თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი თამაზ კოსტავა ევროპალიგიდან საჩხერის "ჩიხურას" გავარდნას გამოეხმაურა და ზოგადად ქართული ფეხბურთის სატკივარსაც შეეხო.

"ჩიხურას" გუშინ "დილა" და "სამტრედიაც" (1:5-ის შემდეგ ისედაც მიზერული შანსი ჰქონდა) დაემატნენ, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს...

"ნამდვილად არ მეგონა, თუ "ჩიხურა" გავარდებოდა. გული მწყდება, ქართული ფეხბურთი ასეთ დონეზე რომ დაეცა და მოლდოვურ გუნდს ვეღარ ვუგებთ. ჩვენი დროის "დინამოს" მოუგია "ინტერთან", "ბენფიკასთან", "ბაიერნთან", "ლივერპულთან"... ამ გადასახედიდან, ამ ყველაფრის დაჯერება ძალიან მიჭირს.

მიზეზი ის კი არ არის,
რომ თამაში არ შეგვიძლია, არამედ ის, რომ გუნდების შემადგენლობები ხშირად იცვლება. ეს ლამის ყველა ქართულ გუნდს ეხება. ცალკე პრობლემაა, რომ კონტრაქტის პირობებს არ ასრულებენ და ზოგიერთი კლუბი ხელფასებს დროულად ვერ იხდის. შემადგენლობა ორი-სამი წლით თუ არ შეინარჩუნე, შეუძლებელია, სერიოზულ წარმატებაზე იფიქრო.

ასე იყო ქუთაისის "ტორპედოში", რომელსაც გიგა ნორაკიძე ავარჯიშებდა და ახალგაზრდები ისე მოგვამზადა, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით. ასე იყო ახალკაცის დროინდელ "დინამოშიც". გუნდს წლების განმავლობაში სჭირდება შენება და არა - შემადგენლობის ყოველ ექვს თვეში ცვლით. ეს მწვრთნელებმაც კარგად იციან. მათ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ", - ამბობს თამაზ კოსტავა.

ის ზოგადად ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზეც გველაპარაკა:

"დიდი ხანია, ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის და თუ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგა, მომავალ წელს გუნდები კიდევ უფრო უარესად ითამაშებენ. აუცილებლად გვჭირდება გარდატეხა, რომ ფეხბურთელებმა უფრო მეტი თავდაჯერება შეიძინონ და გაიხსენონ, რომ ფეხბურთი სიამოვნებაა და არა - ნერვიულობა.

ყველაფერი ნულიდან, ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ და თავი დავანებოთ ყოველი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ბაქიბუქს, რომ ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ! ჩვენს ფეხბურთს სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

როცა ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ დაბალი დონისაა, ევროთასებსა და სანაკრებო დონეზე რისი იმედი უნდა გვქონდეს? ასე არაფერი გამოვა. მე კი გული მიკვდება, ამ დაცემას რომ ვუყურებ".

ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ქართული ფეხბურთის დაცემა დიდი ხნის წინ დაიწყო:

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, ყველა საუკეთესო ფეხბურთელი უცხოეთში რომ წავიდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ გამოსავალიც დიდი ხანი არ ჩანდა. ბოლო წლებში პირველად წლევანდელმა ამბავმა დამაიმედა - სახელმწიფო პროგრამა რომ აამოქმედეს. მაგრამ სახელმწიფოს 5-წლიანი თანადგომა საკმარისი არ იქნება, ამას გაცილებით მეტი სჭირდება.

სხვათა შორის, ის ფაქტიც მახარებს, ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზირება რომ გაამკაცრა და მოუწესრიგებელ, სტადიონისა და ინფრასტრუქტურის არმქონე კლუბებს გასაქანს არ აძლევს. თუ საკუთარი თავის მიმართ მკაცრები არ ვიქნებით, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.

ეს პროგრამა ზემოთ ნახსენებ პრობლემასაც წაადგება - კლუბების ბიუჯეტები არაპროგნოზირებადი იყო, რადგან წინასწარ არ იცოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება რა ბიუჯეტს გასცემდა. ახლა, კლუბებში ეს იციან და მთავარია, თავად შეიმუშაონ გეგმა, უახლოეს ხუთ წელიწადში მუშაობა რა მიმართულებით უნდა წარმართონ, პროგრამის დასრულების შემდეგ გარკვეულ შედეგს რომ მიაღწიონ".

კოსტავა ურჩევს კლუბების მმართველებს, რომ კერძო სექტორთან უკეთ იმუშაონ:

"კლუბებს გარდამავალ ჩემპიონატში 600 ათასი ლარით დააფინასებენ. ეს თანხა ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ იქნება - ამ ბიუჯეტით გუნდი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ამიტომ, კლუბები მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა იყვნენ.

ვინც სპონსორებთან და ინვესტორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი აღარ იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
სპორტო ღარიბი ადამაინების შანსია. თუ ბავშვებს ფულის გადახდას ვაიძულებთ, ეს ნიშნავს, რომ ნიჭიერ ღარიბ ბავშვებს შანსს ვუსპობთ და შედეგიც სახეზეა. ბავშვებში კონკურენციის არარსებობა შემდგომ თაობებზეც აისახება ავტომატურად.
Davit
19:56 09-07-2016
0
ეს ადამიანი იგივეს ამბობს რასაც ამდენი წლების განმავლობაში იმეორებს სხვადასხვა ადამაინი, ბავშთა ფეხბურთი და ფული. თან სახელმწიფოს ფულიცოო, არ ეთმობა. ჟნრალისტს მინდა ვუთხრა ნუთუ გჯერავს რომ მუქთად ნაშოვნი ფულით ფეხბურთში მოღვაწე ტიპები ფეხბურთს განავითარებენ? რატომ აპიარებს ასეთ მავნებლურ იდეას? შესაძლოა ეს კაცი კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი მწრვთვნელია მაგრამ ფეხბურთის განვიტარება მარტო სტადნზე სირბილი არა რის.. რატომ არ ამბობს ბავშვები უფასოდ ვავარჯიშოთოო? რატომ არ ამბობს დაფინანსება სრულიად კერძო ოყოსო? რატომ არ ამობოს როგორ გაიზარდოს კონკურენცია გუნდებს შორის?
Davit
19:54 09-07-2016
0

სიახლეები პოპულარული