ზვიად ჯელაძე: შსს გორის "დილას" დაფინანსებაში ეხმარება, მოედანზე ხომ არა?

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრა" გორის "დილას" დაუწყვილდა.

"გაგრას" მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე ნახევარფინალში საბრძოლოდ არის განწყობილი და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტად გაძლიერებულ გუნდთან დაპირისპირება არ აშინებს.

- ნახევარფინალში სასურველი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ თქვენ მაინც გამორჩეულად არასასურველი შეგხვდათ...
- "დილა" მართლაც ძლიერი მეტოქეა, დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო. მცირე ხნის წინ ჩემპიონატში შევხვდით და ვერავინ იტყვის, რომ რაიმე დავუთმეთ.

სამწუხაროდ, გამოუცდელობამ დაგვაღალატა, თორემ მათზე ნაკლებად არ გვითამაშია. ან რა მნიშვნელობა
აქვს, ყველაზე ძლიერ მეტოქეს ნახევარფინალში შევხვდებით თუ ფინალში? ყველაფერი ორ თამაშში წყდება და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ კი საბრძოლო განწყობა გვაქვს.

ან რატომ არიან "ზესტაფონი" და "მეტალურგი" გორელთა გუნდზე სასურველი მეტოქენი?

- ბევრი იმ ლოგიკით მსჯელობს, რომ რადგან "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდია, მასთან ბრძოლა შეგეშინდებათ. თუმცა, საეჭვოა, ასეთი რამ მოხდეს...
- რა თქმა უნდა, ან შიში რა შუაშია? შსს "დილას" დაფინანსებაში ეხმარება, მაგრამ არა მოედანზე და არასპორტულ მოგებაში. ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

- წმინდა სპორტულ მხარეზე ვილაპარაკოთ: "გაგრას" გამოუცდელი ბიჭებით ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი წევრებით დაკომპლექტებულ "დილასთან" დაპირისპირება ძნელი იქნება...
- ეს სხვა ამბავია, მაგრამ ამ ბიჭებმა უკვე საკმაო გამოცდილება მიიღეს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ქართულ ფეხბურთში თავის ხმამაღალ სიტყვას იტყვიან.

მიხარია, ასეთ ნიჭიერ, მონდომებულ და შეგნებულ ბიჭებთან რომ ვმუშაობ და მათი გულწრფელად მჯერა. დარწმუნებულიც ვარ, რომ ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

- ჩემპიონატში "დილასთან" ახლახან ჩატარებული მატჩი ახსენეთ. მეტოქის სუსტ წერტილებზე რას გვეტყვით?
- ძლიერი გუნდია, ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მინუსებიც აქვს. თუმცა მეტოქის სუსტ მხარეებზე საჯაროდ ლაპარაკი გაუმართლებელი მგონია.
ამას ჩემთვის მოვინიშნავ და შევეცდები, ეს ინფორმაცია დაპირისპირების დროს გამოვიყენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული