ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა

AutoSharing Option
დღეს ლეგენდარული დიდი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ წერილს სპორტული ჟურნალისტის, დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"...

* * *
ცნობილია, რომ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელი სპრინტერის, ჯესი ოუენსის გამარჯვებით გაღიზიანებულმა ფიურერმა სტადიონის სამთავრობო ლოჟა დატოვა და ერთადერთი ტელეკამერით გადაცემულ რეპორტაჟს უყურა.

მე ვერ დაგისახელებთ მაშინდელი საცდელი ტელერეპორტაჟის წამყვანის ვინაობას, მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ მერე და მერე, ტელეინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, სპორტული რეპორტაჟი თანდათან უპირველეს სანახაობად იქცა, ხოლო დღეს მაღალი კლასის
კომენტატორის ავტორიტეტი, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ასპარეზობის ტელერეიტინგს განაპირობებს, სპორტსმენის ავტორიტეტსა და პოპულარობასაც განსაზღვრავს.

სწორედ ამ კრიტერიუმით, ქართული სპორტის, რადიოსა და ტელევიზიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორ კომენტატორს: ეროსი მანჯგალაძეს და კოტე მახარაძეს.

იმ მშვენიერ საღამოს, როცა ახლობლებმა და მეგობრებმა ერთად აღნიშნეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 85-ე წელი, შეკრებილთა თვალწინ ეკრანზე გაცოცხლდნენ საქართველოს სახალხო არტისტის სცენური სახეები, დოკუმენტურმა ფილმებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმდროინდელ მრავალეროვან, უზარმაზარ ქვეყანაში საყოველთაოდ აღიარებული კომენტატორი, რომელიც თბილისისა თუ მოსკოვის, ლენინგრადისა თუ კიევის, ერევნისა თუ ბაქოს ტელემაყურებლებისა და რადიომსმენელების სასურველი სტუმარი იყო ყოველთვის.

დღეს, ალბათ, ზედმეტადაც მოგეჩვენებათ კოტე მახარაძის პროფესიულ ღირსებებზე საუბარი, მაგრამ არ შემიძლია ერთი გარემოება არ შეგახსენოთ: 1978 წლის შემოდგომაზე თბილისიდან ცენტრალური ტელევიზიისათვის ფეხბურთის მატჩების რეპორტაჟების ტექნიკური მომსახურების პრინციპი შეიცვალა. მანამდე აქედან გადაცემულ რეპორტაჟს დასავლეთ საქართველოში რუსულ ენაზე ისმენდნენ და იქაური ფეხბურთის თაყვანისმცემლები, პირდაპირ გეტყვით, ზოგჯერ ემდუროდნენ კიდეც კოტე მახარაძეს, რადგან ვერ ეგუებოდნენ მის ობიექტურობას, მის პრინციპს - არასოდეს დაემცირებინა თუნდაც დიდი ანგარიშით დამარცხებული სტუმართა გუნდი და მოთამაშეები.

გარდა იმისა, რომ ირონიული ტონი თავისთავად სრულიად უცხო და მიუღებელი იყო ამ უაღრესად კორექტული, განათლებული ადამიანისათვის, იგი მეტოქეებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით უფრო ღირსეულად, დამსახურებულად წარმოაჩენდა ჩვენი გუნდის გამარჯვებას.

მეორე მხრივ, ისიც ხომ ფაქტია, რომ სწორედ კოტე მახარაძის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ტელეკომენტატორის ასეთმა დახვეწილმა და ტაქტიანმა შეფასებებმა ეჭვმიუტანელი გახადა მისი ობიექტურობა და გაუადვილა, სახელი და ავტორიტეტი მოეტანა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებისთვისაც სანატრელი იყო ნაკრებში თამაში...

ჩვენ ძალიან დიდხანს ვმუშაობდით ერთად საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში, ვესწრებოდით მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებს, "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების მატჩებს უცხოეთში. რასაკვირველია, მალე დავმეგობრდით, არაფერს მიმალავდა.

...1981 წლის აპრილის დამლევს ცენტრალური ტელევიზიის სპორტული პროგრამების მთავარი რედაქციის კოორდინატორ ალექსანდრ კოროლიოვს დავურეკე და ვკითხე, რომელი რიცხვიდან აპირებდნენ თასების მფლობელთა თასის ფინალზე დასავლეთ გერმანიაში კოტე მახარაძის მივლინებით გაგზავნას.

პასუხი სრულიად მოულოდნელი იყო: ოზეროვი უარზეა, ძალიან გადატვირთული ვარ, თანაც, თბილისშიც ვეღარ ჩავალ, "დინამომ" რომ წააგოსო. ამიტომ სარქისიანცს ვუფორმებთ მივლინებას, მახარაძეზე კი არაფერი უთქვამთო, - მიპასუხა თანაგრძნობით ჩემმა მეგობარმა საშამ.

მაშინვე, თითქოს არაფერი ვიცოდი, მაინც გავამზადე მოსკოვში გასაგზავნად მოხსენებითი ბარათი კოტე მახარაძის მივლინების შესახებ. არსებული წესის მიხედვით ხომ ცენტრალური ტელევიზია კომენტატორს მხოლოდ უცხოეთის ქვეყანაში მივლინების ხარჯებს უხდიდა.

მოხსენებითი ბარათი კანცელარიაში ჩავაბარე და... პასუხმაც არ დააყოვნა: უფრო საინტერესო იქნება ცენტრალური ტელევიზიის კომენტატორის რეპორტაჟი. კოტე ხომ ჩვენია და ახალი რაღა უნდა თქვას თბილისის "დინამოზე", სხვა კომენტატორისგან მოსმენილ ქებას კი მეტი ფასი ექნებაო.

ალბათ,  ცეკაში არ მოიწონეს ჩემი წინა რეპორტაჟიო, - მაშინვე ასეთი დასკვნა გააკეთა კოტემ, როცა ყველაფერი ვუამბე. ასეთ ეჭვს თითქოს საფუძველიც ჰქონდა: ჰოლანდიის "ფეიენოორდისა" და "დინამოს" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის რეპორტაჟის დროს კოტემ არ დაზოგა, მიწასთან გაასწორა ავსტრიელი არბიტრი "ვიორერი", რომელიც ურცხვად ეხმარებოდა მასპინძლებს და დაუფარავად ცდილობდა თბილისში ანგარიშით 0:3 დამარცხებული გუნდის ფინალში გაყვანას. კოტემ რამდენჯერმე კინაღამ დაკარგა წონასწორობა და ალბათ, ახლა ამიტომაც დაეჭვდა. ყველაფერს გავარკვევო, - მითხრა ტელეფონით საუბრისას.

მესამე დღეს საშა კოროლიოვმა დამირეკა - კოტე მახარაძის მივლინება ფინალურ მატჩზე ამ დილით გაფორმდაო. იმავე საღამოს, როცა შინ ვესტუმრე, კოტემ მიამბო, რა მოხდა ჩვენი იმდღევანდელი საუბრის შემდეგ. როგორც მითხრა, მან საქმის გასარკვევად გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორს, გიორგი ბედინეიშვილს მიაკითხა, რომელიც მაშინვე პირდაპირი ტელეფონით დაუკავშირდა ცეკას პირველ მდივანს. არც მე და არც ცეკას რომელიმე წევრს არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ფინალის რეპორტაჟი კოტე მახარაძემ წაიყვანოს, პირიქით, ამას რა აჯობებსო! - ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძის პასუხი.

ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წუთში, ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოს ხელმძღვანელმა სერგეი ლაპინმა ახალი ინფორმაცია მიიღო... ისევ თბილისიდან.

ვფიქრობ, ეს ფაქტიც დაგაინტერესებთ: ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა ლევან ყიფიანმა და მე ქუთაისში წავიყვანეთ ახლა უკვე უეფას მსაჯთა დამკვირვებელი, ავსტრიელი ფრანც ვიორერი. თბილისის "დინამოს"  არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი გამიგონიაო, - გვითხრა მან უტიფრად...

...ერთხელ კოტეს ვკითხე, ვინ მიაჩნდა ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს ქართული თეატრის უპირველეს მსახიობად-მეთქი.

"უშანგი ჩხეიძე! ქართულ სცენაზე სხვას, ასეთი ნიჭით დაჯილდოებულს, ფეხი არ შეუდგამსო, ასე ფიქრობს და ამ თემაზე კამათსაც არ აპირებს", - მიპასუხა მან და შემდეგ თავისი სახელოვანი სიდედრის, ქალბატონი ვერიკოს ნაამბობი ერთი ეპიზოდიც გაიხსენა:

"ქუთაისის თეატრის დასი თბილისში დიდი წარმატებით ჩატარებული გასტროლის შემდეგ მატარებლით უკან ვბრუნდებოდით. გამთენიისას, ერთ-ერთ სადგურზე, ჩვენი თეატრის ხელმძღვანელმა კოტე მარჯანიშვილმა ყველა გაგვაღვიძა, საძილე ვაგონის ფანჯრებში გაგვახედა და ხმამაღლა გვითხრა: "Смотрите, ето Зестафони, Царское село грузинского театра". კოტემ შემატყო, რომ ძალიან გამიხარდა ამ ამბის მოსმენა.

შემდეგ ისევ და ისევ უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო ანთაძე, ზესტაფონში დაბადებული შალვა დადიანი და მომდევნო თაობების ის მსახიობები და თეატრალური მოღვაწეები გავიხსენეთ, რომლებმაც ასახელეს ქართული თეატრი და კინო.

...დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს ზესტაფონის რკინიგზის სადგურის წინ სოფიკო ჭიაურელის "ვოლვო" მოგვადგა. მანქანას მართავდა კოტეს მეგობარი - ირაკლი დოლიძე, თბილისში ტახოს სახელით ცნობილი ახალგაზრდა კაცი. ის ჯერ ჩემთვის უცნობ თანამგზავრს დაემშვიდობა, მერე მე გადამეხვია - კოტე უკან წევს, ნაქეიფარია. თბილისში მივდივართ, საღამოს იქ უნდა ვიყოთო, - თავისებურად, ერთბაშად მომაყარა. როცა ვუთხარი, რომ მეც თბილისში ვაპირებდი შუადღის მატარებლით გამომგზავრებას, მაშინვე შემომთავაზა, რაღას უცდი, როგორც მეუბნები, მატარებელი იგვიანებს, ბარემ ერთად წავიდეთ, ჩვენ გამოგვყევიო.

მეც დავემშვიდობე გასაცილებლად მოსულ ჩემს მეგობრებს, რომლებიც დილიდანვე არ მირჩევდნენ მანქანით წამოსვლას, რადგან შროშიდან ხაშურამდე გზა მოყინული იყო. ტახოს გვერდით მივუჯექი. კოტემ თვალი გაახილა, წამოიწია - არ დამენახვო, დამიყოლიეს ხომ ზესტაფონელებმა, იმდენი ღვინო დამალევინესო, - და ისევ წაუძინა. უნდა გენახა, ქუთაისში ქორწილში როგორ ითამადა, სახლში წასვლა აღარავის უნდოდაო, - ამაყად მითხრა ტახომ.

კოტე მახარაძე, რასაკვირველია, აღიარებული თამადა იყო, თანაც მასთან ქეიფი ყველას ესახელებოდა და უხაროდა, მით უმეტეს, ქუთაისში, სადაც ასე უყვართ სტუმარი და შეუდარებელი მოლხენაც იციან.

აქ მისივე მონაყოლი ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: თურმე ერთხელ, ქუთაისში ჩასულ კოტეს თანამეინახეები დაენაძლევნენ - რეპორტაჟის დროს ღვინოს ვერ ახსენებო. კოტემ უკან არ დაიხია, ოღონდ ერთი პირობით: ღვინის ნაცვლად "შარაფს" ვიტყვიო. მართლაც, სულ რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და უნგრეთის ქალაქ სომბატხეის გუნდის ამხანაგური მატჩის რადიორეპორტაჟის დროს განსაკუთრებით აქებდა სტუმართა მარცხენა გარემარბს: "აი, რა კარგად თამაშობს შარაფი"... "ისევ შარაფის ზუსტი პასი"... "არაჩვეულებრივად ურტყამს შარაფი" და სხვა.

დინამოელებმა 1:3 წააგეს, კოტემ კი ნაძლევი მოუგო ქუთაისელ მეგობრებს, მერე ჭიშურის რესტორანში დიდებული სუფრა გაიშალა და აღარავის აინტერესებდა უნგრელი მარცხენა გარემარბის ნამდვილი გვარი...

დეკემბრის იმ სუსხიან დღეს კი გზა მართლაც ყინულით იყო მოსარკული. ტახოს 30-40 კილომეტრის სიჩქარით მოჰყავდა მანქანა, უღელტეხილზე ძლივს გადმოვედით. კოტე ნელ-ნელა გამოფხიზლდა - ილაპარაკე და მეც მალაპარაკეო... ხაშურის მერე აღარ გავჩუმებულვართ.

როგორც იქნა, თბილისში ჩამოვაღწიეთ და, მარჯანიშვილის თეატრს რომ მივადექით, სპექტაკლის დაწყებამდე თხუთმეტი წუთი რჩებოდა.

მეორე დღეს ტელევიზიაში ისევ იმ ზესტაფონელ მასპინძლებზე მელაპარაკა: ნეტავ ეს მაინც გამაგებინა, რა ღვინო ჰქონდათ; ჩემს ცხოვრებაში კვაჭი ასე კარგად არ მითამაშია, თბილისში "ფორმაში" უნდა შევხვდე იმ ახალგაზრდებსო, - მითხრა ღიმილით.

...საბოლოოდ მოსაგონრად დამრჩა შთაბეჭდილებებით, ემოციებით, ზოგჯერ მოულოდნელი თავგადასავლებით გალამაზებული ურთიერთობის, მეგობრობის ოთხ ათეულ წელზე მეტი.

1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამოს" ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს, დიუსელდორფში, "რაინშტადიონზეც" ერთად ვიყავით: მე - ჟურნალისტების ლოჟაში, კოტე მახარაძე - თავის პოსტზე, კომენტატორის მიკროფონთან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფალმა დაუმკვიდროს ბატონ კონსტანტინეს(კოტეს) სულს ნათელი მარადიულ სასუფეველში. ბედნიერები ვიყავით იმ სიბნელეში, რომ გვყავდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც ბატონი კოტე იყო.
gizog
14:27 17-11-2016
0
ჩემს ბავშვობაში სამი მამაკაცის ხმას მილიონ ხმაში ამოვიცნობდი. ესენი იყვნენ მამაჩემი,კოტე მახარაძე და დავით ქლიბაძე. სამწუხაროდ ეროსი მანჯგალაძის რეპორტაჟებს მე ვერ მოვესწარი.დათო ქლიბაძეს ჰქონდა ძალიან კარგი გადაცემა სპორტული კალეიდოსკოპი რომელიც თვეში მხოლოდ ერთხელ გადიოდა და მერე იმეორებდნენ და მეც მოუთმენლად ველოდი ამ გადაცემას. ისე კი კარგი იქნება თუ საქართველოს ტელევიზიის არქივში მოძებნიან ბატონ კოტეს 60 წლის იუბილეს ვიდეო ჩანაწერს და გვაჩვენებენ.მარტო კახი კავსაძის გამოსვლაც კი იუმორის და სიცილის ზეიმი იყო.თურმე კოტე მახარაძე თეატრალურში მისი მეტყველების მასწავლებელი ყოფილა და კახი საოცარ რაღაცეებს ყვება.ახლაც რომ მახსენდება მაშინვე კარგ ხასიაღზე ვდგები.
zaza
13:34 17-11-2016
0

სიახლეები პოპულარული