"ტორპედო" ფინალში, ფეხბურთი შარში

AutoSharing Option
ამ შეხვედრაში კარგიც ბევრი იყო და ცუდიც. სკანდალები და დავიდარაბა ქართულ ფეხბურთს ისედაც არ აკლდა და ამას გუშინ კიდევ ერთი უმსგავსობა დაემატა. ჩვენი საქმე, უპირველესად, თამაშია და ჯერ ამაზე ვთქვათ, მერე კი ორივე გუნდის ქომაგთა ბარბაროსულ საქციელზე.

შეხვედრას არაერთი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო. თამაშიც საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. საგოლე მომენტებიც ბლომად შეიქმნა. ეგაა, ხან მეკარეები ყოჩაღობდნენ, ხანაც ფორვარდებს აკლდათ სიზუსტე. საბოლოოდ, "ტორპედოს" უფრო გაუმართლა და ფინალშიც ითამაშებს. ელიტაში დაბრუნებული ქუთათურებისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია, თუმცა არა გვგონია, ამბიციური "ტორპედო"
მხოლოდ ფინალისტობას დაყაბულდეს. ქუთათურები ევროსაგზურს უმიზნებენ და საამისოდ ერთადერთი შანსი თასის მოპოვებაა.

გუშინ ზესტაფონში მართლაც საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. სავსე ტრიბუნები, თავიანთი კლუბების ფერებში შემოსილი ქომაგები, დროშების ფრიალი, დოლების ბაგაბუგი... შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო. მართალია, გია გიგატაძემ ფრთხილი ტაქტიკა არჩია, მაგრამ "ტორპედო" დაცვაში არ ჩამდგარა. პირიქით, სწრაფი კონტრშეტევებითა და სახიფათო შორეული დარტყმებით აწუხებდა მეკარეს.

მე-4 წუთზე სეთურიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ბურთი ოდნავ ასცდა ზესტაფონელთა კარს. ცოტა ხანში ჩიკვილაძემ დაარტყა უზუსტოდ. მე-16 წუთზე კი ქუთათურებმა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. დოლიძე-კვარაცხელია-ქებაძის კომბინაციისას უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ხელსაც არავინ უშლიდა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ კარს ააცილა. ორიოდე წუთში დოლიძემ შეამოწმა კვასხვაძის მზადყოფნა.

სტუმრები ზესტაფონელებს ძალიან მჭიდროდ, უხეშობის ზღვარზე ეთამაშებოდნენ. გეგუჩაძის შეგირდებს აშკარად უჭირდათ ქუთაისელთა დაცვაში "ხვრელების" მოძებნა. პირველი რეალური სახიფათო მომენტი მათ 27-ე წუთზე შექმნეს: დვალი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მას ქებაძე მეურვეობდა და მასთან ორთაბრძოლაში ზესტაფონელმა ფორვარდმა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. ზესტაფონელები ქებაძის მხრიდან წესების დარღვევის დაფიქსირებას და პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ხიდეშელმა გაგზავნა კარისკენ და მიგინეიშვილმა ითამაშა ზუსტად. მან გუშინ მართლაც ივარგა და თავისიანების წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

35-ე წუთზე კვარაცხელიასა და ონიანს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სიტუაცია დაიძაბა, ფეხბურთელების დასაწყნარებლად მოედანზე ორივე გუნდის მწვრთნელები შევიდნენ და მდგომარეობაც მალე განიმუხტა. "ჩხუბისთავები" კრიჭაშვილმა ყვითელი ბარათით დასაჯა, თუმცა შეეძლო, უფრო მკაცრიც ყოფილიყო.

შესვენების შემდეგ უპირატესობას "ზესტაფონი" დაეუფლა. ფეროელები გოლის გატანას, ტორპედოელები კი დროის გაყვანას და სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ. თუმცა მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. 61-ე წუთზე ქუთაისელთა რიგებში გია მეგრელაძე გამოჩნდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ვეტერანი ფორვარდი აქტიურად ჩაერთო თამაშში და მის გამოსვლას ტორპედოელთა გააქტიურებაც მოჰყვა.

69-ე წუთზე სეთურიძემ ქებაძეს უპასა, მან კი უკეთეს პოზიციაში მყოფ მეგრელაძეს დაუგორა ბურთი, თუმცა გიას დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს. მომდევნო შეტევისას მანვე ჩიკვილაძის ფლანგურ პასს თავი შეაგება, მაგრამ კვასხვაძემ აუღო. 75-ე წუთზე კი მეგრელაძემ საჯარიმოს გარედან უძლიერესად გაისროლა და კვასხვაძემ ნახტომით მოიგერია ბურთი.

ბოლო წუთებმა მასპინძელთა გააფთრებულ შეტევებში ჩაიარა. აქტიურობდნენ მოედანზე შემოსული გორგიაშვილი, ჭანკოტაძე და წინამძღვრიშვილი. 89-ე წუთზე ზესტაფონელთა მწვავე შეტევას უძლიერესი დარტყმით დვალი აგვირგვინებდა, გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მიგინეიშვილმა სასწაულებრივად მოიგერია ბურთი, დამატებაზე გრიგალაშვილი ურტყამდა, მაგრამ მას უკვე დიღმელაშვილი გადაეღობა.

ტორპედოელებმა გამარჯვებით ძალიან გაიხარეს. ქუთათურებმა ფინალში გასვლა თავინათი ქომაგების სექტორთან იზეიმეს. ამის შემდეგ კი დაიწყო... ქუთაისელ ფეხბურთელებს გვირაბში გასვლისას სხვადასხვა საგანი დააყარეს თავზე და წყალიც ბლომად გადაასხეს. პოლიცია იძულებული გახდა, აგრესიული გულშემატკივრები დაეშოშმინებინა. "ზესტაფონის" ფანკლუბის წევრებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ "ტორპედოს" ფეხბურთელმა ქომაგები პროვოკაციაზე წამოაგო.

თავის მხრივ, არც "ტორპედოს" ქომაგებს აქვთ საამაყოდ საქმე, რომლებმაც გული სკამების მტვრევით მოიოხეს და ერთი სექტორი, ფაქტობრივად, მთლიანად მოაოხრეს. ერთ-ორ გულშემატკივარს ამ დავიდარაბისას თავიც გაუტყდა. ბოლო აკორდი კი "ტორპედოს" ფანების ავტობუსებზე ქვებით თავდასხმა და მინების ჩამტვრევა იყო.

ასეთი ბრძოლა იყო გუშინ ზესტაფონში... მოედანზეც და მოედნის მიღმაც.

ზესტაფონი. სტადიონი, დ.აბაშიძე 4500 მაყურებელი
ზესტაფონი-ტორპედო 0:0

ზესტაფონი ტორპედო
4-4-2 4-5-1
რ. კვასხვაძე მიგინეიშვილი
ალადაშვილი დ.ფოფხაძე
გ. ონიანი ს. თოდუა
გ. ხიდეშელი ფარულავა
გ. ფოფხაძე ჩიკვილაძე
დაუშვილი დოლიძე
ბაბუნაშვილი დიღმელაშვილი
გრიგალაშვილი ქებაძე
აფციაური დათუნაიშვილი
დვალი გ. სეთურიძე
გელაშვილი ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი: მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე გ. გიგატაძე

63. ბაბუნაშვილი-გორგიაშვილი
71. გ. ფოფხაძე-წინამძღვრიშვილი
78. აფციაური-ჭანკოტაძე
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ბენაშვილი, ლომია

61. კვარაცხელია-მეგრელაძე
77. ქებაძე-საბანაძე
88. დოლიძე-თარხნიშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გიგაური, გოცირიძე

გაფრთხილება: დილიძე(9), თოდუა (24), კვარაცხელია(38), ონიანი (38), გელაშვილი (40), ალადაშვილი (52), დიღმელაშვილი (79)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

დავით კოხრეიძე ზესტაფონიდან
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად გინახავთ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გულშემატკივრები მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს კოლექტიურად აგინებდნენ?
qifsuta-7
16:27 05-05-2011
0
როცა ჩვენ ფეხბურთელებს სროლა დაუწყეს და არ გაუშვეს გასახდელში მერე ცვენსკენ წამოვიდენ იმიტო რომ ჩვენსკენ იყო გასასვლელი. ჩვენ ფხაკაძეებმა გვთხოვეს არ აყვეთ პროვოკაციას გაანებეთ ტავიო და ჩვენ ტაშის დაკვრა დაუწყეთ და ამათმა კი ჩვენ ქვები დაგვიშვეს და მოხდა სკამების მტვრევა ამიტო ქუტაისლები არაფერ შუაში არიან. მერე გარეთ გამოვედით და მარშუტკები დალეწენ
kutaisi
14:40 05-05-2011
0

სიახლეები პოპულარული