[ოთხშაბათის საკითხავი] სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო!

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთზე თუ წერ, სამტრედიულ ამბებს გვერდს ვერ აუვლი. აბა, იქაურობაზე გულგრილად როგორ უნდა წერო. ადგილზე, სადაც ფეხბურთი მეფობს. ადგილზე, სადაც თამაშობს გუნდი, რომელიც შეძლებისდაგვარად ალამაზებს ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს, არნახულად რომ დაკარგა თვითმყოფადობა...

ვიცი, რომ ცხენი შეკაზმული უნდა მყავდეს, მაგრამ ჩემს რუბრიკაში ძვირფას სამტრედიელებს მეგობრული საყვედურიც უნდა ვაკადრო. თანაც, იმედია, სწორად გამიგებენ და არც "გასაქცევად" მექნება საქმე...

ცეცაძის წვლილი
ისე წარიმართა ჩემი ჟურნალისტური სვე-ბედი, გია ცეცაძეს საერთოდ არ ვიცნობ. ისე მოხდა, რომ ამ 15 წლის განმავლობაში ათასი ბედისა თუ გაქანების ადამიანს
გადავეყარე ამ ქართულ საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ ცეცაძესთან არასოდეს მისაუბრია. მინახავს მხოლოდ პრესკონფერენციებსა თუ თამაშებზე და ძალიან დახვეწილ ადამიანად წარმომიდგენია.

როგორც ჩანს, დახვეწილია მისი საფეხბურთო გემოვნებაც. ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც გულგრილს ვერაფრით დაგტოვებს. კი, რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთში არის შეცდომები და ნაპრალები, რომლებიც ჯერ კიდევ ამოსავსებია, მაგრამ ის კი ნათლად ჩანს, საით მიდიან გუნდი და მწვრთნელი, რა უნდათ, რას ცდილობენ... ქართული საკლუბო ფეხბურთის უბადრუკ დღევანდელობაში ეს უკვე მისასალმებელია. ბურთის ფლობა, ბევრი პასი და კომბინაცია - ეს არის ცეცაძის გაწვრთნილი გუნდის საფირმო ნიშანი.

"სამტრედიამ" სხვანაირად თამაშიც იცის. მე მინახავს სხვანაირად მოთამაშე, შედეგზე ორიენტირებული "სამტრედია" ერთ-ერთ გასვლით შეხვედრაში, მაგრამ გულზე ხელი უნდა დავიდო და ისე დავწერო - მე ასეთი მირჩევნია.

ცეცაძე კი მართლაც განსაკუთრებულ მწვრთნელად მოჩანს ჩვენს სამწვრთნელო კორპუსში, რადგან მან დაკარგვას თითქმის მთელი თაობა გადაარჩინა. გუშინდელი ძალიან წარმატებული იუნიორები კვლავ გამოიყვანა ასპარეზზე და მათ წინსვლა-განვითარების შანსი მისცა.

ეს ისეთი პროექტია, რომ გინდა თუ არა, სიმპათიით განეწყობი. პირადად მე მოუთმენლად ველოდები ევროთასებს და ვაპირებ, ამ გუნდის წარმატების უშუალო მომსწრე გავხდე. ეგაა, "სამტრედიას" ძალა და შანსები ერთიორად მოიმატებს, თუ მოხერხდება და გუნდი ევროპელ მოწინააღმდეგეს საშინაო ასპარეზზე დაუხვდება.

საიდუმლო არავისთვისაა: "ეროსი მანჯგალაძეზე" "სამტრედია" სულ სხვა ხარისხის და გაქანების გუნდია. იქ ისეთი გარემოა, რომ ფეხბურთის თამაშს, ალბათ, ფეხბურთის სრულიად უცოდინარიც კი შეძლებს.

ეროსი...
არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩემთვის ამ სტადიონს ყველაზე საყვარელი სამტრედიელი კაცის სახელი ჰქვია. მე ბევრი ლეგენდად ქცეული სინამდვილე ვიცი ეროსი მანჯგალაძეზე და ისიც ვიცი, რომ სადაც ამ კაცის სახელი და გვარი ურევია, იქ სულ ნაღდი ფეხბურთი უნდა იყოს, სიყალბე არ უნდა გაერიოს...

სამტრედიაში ნანახ-განცდილმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტევა არ იყო. რომ იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. შევედი სტადიონზე და ჩემ წინ კიდევ უფრო საკვირველი სურათი გადაიშალა - ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი ვერ ვნახე!

როცა ყველა სტადიონზე ასეთი დასწრება გვექნება, როცა თითოეულ მატჩზე ამდენი ქომაგი მოვა, მაშინ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ და დავწეროთ, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესის გზაზე დგას. ჯერჯერობით კი...

დავუბრუნდეთ სამტრედიას. 90 წუთის განმავლობაში იყო ქომაგობა. ხშირად ზედმეტად ემოციური. უშუალოდ სტადიონზე არ მინახავს, მაგრამ მერე ვნახე ვიდეო, სადაც ვიღაცა ვიღაცას რაღაცას ესვრის. სამაგიეროდ, მე ვნახე ტრიბუნაზე მობილიზებული ძალიან ბევრი სამართალდამცველი. რომ არა ისინი, შეიძლება რაღაც მართლა მომხდარიყო...

უზენაესი ნიჭი
მე მესმის, რომ "რომას" ქომაგი, სპორტული თვალსაზრისით, ვერაფრით შეიყვარებს "ლაციოს" ქომაგს. ჩემი ერთ-ერთი მეგობრისგან ვიცი, რომ რომაული დერბის დროს ერთმანეთთან ძმებიც კი უბრობენ, მაგრამ იტალია დიდია. იტალია ამას გადაიტანს.

მე მინდა ვნახო სავსე ქართული სტადიონები და აღარ ვნახო ასე ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართველები. ისიცაა, რომ სამტრედიელი ქომაგის ზედმეტი აგრესიულობა ხშირად გარკვეულწილად ხიბლს უკარგავს მათ მართლაცდა გამორჩეულ მხარდაჭერას.

რა თქმა უნდა, ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. ჩვენ ჯერ კიდევ მძაფრად გვატყვია 90-იანი წლების კვალი, როცა მავანთა მსახვრალმა ხელმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის დიდი ზღვარი გაავლო.

სხვაზე რა უნდა დავწერო, როცა ხანდახან სულით და ხორცით პროვინციელი ამ ზღვარის მტკივნეულობაში საკუთარ თავსაც ვიჭერ ხოლმე, მაგრამ არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს. როდისმე ჩვენ უნდა დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ მოღერებული ავტომატები და ერთურთს ყვავილები ვესროლოთ...

თბილისელ, სამტრედიელ, ქუთაისელ თუ ყველა ქართველ კაცს უნდა ახსოვდეს - ერთი პატიების ნიჭი უზენაესი ნიჭია ამ ქვეყანაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ 90-იანების გარიჟრაჟი, როცა მტერი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, როცა ქართველს ქართველისთვის ასროლინა, როცა ქართველი ქართველის ხელით მოკვდა...

რა თქმა უნდა, ჩვენი დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაშიც არის წუთები, რომლებსაც დღემდე ვერ ივიწყებს სამტრედიელი ქომაგი. როცა მათი გუნდი ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და... არ გახადეს. არც არის იოლად დასავიწყებელი, მაგრამ ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავწიროთ ქვეყნისთვის.

მე მინდა, კიდევ ბევრჯერ ჩავიდე სამტრედიაში და კიდევ ბევრჯერ ვნახო ფეხბურთზე გაგიჟებული ალალი ხალხი. ვნახო აგრესიის გარეშე, მხოლოდ ფეხბურთზე მოფიქრალი. მე მინდა, რომ ჩამსვლელმა დამხვდურს პატივი სცეს და - პირიქით.

მე მინდა, სიყვარულის მზით განათებული სამტრედია ვნახო. ხომ გახსოვთ სიმღერა - "სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო"... ასეთი სამტრედია მინდა ვნახო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
რა შემადგენლობაზე ლაპარაკობთ ან რა ამხანაგურებზე, მაკედონიის ვარდარმა ორივე მატჩში რომ გაკვეთილი ჩაუტარა გუნდს ის არ გახსოვთ...მე იმას კი არ გეუბნებით დინამოს ეკუთვნოდა-თქო, მაგრამ თამაშებს რომ აკეთებდნენ ფაქტი იყო....ახლა ლოგიკაზე რომ დაიწყებ საუბარს ცოტა ფეხბურთი ნანახი უნდა გქონდეს...მაგ. "ალანია" ჩემპიონი რომ დახდა თამაშების 95%-გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ მაგრამ უშუალო კონკურენტებს ("სპარტაკს"უპირვლესად, რომელიც ლიგაზე ყველა მატჩს იგებს ჯგუფში)მოუგო....შედეგი რა იყო?ალანიაშემდეგ წელს ლიგაზე სამარცხვინოდ გამოვიდა, ისევე როგორც "სამტრედია" უეფაზე...საერთოდ ჩვენთან მიზნის მისაღწევად მოსულა და არცერთ ხარისხი არ აინტერესებს...გავლენ ახლა და შევხედავთ "დინამოც" და "სამტრედიაც" რა გოზინაყები იქნებიან...
asurbanifali
06:05 08-05-2016
0
ასურბანიფალის.შენი თქმით ესეიგი სამტრედია როცა ჩემპიონი იყო ფაქტიურად, დინამოს კი უგებდა თამაშებს მაგრამ საპოვნელასთან აკეთებდა თამაშებს ხო?ეს ხომ ლოგიკას აცდენილია?მაშინდელ დინამოს თუ უგებდა აუტსაიდერ საპოვნელას ვერ უგებდა? გადახედე მაშინდელი ხურცილავას გუნდის შემადგენლობას და ნახავ ჭირდებოდა კი აუტსაიდერებთან თამაშების კეთება?როცა უფრო ამბიციურ გუნდებს თავის მსაჯებიანათ უგებდა თუნდაც რუსული ტურნე როცა მოსკოვის ლოკომოტივიც დაამარცხა და დინამოც, ასევე თურქეთში თვით ტრაპზონსპორიც?
romandro
12:32 05-05-2016
0

სიახლეები პოპულარული