მასშტაბური გამოკითხვა - სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობის ერთი წელი მედიის თვალით

AutoSharing Option
დღეს "ლელო" მასშტაბურ გამოკითხვას გთავაზობთ: ქართული მედია აფასებს ფეხბურთის ფედერაციის ერთი წლის საქმიანობას - რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, აქეთ ჩემპიონატი, იქით სანაკრებო ფეხბურთის შუქ-ჩრდილები და კიდევ უამრავი სხვა საკითხი, რომელიც გულშემატკივარს აღელვებს.

მოკლედ, სალაპარაკო და სამსჯელო ბევრი დაგროვდა და აგერ ტრიბუნაც.

ცალმხრივობა რომ არ გამოგვივიდეს, ამ ტრიბუნას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც დავუთმობთ. "ლელოს" დაგეგმილი აქვს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რედაქციაში ისტუმროს ლევან კობიაშვილი, რომელიც, იმედია, ყველა დაგროვილ კითხვას პასუხს გასცემს...

კობა ინასარიძე (ფუტბოლი):
- შესაფასებელი ბევრიც არაფერია. მუშაობიდან ერთი
წლის თავზე, ფედერაციის აქტივში მხოლოდ მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებას თუ ჩავთვლით, თუმცა, ვფიქრობ, ბოლომდე გამართული არც ეს მოდელია.

შეცდომად მიმაჩნია გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. მაშინ, როცა ევროპაში ასეთი სისტემით მოთამაშე რამდენიმე ქვეყანა თუ დარჩა, რუსეთიც კი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა და გაუგებარია, ჩვენ რატომ უნდა ამოვვარდეთ საერთო ევროპული კალენდრიდან? საქართველოში არ არის ისეთი აუტანელი კლიმატი, რომ გვიან შემოდგომაზე ან ადრეულ გაზაფხულზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყოს. არც ის მგონია, ამგვარი ცვლილება ჩვენს გუნდებს ევროსარბიელზე დიდად წაადგეს.

ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის სარკე, დამეთანხმებით, ნაკრები გუნდებია. ვერც ამ მხრივ მოვიწონებ სიტუაციას. ეროვნული გუნდის შედეგზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი, მას ცხადია, მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ნაკრებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას ერთ კითხვას კი გავუგზავნი და კარგი იქნება, თუ მიპასუხებენ: საშინაო მატჩების დროს რატომ ცხოვრობს ქვეყნის უპირველესი გუნდი სასტუმროში და რატომ ვარჯიშობს ერთ-ერთი კერძო კლუბის ბაზაზე, მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს მშვენიერი საწვრთნელი ბაზა აქვს?

ერთი წელიწადია, ფედერაციაში მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ და რამდენად გამართლებულია, რომ ეროვნულმა გუნდმა იცხოვროს სასტუმროში, სავარჯიშო მოედანი იქირაოს და ავტობუსით რამდენიმე კილომეტრი იქით-აქეთ იაროს?! ამის შემხედვარე, ჩნდება ეჭვი, რომ ეროვნული ნაკრები ფედერაციისთვის მეორეხარისხოვანია და მთელი რესურსი ასაკობრივი გუნდებისკენაა მიმართული.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს პირველსავე ეტაპზე ჩამოშორდნენ, სამი მატჩი ისე წააგეს, გოლიც ვერ გაიტანეს... ასეთი ცუდი შედეგის შემდეგ კი მწვრთნელი აქეთ კითხულობს, პოსტი რატომ უნდა დავტოვოო? მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურია მწვრთნელის ასეთი კონტრკითხვა... მესმის, რომ ინგლისში, გერმანიაში და სხვა საფეხბურთო ქვეყნებში ამ ასაკში შედეგს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ასეთი უგოლო შედეგის შემდეგ მათი მწვრთნელების პასუხისმგებლობის საკითხს მაინც განიხილავენ.

ბოლო დროს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სულ უფრო ხშირად ახსენებს განვითარების "ბელგიურ მოდელს", რაც მომავალი თაობის მომზადებაზე აქცენტის გადატანას გულისხმობს. იქმნება შთაბეჭდილება და, ალბათ, ირიბად მიგვანიშნებენ - რამდენიმე წლის განმავლობაში კარგი შედეგები არ მოვითხოვოთ. ნაკრები გუნდების განვითარების ასეთი სტრატეგია კი ქომაგში რა რეაქციასაც გამოიწვევს ყველა ერთად ვნახავთ.

ასევე ბევრი კითხვაა ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობაზეც. კლუბების მესვეურები, ჯერჯერობით, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, თუმცა კერძო საუბრების დროს უკმაყოფილებას ვერ მალავენ. უმჯობესი იქნება, ამ მხრივ კლუბებთან მეტი სამუშაო ჩაატარონ...

ედო ბადალაშვილი (sportall.ge):
- გაცილებით მეტის მოლოდინი იყო, თუმცა მთლად უარყოფითადაც ვერ შევაფასებ განვლილ ერთ წელიწადს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარიგებული მატჩებისადმი გამოჩენილი სიმკაცრე. ადრე თუ გვიან, ეს სიბინძურე უნდა დასრულდეს და ამას ზომები სჭირდება, რომელსაც ფედერაცია მიმართავს...

რამდენიმე კლუბს ინვესტორი გამოუჩნდა და ამასაც ფედერაციის მიღწევად ჩავთვლი, რადგან განვითარების ის 5-წლიანი პროგრამა, რომელიც დამტკიცდა, ინვესტორებისთვისაც მიმზიდველია...

კარგია, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი ლიგის მატჩების პირდაპირ ეთერში ჩვენებაც დაიწყო. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ცალკე ტელევიზიაც შეიქმნება. კარგი სიახლეა ქალთა ეროვნული ჩემპიონატიც...

კარგია, რომ საფეხბურთო ღონისძიებებმა იმატა რეგიონებში - სუპერთასის ჩატარება ქუთაისში, ახალგაზრდული ნაკრების თამაშები ზესტაფონში...

მაგრამ, როგორი კარგი ფეხბურთიც არ უნდა ეთამაშა ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასა და უელსში, ნაკრებიდან კახა ცხადაძის გათავისუფლება მაინც ფედერაციის მინუსად ჩაითვლება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ მიზეზს, რომელიც მათი მხრიდან დასახელდა...

ვერ ვხედავ ასევე ფეხბურთის განვითარების ფონდის მნიშვნელობას, რომელიც ამ ფედერაციის მიერვე შეიქმნა.

პირადად ჩემთვის, მიუღებელი იყო ის ფაქტიც, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. გასაგებია, ამას ორი მხარე აქვს, მაგრამ მე უარყოფითად ვუყურებ ამ ფაქტს. ასე რომ, იყო დადებითიც და უარყოფითიც. მთლიანობაში კი, უკეთესი მომავლის იმედით, ეს ერთი წელიწადი შემიძლია შევაფასო, როგორც - ნორმალური.

ოთარ მუმლაძე (mysports.ge):
- არჩევნებიდან ერთი წელიწადი გავიდა, ეს დრო კი ფედერაციის საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, ვეცდები, მეტ-ნაკლებად ამომწურავად ვისაუბრო იმ მთავარ აქცენტებსა და მიმართულებებზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ პოზიტიური ან ნეგატიური კუთხით შეიცვალა...

დავიწყებ ეროვნული ნაკრებით. ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის შესაფასებლად, რატომღაც, ეროვნული ნაკრების შედეგებს მთავარ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე, ჩემი აზრით კი, ეს არასდროს ყოფილა და არც იქნება ფედერაციის საქმიანობის მთავარი ინდიკატორი. გასულ წელს ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. თანაც საკმაოდ ხისტი და მტკივნეული ფორმით - ვგულისხმობ კახა ცხადაძის გათავისუფლებას...

ეს უკვე წარსულია და გუნდსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ, ყურადღებას სხვა დეტალზე გავამახვილებ. არ არის საჯარო ვლადიმირ ვაისის ხელფასი, რაც, ვფიქრობ, პრობლემაა. მაქვს ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის ნაკრებშიც და ალმათის "ქაირათშიც" ვაისის ანაზღაურება იმაზე მეტი იყო, რამდენსაც ფეხბურთის ფედერაცია ცხადაძეს სთავაზობდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რეალურად რამდენს იღებს სლოვაკი მწვრთნელი.

ასაკობრივ ნაკრებებს რაც შეეხება, გასულმა ერთმა წელიწადმა აჩვენა, რომ 21-წლამდელებში მთავარი მწვრთნელის ცვლილების გარდა, ყველა სხვა ასაკობრივ გუნდში ასეთმა ცვლილებამ უარყოფითი შედეგი მოიტანა.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ 17-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. წარუმატებლად ჩაატარეს ელიტრაუნდის მატჩები 19 და 17-წლამდელებმაც, არადა ორივე ასაკში ბოლო წლების განმავლობაში შედეგი ყოველთვის იყო, თანაც - სტაბილურად. მაგალითად, 17-წლამდელთა ნაკრებში, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მესამე მწვრთნელს უწევს მუშაობა. არსად მსგავსი რამ არ ხდება. ამ ასაკის ბავშვებში მწვრთნელების ხშირი ცვლა დაუშვებელია, თუნდაც მხოლოდ ფსიქოლოგიური კუთხით. იმედია, 19-წლამდელთა ნაკრები 2017 წლის ზაფხულში თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ითამაშებს. ეს ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება.

ვფიქრობ, გასულმა წელიწადმა აჩვენა, რომ ფეხბურთის ფედერაციას უფრო ქმედითი აღმასრულებელი კომიტეტი სჭირდება. ჩემი აზრით, 11-კაციანი (თანაც პრეზიდენტის ჩათვლით) აღმასკომი არც ისე წარმომადგენლობითია. კომიტეტში ყველა კერძო კლუბის მფლობელის ხმაც უნდა ისმოდეს და არა - მხოლოდ ორი თუ სამი კლუბის.

უსამართლო გადაწყვეტილება შეეხო საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას". ლიცენზირების კომიტეტმა ამ კლუბს ლიცენზია ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო არ მისცა, არადა, "ვიტ ჯორჯია" წლებია, მცხეთაში, საკუთარ არენაზე თამაშობს. მონაწილეობას იღებს საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში, გასულ წელს სულაც ნახევარფინალში ითამაშა...

გარდა იმისა, რომ "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არ მისცეს, "მცხეთა პარკი" ამოღებულ იქნა იმ სტადიონების ნუსხიდან, სადაც 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო. ამ ორი გადაწყვეტილების რეალურ მიზეზებზე ფეხბურთის ფედერაციას დღემდე არ ულაპარაკია. "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე ამ ფაქტებს მის წინასაარჩევნო პოზიციას უკავშირებს. ერთი წლის წინ მან არჩევნებში ხმა რევაზ არველაძეს მისცა...

ფეხბურთის მასობრიობის კუთხით, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. კარგია, რომ ტარდება რეგიონთა თასი, რომელიც ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენას უწყობს ხელს. ასევე ფეხბურთის პოპულარიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანია ისეთი ტურნირები, როგორიცაა, მაგალითად, უბნის თასი. ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ რეგისტრირებული პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელების მცირე რაოდენობაა.

მნიშვნელოვანია ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაც. ბოლო წლებში ფიფა და უეფა ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე სოლიდურ ფინანასებს ხარჯავენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ ტენდენციას ფეხი ფეხბურთის ფედერაციამაც აუწყოს.

დიმა შარიქაძე (adjarasport):
- ფედერაციის მთავარი შეცდომა კახა ცხადაძის გათავისუფლებაა. თავდაპირველად, ახალი ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო მწვრთნელის მუშაობით, თუმცა შემდგომ მკვეთრად განსხვავებული განცხადებები გააკეთეს. ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის და მისი გუნდის ერთწლიანი ნაყოფიერი მუშაობა დასრულდა, თუმცა ღიად არ ითქვა კონფლიქტის რეალური მიზეზი...

ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოსთან ერთად ფეხბურთის განვითარების პროგრამის შექმნით გააჩინა წარმატების და, პირველ რიგში, სტაბილურობის იმედი, რომ დასრულდება ექვსთვიანი და მოკლევადიანი მიზნები ქართულ კლუბებში. პროგრამის შექმნიდან 8 თვეზე მეტი გავიდა და არ დაწყებულა არც ერთი საგანმანათლებლო პროგრამა. ვგულისხმობ ფიზიკური მომზადების მწვრთნელთა, ანალიტიკოს მწვრთნელთა, სპორტულ ექიმთა თუ მარკეტოლოგთა სასწავლო პროგრამებს. იმედი მაქვს, ეს პროგრამები უახლოეს მომავალში განხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი არსებობა აზრს დაკარგავს...

საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გამართეს ამხანაგური მატჩები. ვაისის გუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რუმინეთსა და სლოვაკეთს შეხვდა, გია გეგუჩაძის გუნდი კი - საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც ამ ეტაპზე თავის ასაკში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

სპარინგ-პარტნიორების შერჩევის კუთხით ფედერაციამ ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. ასევე, ნოემბერში 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის თბილისის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ჰოლანდიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, რაც ასევე ძალიან პოზიტიური მოვლენაა...

ფეხბურთის ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალექსანდრე ჩივაძე გაათავისუფლა და გია გეგუჩაძე დანიშნა...

ასევე ძალიან კარგი არჩევანი იყო ვლადიმირ ვაისის მოწვევა, მაგრამ თუ ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ასაკობრივ ნაკრებებში არსებული სტაბილური გარემო აიმღვრა. წარუმატებლობის შემდეგ ყოველთვის ადვილია კრიტიკა, მაგრამ გაურკვეველია რატომ გადაწყდა ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებიდან 17-წლამდელებში გადაყვანა, მაშინ, როცა მან 19-წლამდელებში ნაკრებთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.

საკამათოა გოჩა ავსაჯანიშვილის გათავისუფლებაც, რომელიც, წარმატების მიუხედავად, ელიტრაუნდამდე მცირე ხნით ადრე მოხსნეს.

ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის დროს მაღალ თუ შედარებით დაბალ თანამდებობას არაერთი პირი დაემშვიდობა. ცხადია, ცვლილებები ნებისმიერ ორგანიზაციაში ხდება, რაც ზოგჯერ მტკივნეული და აუცილებელი პროცესია, თუმცა თანამშრომლის უარგუმენტოდ დათხოვნა ფედერაციის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მათ შორის იყო ასაკობრივი ნაკრებების მედიაოფიცერი ეკა ელოშვილი, რომელმაც უეფას ორგანიზებით თბილისში ჩატარებულ ფეხბურთის მენეჯმენტის კურსებზე უმაღლესი შეფასება მიიღო, მაგრამ ფედერაციაში მომხდარ ცვლილებებს მისი უსაფუძვლო გაშვება მოჰყვა...

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფეხბურთის მასობრიობის კუთხით. იმართება საქართველოს თასის გათამაშება სამოყვარული ფეხბურთში, რომელშიც 5 ათასზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობს. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა გუნდების რაოდენობა მეორე ლიგაში. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ დაბალ თუ სამოყვარულო ფეხბურთშია და კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის ამ მხარესაც მიექცა ყურადღება.

სანდრო გამსახურდია (იბერია):
- ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის შესაფასებლად, ბუნებრივია, ერთი წელიწადი არ არის საკმარისი, რადგან წარმატებული მუშაობა შედეგით იზომება, შედეგი კი ერთ წელიწადში არ მოდის. თუმცა გატარებული რეფორმების ნაწილით კმაყოფილი ვარ. ეს ეხება 250-მილიონიან ინვესტიციას ფეხბურთში და ჩემპიონატის ფორმატის მართებულ ცვლილებას...

იყო შეკითხვები ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული გუნდის მწვრთნელების უსამართლო მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ამ თემამ დროებით აქტუალობა დაკარგა, რადგან ქვეყნის პირველმა ნაკრებმა უკანასკნელ შეხვედრებში საგრძნობლად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი.

მთავარი მინუსი კი, რაც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა, ის არის, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობას პარლამენტარობაც შეუთავსა და პოლიტიკაში გადაინაცვლა. ფეხბურთი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. სხვათა შორის, ლევან კობიაშვილისგანაც მაქვს ეს მოსმენილი არაერთხელ. როგორ გაართმევს ორივე საქმეს თავს, ამას დრო გვიჩვენებს, მე კი, ჩემის მხრივ, წარმატებას ვუსურვებ არსებულ ფედერაციას რთულ გზაზე.

პაატა ძნელაძე (დამოუკიდებელი ჟურნალისტი):
- პირველ რიგში, რაც თვალში საცემია, ეს გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლაა. ასევე დადებითად ვაფასებ მომდევნო წლიდან 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლას. სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა ამ ერთი წლის განმავლობაში დადებითად უნდა შეფასდეს. ბოლო ორმა სანაკრებო თამაშმა კი დაგვნახა, რომ ეროვნული გუნდის თამაშის ხარისხიც აშკარად ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

დიმა ნებიერიძე (adjarasport.com)
- დადებითად შევაფასებდი ფედერაციის ერთწლიან მოღვაწეობას. ზოგადად, მომწონს საქმისადმი მათი მიდგომა, ცდილობენ, სწორად იმუშაონ. კარგია ინფრასტრუქტურული პროექტები... ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა გახდეს ჩემპიონატის დონის ამაღლებისა და ნაკრებების წინსვლის საქმეში. მისასალმებელია გამკაცრებული ლიცენზირების ეტაპები, იმედია კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნები...

გარიგებულ მატჩებს აშკარად ებრძვიან და მწვავედ რეაგირებენ ამ საკითხზე, რაც ასევე მისასალმებელია.

არ არის ვინმეს ლობირების ფაქტები და თანაბრობის პრინციპია. წინა აღმასკომის წევრები და გუნდები პრივილეგირებულები იყვნენ, აქ კი, მაგალითად, ფრიდონ ინჯია აღმასკომშია და "მერანი" მაინც დაისაჯა. ასევე, აღმასკომის წევრია ბესო ჩიხრაძე, მაგრამ "გაგრა" სასჯელს ვერ გადაურჩა.

როგორც ვიცი, ძალიან კარგი პროექტებია და მუშაობის პროცესშია ახალი ჩემპიონატის ბევრი დეტალი - შეფუთვა, ლოგო, სახელი, ტრანსლირება, ვებგვერდი, გაშუქების საკითხი... იმედი მაქვს, ამ კუთხით ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება...

ამუშავდა სოციალური მედია, ფეისბუქის გვერდი აქტიურია, ბევრი საინტერესო მასალა იდება. ასევე ოპერატიულად მუშაობს ვებგვერდი, ნაკრებებს მედიამენეჯერები დაჰყვებიან შეკრებებზე და თბილისიდან ტელეფონით არ უწევთ შემადგენლობების ჩაწერა და ფეხბურთელის მობილურით გადაღებული გუნდური ფოტოს საიტზე დადება...

21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის დანიშვნა სწორი ნაბიჯი იყო. ასევე, პროგრესირებს ეროვნული ნაკრები, ფედერაციამ გეგუჩაძე და ვაისი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს, რადგან ორივე მწვრთნელი სწორად მუშაობს...

კარგ ფაქტად დავასახელებდი და მივესალმები უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის, თასის თამაშებზე ფედერაციის ხელმძღვანელების და თანამშრომლების დასწრებას...

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატიც დადებითად უნდა შეფასდეს, ასეთი კარგად ორგანიზებული ტურნირებით ეროვნული ნაკრებიც განვითარების გზას დაადგება...

არ მომეწონა ლევან კობიაშვილის პოლიტიკაში წასვლა, რადგან მგონია, რომ ეს მას ბევრ დროსა და ენერგიას წაართმევს. კარგი იქნებოდა, მთელი ძალები მხოლოდ ფეხბურთისკენ მიემართა, მაგრამ იმედი მაქვს, თუ პარლამენტში შევა, სპორტის კომიტეტში იმუშავებს და იქიდანაც დაეხმარება ქართულ ფეხბურთს.

დავით ერაძე (რუსთავი 2):
- მთლიანობაში უარყოფითად შევაფასებდი. კითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე - პასუხები. აშკარად არ გაამართლა ექსპერიმენტმა ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებთან დაკავშირებით, გარდამავალმა ჩემპიონატმაც უამრავი კითხვა დაბადა...

ფედერაცია, უბრალოდ, ვალდებული იყო, ალტერნატიულ გზაზე უფრო მეტი ეფიქრა. ამ გარდამავალი ჩემპიონატის უარყოფითი მხარე მალე შეგვახსენებს თავს.

ნეგატივია ფედერაციიდან კვალიფიციური კადრების გაშვება იმ მოტივით, რომ ისინი მათი გუნდის წევრები არ არიან.

მოლოდინი გაცილებით დიდი იყო, თუმცა... წინ კიდევ სამი წელიწადია და გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ ფედერაციის დღევანდელ გუნდს ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ.

ილია ნანობაშვილი (მსოფლიო სპორტი):
- მთლიანობაში, დადებითად ვაფასებ. ჯერ ერთი, წელიწადი გავიდა და ბევრი რამ ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ იმატა მასობრიობამ, შეიქმნა ახალი გუნდები, ფედერაცია ყველანაირად ცდილობს ფეხბურთის პოპულარიზაციას. აღდგა რამდენიმე გაუქმებული კლუბი. ბევრი ფეხბურთელი, ვისაც ადრე ფეხი გადაუბრუნდა და მიატოვეს, ფეხბურთს დაუბრუნდა. ისინი მეორე და მესამე ლიგებში გამოდიან...

გასათვალისწინებელია მოყვარულთა ლიგის დაარსებაც. მომწონს, რომ 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაზე გადავდივართ. ფედერაცია იბრძვის გარიგებული მატჩების წინააღმდეგ, გამოვლინდა ფაქტებიც. შეძლებისდაგვარად, ყველა თამაშზე აგზავნიან დამკვირვებლებს. კარგი იქნება, თუ ეს უფრო მკაცრად გაკონტროლდება...

ეროვნულ ნაკრებს სამედიცინო და აღმდგენი საშუალებები შეუძინეს, რაც მცირე თანხა არ დაჯდა. ამის დასტურია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა სამდღიან მონაკვეთში ორივე მატჩი სათამაშო უპირატესობით ჩაატარა ირლანდიასა და უელსში, ისე, რომ გამძლეობის პრობლემა არ ჰქონია.

გაუარესდა შედეგები ასაკობრივ ნაკრებებში. ეს უფრო 17-წლამდელებზე ითქმის, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამ ასაკში მომავალზე გათვლაც საჭიროა და შედეგიც. მთავარია, სელექცია აქტიურად ტარდება და შეცდომებიც აღმოიფხვრება.

ვახო გაფრინდაშვილი (მაესტრო):
- ერთი წელი შესაფასებლად ცოტაა, თუმცა არის საკითხები, რომელიც ცალსახად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, პირველ რიგში - კლუბების დაფინანსება, თუმცა აქ სახელმწიფოს როლი უფრო დიდი მგონია, ვიდრე ფედერაციის. გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურია, მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია.

გაუგებარია, ასაკობრივი ნაკრებების უარყოფით შედეგებზე ფედერაციის პოზიცია მწვრთნელებთან მიმართებაში. აქ არ იგულისხმება გია გეგუჩაძე. ნეგატიურად ვაფასებ კახა ცხადაძის გაშვებას...

ლაშა თაბაგარი (adjarasport.com):
- დავიწყებ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. არჩევნები პირველად ჩატარდა ისე, რომ ჩარევა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, კანდიდატურა არავის მოუხსნია.

ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის შეფასება უნდა დავიწყოთ იმით, თუ რა დახვდათ მათ. ბევრ ქვეყანაში ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას აწყობილი ხვდება ყველაფერი, ჩვენთან კი ასე არასოდეს ყოფილა და გამონაკლისი არც ეს ფედერაციაა - მილიონობით ვალი, შეჩერებული მშენებლობები...

ჩვენ ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. ყველაზე მთავარი, რაც მინდა გამოვყო, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნაა. შეიძლება, ფონდის საქმიანობა თავიდან ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ჩვენ ხუთ წელიწადში უნდა გვყავდეს დაახლოებით 60 კერძო კლუბი და ესაა მთავარი...

ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს ახალი სპონსორი "ვითიბი ბანკის" სახით და ვისურვებდი, სხვა სპონსორებიც გამოჩნდნენ. ტარდება ასაკობრივი ჩემპიონატები, ქალთა პირველობა...

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები პირადად ესწრებიან ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს და ეს მისასალმებელია. შეურიგებელი ბრძოლაა გარიგებული თამაშების წინააღმდეგ...

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში განვითარებულ მოვლენებს. უდიდეს პატივს ვცემ კახა ცხადაძის მიერ ნაკრებში გაწეულ სამუშაოს. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციას ის უარესი მწვრთნელით არ ჩაუნაცვლებია: ვლადიმირ ვაისს არც სახელი აკლია და არც - გამოცდილება.

მივესალმები იმას, რომ ბოლო დროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, "იუთუბზე" დაიწყო ჩვენი ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია.

რაც შეეხება საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების შედეგს, ეს უფრო სისტემური პრობლემა მგონია. ამავე დროს, მინდა ვთქვა კლუბების პასუხისმგებლობაზე. როცა ერთი სკამია შესაცვლელი, როცა ერთი სარეველაა ამოსათხრელი, ამისთვის ფონდი რატომ უნდა შეაწუხო?!

ლევან ჯანეზაშვილი (ქრონიკა პლუსი):
- ერთი წელიწადი არ არის ის დრო, ყველაფერი ამომწურავად რომ შეაფასო, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოტანა კი შეიძლება.

შეფასებას დავიწყებ ეროვნული ნაკრებით. მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ "ათიანში გაარტყა" ვლადიმირ ვაისის სახით. ადრე, "ლელომ" სანაკრებო თემაზეც ჩაატარა გამოკითხვა და მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა აღმოსავლეთევროპელი მწვრთნელი სანაკრებო გამოცდილებით...

კახა ცხადაძემ რწმენა ჩაუნერგა თემურ ქეცბაიას მიერ დემორალიზებულ ნაკრებს, ვაისი კი ამ გზას წარმატებით აგრძელებს. მჯერა, მალე ეროვნული გუნდის შედეგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევ ციკლში კონკრეტულ სახეს მიიღებს.

გაამართლა 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის დანიშვნამ. ძალიან დროული ნაბიჯია ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ათამდე შემცირება. 10-გუნდიანი პირველობა ჩვენთვის ოპტიმალურია.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ სულზე მოგვისწრო, შეურიგებელი ბრძოლაა გარიგებული თამაშების წინააღმდეგ... მოკლედ, შეფასება დადებითია.

გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა):
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას მაშინ შევაფასებ, როცა მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურება. ისე, საუკეთესო შემფასებელი გულშემატკივარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
გარიგებული მატჩების მონაწილეები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად ეგრევე უნდა მოიკვეთონ ჩემპიონატიდან, მან მილიონი ტუ იშოვა რას უზამს 6 ქულის დაკლება? არაა 6 ეს ქულის დაკლება საკმარისი. და სხვა აღარ გაიმეორებს იგივეს
barsa
17:46 24-10-2016
0
გარიგებული მატჩების მონაწილეები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად ეგრევე უნდა მოიკვეთონ ჩემპიონატიდან, მან მილიონი ტუ იშოვა რას უზამს 6 ქულის დაკლება? არაა 6 ეს ქულის დაკლება საკმარისი. და სხვა აღარ გაიმეორებს იგივეს
barsa
17:40 24-10-2016
0

სიახლეები პოპულარული