ფერაძესაც დაელაპარაკა:

- რუსეთში გატარებული 25 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე - ჩემი სოფლისა და რეგიონის დახმარება მსურდა. არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ თბილისში იყოს, რეგიონებში კი ხეირიანი მოედანიც კი სანატრელი გვქონდეს.

Sportall.Geუკვე ავაშენეთ ხელოვნურსაფარიანი მოედანი, კორტები და სასტუმროები. მაგრამ კარგი ბაზის მოსაწყობად ეს არასაკმარისია.

ამიტომ, მსურდა ჭაბუკიანის მთავარი სტადიონის თუნდაც იჯარით აღება, ტრიბუნების აშენება და სტანდარტებში მოქცევა, უეფას კატეგორია რომ მიიღოს და ბაზაზე ჩვენი უმაღლესი ლიგისა და ევროპული გუნდები მოემზადონ...

მაგრამ აქაური ჩინოვნიკები გასაქანს არ მაძლევენ და ვერ გავიგე, რა არის ამის მიზეზი. სტადიონის აღება ვინმეს რომ სურდეს, ტენდერში მივიღებდი მონაწილეობას. სახელმწიფო პროგრამით რეკონსტრუქცია რომ იგეგმებოდეს, გამიხარდება და განზე გავიწევი. მაგრამ არც ერთი იგეგმება, არც მეორე და გავერანებული სტადიონის იჯარით გადმოცემაც არ უნდათ.

- მაინც, რას ამბობენ? რა არის მიზეზი?
- ზუსტად არავინ არაფერს ამბობს. ახლახან, მინისტრი გვესტუმრა და აქაურ ხელმძღვანელობას დაურეკა, ჭაბუკიანის სპორტკომპლექსში ერთად მივიდეთო, მაგრამ უთხრეს - მანდ ჩვენი მისვლა გამორიცხულიაო.

- და რატომო?
- წარმოდგენა არ მაქვს. მე მაგათ არ ვექვემდებარები და სპორტში კი არა, ყველაფერში ხელს მიშლიან. არც თავად აკეთებენ და არც მე მაძლევენ გასაქანს. მერე ამბობენ, ინვესტორების მოზიდვა ძნელიაო. მეზიზღება ეს პოლიტიკა და იქით გახედვა არ მსურს, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა პოზიციას თუ არ შეიცვლის, არაფერი გამოვა.

მაინტერესებს, უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ჩვენს ფეხბურთში ფული დაუბანდებია? საშუალება მაქვს და მინდა კარგი საქმე გავაკეთო, მეც გავიხარო და მთელმა კახეთმაც, მთლიანობაში კი ამ სიკეთით საქართველომ ისარგებლოს. მაგრამ მუდმივად წინააღმდეგობას ვაწყდები და უკვე დავფიქრდი - ღირს კი ეს ყველაფერი ამდენ ნერვიულობად?

აქ ერთი მომენტიცაა: დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გამო, თურქეთსა და ყირიმში მოსამზადებლად წამსვლელი გუნდების რაოდენობა შემცირდა და არის შანსი, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდების ნაწილი საქართველოში ჩამოვიყვანოთ მოსამზადებლად. ეს ევროპული გუნდების ჩამოყვანის წინაპირობაც გახდება, რაც საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლებს ოდნავ მაინც გაზრდის.

იმედია, ამაზეც დაფიქრდებიან ის ადამიანები, რომლებიც თანამდებობებზე ყოფნისას სხვისთვის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა თქვა დუდუმ არასწორი? სიტყვა ინვესტიციას რომ ასე მივეჩვიეთ, ინვესტიცია რას ნიშნავს? ქართულ ფეხბურთში ჩადებული ნებისმიერი თეთრი ქველმოქმედებაა და არა ინვესტიცია, თავს ნუ ვიტყუებთ!
kote
01:36 23-05-2016
0
საინტერესოა ამ კარგმა ადამიანმა, ოფიციალურად გარდა ადგილობრივი წარმომადგენლებისა თუ მიმართა ვინმეს სამინისტროში?
როგორ შეიძლება ასეთი შანსის ხელიდან გაშვება,ძალიან დიდ ფულზეა საუბარი რომელიც ქართულ ფეხბურში უნდა ჩაიდოს.
იმედია კითხულობს ლელოს ვინმე(სამინისტროდან) აქედან მაინც შეძლებენ რეალურ სიტუციაში გარკვევას.
საიტს მადლობა ძალიან გთხოვთ ბოლომდე მიყევით
daviti
20:25 22-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული