სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

AutoSharing Option
გუშინ, 28 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVI ყრილობა გაიმართა.

დასაწყისში, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ჰუალინგ ჯგუფის" მმართველთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ცნობილი გახდა, რომ ჩინური ჯგუფი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა...

აუდიტმა რა თქვა?
ყრილობაზე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფეხბურთის ფედერაციის დავალიანებებზე ილაპარაკა.

"ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე აუდიტი ჩატარდა, შემდეგ დასკვნა დაიდო და დადგინდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებებით, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ორგანიზაციის საბიუჯეტო დეფიციტი 16 785 600 ლარს შეადგენს. აქედან დავალიანება 11,785 მილიონია, ხოლო
წინასწარ გახარჯული თანხები - 5,0 მილიონი.

საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფადან და ფიფადან დარიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა ხარჯვამ, კერძო პირებზე გაცემულმა და შემდეგ ჩამოწერილმა თანხებმა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, ფიფასა და უეფას სანქციები მოჰყვეს. მათ თავიდან ასაცილებლად, ამ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ.

ასევე, ჩვენ მოსვლამდე დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა ფინანსური მხარე დაგეგმილი არ იყო. მაგალითად, რუსთავში მშენებარე სფფ-ის აკადემია, რომელსაც კიდევ დამატებითი, ეგრეთ წოდებული დაუგეგმავი თანხები სჭირდება. ანალოგიური პრობლემაა სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც. თუმცა, ვაცნობიერებთ იმის აუცილებლობას, რომ ეს პროექტები უნდა განხორციელდეს და საამისოდ დამატებითი ფინანსებია მოსაძიებელი...

სხვათა შორის, ჩვენ ოთხი ახალი პროექტი განვახორციელეთ - აღვადგინეთ ფუტსალის ჩაშლილი ჩემპიონატი, დავიწყეთ ქალთა ეროვნული და ბავშვთა რეგიონული ჩემპიონატები და წლეულს დაწყებულ სამოყვარულო ლიგასაც ვეხმარებით. ეს 4 ტურნირი უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე სფფ-ის ყოფილი გაზეთი", - ამბობს მუჯირი.

ეს კრიმინალია...
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. უმრავლესობის წარმომადგენელმა სიტყვა ითხოვა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

"რაც აქ მოვისმინე, სჯობდა, არ მომესმინა. წინა ფედერაციის საფინანსო საქმიანობის აუდიტის დასკვნაში, რეალურად, ლაპარაკია კრიმინალზე.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წინა მენეჯმენტის მიმართ ჩემი მკვეთრი პოზიცია მართალი იყო. ჩვენს ფეხბურთში მილიონები იხარჯებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, მილიონები არ დასტყობია. ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამის სამართლებლივი შეფასება და ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს მწვავე ზომები, სპორტის სამინისტრომ კი მასალები გამოითხოვოს და გამოძიების დაწყება მოითხოვოს. აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი და თუ კრიმინალი დამტკიცდება, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

მესმის, რომ საფეხბურთო სამყაროში ყველა ერთმანეთს იცნობს და ამ ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ უპირველესია გულშემატკივრების ინტერესი და დარწმუნებული ვარ, ამით სწორედ მათ პოზიციას ვაჟღერებ", - განაცხადა პარლამენტარმა.

მინუს 5 სუბიექტი
მცირე ხნის წინ, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, წევრობა შეუჩერდათ რუსთავის "მეტალურგს", ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგას, "ბიჩსოკერის", ეზოს ფეხბურთისა და საფეხბურთო სკოლების ასოციაციებს. მიზეზად მათი უმოქმედობა დასახელდა.

გუშინდელ ყრილობაზე კი, დელეგატების გადაწყვეტილებით, ამ სუბიექტებს სფფ-ის წევრობა შეუწყდათ. ლევან კობიაშვილის განცხადებით, ხსენებული სუბიექტები სფფ-ის წევრობისთვის აუცილებელ სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდნენ და მათი მხრიდან ფედერაციის მიმართ დამოკიდებულება არასწორი იყო...

ჯილდო კერძო სექტორს
ყრილობის მიმდინარეობისას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 7 პირი დააჯილდოვა. ყველა მათგანი კერძო კლუბების მეპატრონეა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ("საბურთალოს" ყოფილი პრეზიდენტი), რომან ფიფია (თბილისის "დინამო"), ბესო ჩიხრაძე ("გაგრა"), გურამ რუხაძე ("ვიტ ჯორჯია"), ილია კოკაია ("ზესტაფონი"), ფრიდონ ინჯია (მარტვილის "მერანი") და ლექსო თოფურია (თბილისის "ლოკომოტივი").

ყრილობას ვერ ესწრებოდნენ გურამ რუხაძე და ლექსო თოფურია, რომელთაც კობიაშვილი კუთვნილ ჯილდოებს პირადად გაუგზავნის.

"ჩვენ ღვაწლს არავის დავუკარგავთ. ისინი ქართულ ფეხბურთს რთულ პერიოდში შემორჩნენ და ეს სიმძიმე გადაატანინეს. შესაძლოა, ეს არ არის განსაკუთრებული პრიზები, მაგრამ ამით მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა მაინც გამოვხატეთ", - ამბობს კობიაშვილი.

10 ახალი სტადიონი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა:

"ჩემთვის ფეხბურთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა და მადლიერი ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე. ახლა მთავარზე: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ და ჩემპიონატის ახლებურმა ფორმატმა სპონსორების და კერძო ჯგუფების დაინტერესება გამოიწვია. მაგალითს მოვიყვან - ერთ-ერთი კლუბის აყვანა ორ კერძო ჯგუფს სურს. მსგავსი ფაქტი ადრე არ მომხდარა...

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი - გარდამავალი ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირების უფლებას 3 ტელეკომპანია ითხოვს და ეს მაშინ, როცა აქამდე ჩემპიონატის გაშუქება არავის სურდა...

სახელმწიფო ფეხბურთს გვერდში დაუდგა და მალე 10 საფეხბურთო სტადიონი აშენდება. ახლახან სფფ-ს ერთი არენა უკვე გადაეცა, რაც ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა. ინფრასტრუქტურის აშენება აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია...

საფეხბურთო ოჯახზეც ვიტყვი: ის ერთიანი უნდა იყოს. ვისაც რა პოზიცია არ უნდა ჰქონდეს, ქართული ფეხბურთის სამსახურში უნდა ჩადგეს და ამ საქმეს თავისი ცოდნა და უნარი მოახმაროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გაფლანგვაზე მუჯირი ან კობიაშვილი არ ლაპარაკობენ. ასე რომ საქმე კრიმინალთან არ გვაქვს არამედ უთავობასთან.
რაც შეეხება ირონიულებს. შეგატყვე წინას ხელისუფლების პატივისცემა, მაგრამ მართლა კარგი არაფერი გაკეთდა. ხოლო ბოლოს ზვიად/დოენტას დროს კიდევ უფრო გაფუჭდა. არა მარტო ნემსაძის ამაბავი არამედ, ჯერ ცხინვალის სპარტაკის გამო- ორჯერ გაზარდეს მონაწილეთა რაოდენობა-ჯერ 12, ხოლო მერე 14. ბოლოს უკვე როცა ნაცებს აღარ ეცალათ, საერთოდ 16 გახადეს. პლიუს ქეცბაიას მილიონები, რა დროსაც მაღალი ალბათობით დომენტა და ასევე მაღალი ალბათობით პირადად მინისტრი იჯდნენ წილში.
ლორთქიფანიძე კი ჟვანიას კაცი იყო და მიშამ მოხსნა ზარაფხანას დირექტორობიდან. (თუ გახსოვთ ოქროს ვარდი გაუგზავნა მიშას. იმანაც ქრთამს მიგზავნიო და გაუშვა.)
haha
29 ივნისი 2016 15:35
0
ვეთანხმები "ფინანსისტი+-ს. ყველა ტერმინს ტავისი განმარტება აქვს და შეუძლებელია 15 მილიონი გაფლანგული, მით უმეტეს მითვისებული იყოს, რადგან საბიუჯეტო სახსრები არა მარტო გაცემის სემდეგ, მათი გაცემაც ძალიან მკაცრად კონტროლდება სპორტის სამინისტროს ორი დეპარტამენტის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიერ და ყველაფერზე დადასტურებულ დოკუმენტაციას ითხოვენ. აი დავით ლორთქიფანიძის "პატიოსნება" მართლა "კომედი შოუ"-ს სცენარია. ეს კაცი 1990-იან წლებში სახელმწიფო ზარაფხანის დირექტორი იყო და დიდი თანხები მითვისებაში ეჭვმიტანილი. რა უფლება აქვს, დაუდასტურებელ ქმედებებს კრიმინალის კვალიფიკაციას აძლევს. ამაზე პასუხი უნდა მოთხოვონ!
კოტე
29 ივნისი 2016 15:11
0
ხალხო,თქვენი გამკვირვებია,რა თავს ესხმი(,,ირონიულს"მივმართავ)ამ ლორთქიფანიძეს.კაცი ამბობდა სიჭინავა და მისი გუნდი არიან მავნებლებიო,ეს აუდიტსაც დაუდასტურებია და ეხლა ყრილობაზე ამ დეპუტატმა დააყენა საკითხი,ეს არის კრიმინალიო,ამ მილიონების უკან ქართველი გულშემატკივარი და ჩვენი ბავშვები დგანანო და გამოიკვლიოს ფეხბურთის ფედერაციამო.რა არის აქ გაუგებარი.ეს ლორთქიფანიძე მართლა ეროვნული კაცი ყოფილა...
გულშემატკივარი
29 ივნისი 2016 14:21
0
ბატონ მუჯირს და სხვებს მივმართავ. ჯობია, ტერმინებში გაერკვიოთ და ჯერ ნუ ამბობთ იმას, რაც არ დადასტურებულა და არც იცით რაზეა საუბარი.
"საბიუჯეტო დეფიციტი" თუ თითქმის 12 მილიონია, ეს თანხა სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე ვერ დაგროვდებოდა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ხაზინასთან ურთიერთობა მათ აქვთ და არა ფედერაციას. შესაბამისად, ისინი საქმის კურსში არიან რას აფინანსებენ და თუ რომელიმე ღონისძიებაზე გაცემული თანხა არ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას, სხვა თანხას არარ გასცემდნენ. ანუ, ეს 12 მილიონი ზალიან მარტივად "მოიძებნება" და არავიტარ გაფლანგვას ადგილი არ ექნება. რაც შეეხება "წინასწარ გაცემულ" 5 მილიონს, ეს ან ჩვეულებრივი ავანსია, ან სესხი, რომელსაც აუცილებლად ექნება მიზნობრიობა. ნუ გიყვარტ სიტყვები და ტერმინების ჰაერზე გასროლა, რადგან მათ გარკვეული დატვირთვა აქვთ. დავით ლორთქიფანიძის მიერ ნახსენები სიტყვა "კრიმინალი" მისი პასუხისმგებლობაა, რადგან იმის განსაზღვრა, რა არის ფედერაციის ქმედება, მისი კომპეტენცია არ არის და სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, ასეთი განცხადებაა კანონდარღვევა. მოკლედ, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრს გავს და პოპულიზმის, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ფინანსისტი
29 ივნისი 2016 14:13
0
ეშველა ქართულ ფეხბურთს.
badri
29 ივნისი 2016 14:02
0
ათწლეულები ქართულ ფეხბურთში კორუფცია სუფევდა. ამიტომ გულშემატკივარს და ბავშვის მშობელს ნდობა აღარ აქვს ქართული ფეხბურთისადმი. ყველაზე დიდი დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ, სხვა შემთხვევაში ნდობა არ აღდგება და ფეხბურთი არ განვითარდება. პოლიტიკოსები წინასაარჩევნო ტაკიმასხარაობას უნდა შეეშვან. ფედერაცია არ უნდა გახდეს პოლიტიკოსების წარმატების ჩარხი.
ლუკა
29 ივნისი 2016 12:07
0
არდასჯა ნიშნავს იმას, რომ მეც იგივეს თუ გავაკეთებ არ დამსაჯოთ, ან აი გაგიბაზრე, ეხლა ის ფული მოიტანე და მე ჩავიდებ ჯიბეში, სხვა შანსი არ არსებობს, დასჯის შემთხვევაში ფეხბურთი რჩება მოდებული, არდასჯის დროს კი, ჩინოვნიკები
bavaria
29 ივნისი 2016 11:52
0
ჟურნალისტი რომ სტატიას წერთ და ,,ჰუალინგ ჯგუფი"-თან მემორანდუმი გაფორმდაო ეგ საკმარისია?
ხომ უნდა დაწეროთ რას ითვალისწინებს ეგ მემორანდუმი, იქნებ მარტო 3 ბურთს ჩუქნიან ან მსაჯის დროშას ხომ უნდა მოიპოვოთ ეგ ინფორმაცია?
ამის გარეშე ,,ჰუალინგ ჯგუფი" იქნება შპს ,,..." რა აზრი აქვს ინფორმაციას?
Walkabout
29 ივნისი 2016 11:42
0
სასაცილოა ნამდვილად, ვის დასცინიხართ, საკუთარ თავს და ვითომ საქმეს აკეთებთ? ვერ ხვდებით, რომ წუმპეში ხართ? ნუ გვაბოლებთ...
1. ფეხბურთში შეტანილი ღვაწლისთვის აჯილდოვებ პრეზიდენტს, რომლის კლუბსაც ცოტა ხნის წინ ლიცენზია არ მიეცი, იმიტომ, რომ იმ კლუბის პრეზიდენტმა არჩევნებისას ოპონენტს მისცა ხმა.
2. რატომ ჰგონია პატივცემულ ლორთქიფანიძეს, რომ ყველაფერში ერკვევა და ყველაფერი იცის?
3. რაც მთავრობაა, ყველა სფეროში იგივე ხდება - ძველს არაფერი გაუკეთებია და ისტორიაც თქვენგან იწყება. ნუ ამოგვადინეთ ყელში, თქვენ რა გააკეთეთ ამ ხნის მანძილზე? იმდენს ნუ იზამთ, რომ 2017-ში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა ჩამოგვართვან.
P.S. ფედერაციის შენობაზე სუპერთასის ბანერი როდემდე უნდა იყოს, თავს იწონებთ? თქვენ ხომ წინასი არაფერი მოგწონთ
;) ირონიულად
29 ივნისი 2016 11:33
0
მე ვარ გია გიორგაძე გეკითხებით ფედერაციას ეს ფული მე რომ შემეჭამა დამიჭერდით თუ არა ან თუ ამბობთ კრიმინალიაო უბრალი გულშემატკივარმა რა ვიფიქროთ იმათ ტკბილად შეარგებთ და თქვენც შეირგებთ?
gia
29 ივნისი 2016 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული