გოგა გახოკიძე: კიტეიშვილით ევროპული კლუბები დაინტერესდა, კაშიას საკითხზეც ვმუშაობთ

AutoSharing Option
დღეს "ლელოს" საინტერესო რესპონდენტი ჰყავს - გოგა გახოკიძე, "ვიტესის" წარმომადგენელი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახლოვდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდი და სხვადასხვა დროს მას არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი კარიერის უკეთეს გუნდში გაგრძელების მოსურნე ქართველი ფეხბურთელებისთვის.

ამ ინტერვიუში ის სწორედ ამ თემებზე საუბრობს...

- საინტერესოა, რამდენად იაქტიურებს "ვიტესი" ქართულ სატრანსფერო ბაზარზე?
- იანვარში უნდა ჩავიდე არნემში და დაველაპარაკო კლუბის ხელმძღვანელობას. არ
ის კიდევ ინტერესი ქართველი ფეხბურთელის მიმართ, ოღონდ, ეს სხვა საკითხია.

- ვინ არის ეს ფეხბურთელი?
- თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი. დამეთანხმებით, ის თავის თაობაში ერთ-ერთი გამორჩეულია. კარგია ისიც, რომ ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს.

- მისით დაინტერესებული კლუბი "ვიტესია"?
- არა, არ არის "ვიტესი".

- ჰოლანდიური ან ბელგიური გუნდები არიან?
- არც ერთი ამ ქვეყნის კლუბი არ არის. არის ორი ევროპული ქვეყნიდან ინტერესი და მოდით, ჯერ არ დავაკონკრეტებ. არ არის საჭირო სიჩქარე, მერე ვისაუბროთ ამაზე, როცა უფრო კონკრეტული გახდება ეს ყველაფერი.

- ხომ არ იცით, როგორ იქნება ვაკო ყაზაიშვილის საქმე? ამბობენ, რომ ის "ვიტესში" დაბრუნდება...
- ბოლოს არნემში რომ ვიყავი, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. თუმცა ვნახოთ, არაფერია გამორიცხული, მათ შორის, არც "ვიტესში" დაბრუნება. ძალიან ცუდია, ვაკოს "ლეგიაში" სათამაშო პრაქტიკა რომ არ აქვს.

- ცოტა ხნის წინ თბილისში ოთხთა ტურნირი ჩატარდა 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის. რომელიმე თქვენი ნაცნობი მენეჯერი ხომ არ ჩამოსულა ამ ტურნირზე?
- იყო ჩამოსული ჩემი ესპანელი მეგობარი და ძალიან მოეწონა გიორგი არაბიძის თამაში. ვუთხარი, ეს ბიჭი უკვე დაკავებულია-მეთქი...

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეროვნული ნაკრების რომელიმე ფეხბურთელისთვის გამოძებნოთ ახალი კლუბი?
- ვმუშაობთ გურამ კაშიას საკითხზე. თუ გამოჩნდა გუნდი, რომელიც შესთავაზებს მას "ვიტესზე" უკეთეს პირობებს, არ არის გამორიცხული, ტრანსფერი შედგეს კიდეც.

- კი, მაგრამ კაშიამ ცოტა ხნის წინ ხომ გააგრძელა კონტრაქტი "ვიტესთან"? ეს ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება?
- გურამი გუნდის კაპიტანია. მან ბევრი გააკეთა "ვიტესისთვის" და ამას კლუბში კარგად აცნობიერებენ, დიდი ავტორიტეტი აქვს და არა მგონია, ტრანსფერში ხელი შეუშალონ.

- კაშია თითქოს მზად არის თუნდაც ევროპული ტოპ-ჩემპიონატის საშუალო გუნდში სათამაშოდ...
- აბსოლუტურად გეთანხმებით! არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც გრანდში უნდა გადავიდეს, მაგრამ ამ დონეზე სათამაშოდ ნამდვილად მზად არის. ის ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, მზა ფეხბურთელია.

- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩზე უნდა გკითხოთ აზრი...
- დავესწარი მოლდოვას ნაკრებთან თბილისურ მატჩს. აქამდე რაც ვნახე, ვლადიმირ ვაისის ყველა მატჩი მომეწონა. ის კარგი მწვრთნელია, თუმცა ყველას აქვს კარიერაში უიღბლო მატჩები. ვფიქრობ, მოლდოვასთან შეხვედრაში ვაისი შეცდა შეცვლების დროს. ვიგებდით და უკეთესი იქნებოდა, აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გაკეთებულიყო. ჩემი აზრით, შეცდომა იყო თუნდაც ვაკო გვილიას მინდვრიდან გაყვანა.

- სიტყვამ მოიტანა და, მოგწონთ გვილია?
- ძალიან! რაც მთავარია, ის არის თავმდაბალი ადამიანი. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელის ზოგადი თვისება: ერთ ან ორ თამაშს ითამაშებს მაღალ დონეზე და თავში უვარდება. გვილია ასეთი არ არის.

- ის ბევრი მენეჯერისთვის მიმზიდველი ლუკმაა. ხომ არ აპირებთ მასთან თანამშრომლობას?
- გავიცანი ვაკო, დაახლოებით 20 წუთი ვისაუბრეთ. ჩვენს ჯგუფს ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ბატე-სთან. გვილია კარგ გუნდში თამაშობს, მაგრამ თუ შესაძლებლობა მექნება, საკუთარი წვლილი შევიტანო მის კარიერულ წინსვლაში, ეს მხოლოდ გამახარებს.

- დაბოლოს, ქუთაისის "ტორპედოზე" უნდა გკითხოთ. ბოლო დროს ამ კლუბთან თანამშრომლობდით. რამდენიმე დღის წინ "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო...
- რაც შეეხება ოფიციალურ თანამშრომლობას, ის ძალიან მცირე ხანს გაგრძელდა. ჩემი მეგობარი ზაალ ჩაჩავა უნდა მისულიყო კლუბში და ეს პროცესი ახლაც მიდის. მირჩევნია, საფუძვლიანად ვაკეთო ის საქმე, რომელშიც ახლა ვარ. არ მინდა, ორ კურდღელს გავეკიდო და ვერ ცერთი ვერ დავიჭირო. ისე, ყველანაირად ვიქნები ჩემი მეგობრების გვერდით...

რაც შეეხება თასის ფინალს, ის ძალიან კარგ გარემოში ჩატარდა, კარგი თამაში გამოვიდა და მინდა, "ტორპედოს" გამარჯვება მივულოცო, "მერანს" კი კომპლიმენტები ვუთხრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო გოგა 19წ არ მოგეწონათ?არავინ მიგყავთ?ასეთი სამარცხვინო 19წ 17წ არასოდეს გვყოლია ან არაბიძემ რა ითამაშა ამ საცოდავების თამაშის შემხედვარე გაოცდა და ვერ ითამაშა ესენი ხო მაღალ დონეზე იყვნენნ მეტრეველი გაოცებული წავიდა ამ ტამასების ნახვის მერე თქვენც გაოცდებოდით მოგებას ვინ ითხოვდა ერთი ბურტი ვერ გაიტანეს ამ საცოდავებმა
gulshematkivari
27 ნოემბერი 2016 21:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული