გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე მიიჩნევს, რომ ნახევარფინალში უხერხული მეტოქე შეხვდა და იოლ გასეირნებას არ ელის.
- გულახდილად რომ ვთქვათ, ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე შეგხვდათ...
- კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით. "გაგრა" საქართველოს თასის მფლობელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ჩემპიონატში ორი კვირის წინ ვითამაშეთ და მაშინაც გამოჩნდა, რა სერიოზული მეტოქეა. დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და საკმაოდ გვანერვიულეს კიდეც.
- თუმცა თქვენს წყვილში ფავორიტი მაინც "დილაა"...
- დამიჯერეთ, თასის ნახევარფინალში ძლიერი და სუსტი
- ეს ზოგადად. კონკრეტულად მეტოქეს როგორ დაახასიათებდით?
- "გაგრა" მებრძოლი, მოძრავი, მოტივირებული და ჯანმრთელი კოლექტივია. გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - "გაგრა" თითქმის მთლიანად ახალგაზრდა და სახელს მოწყურებული ბიჭებით არის დაკომპლექტებული. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ნახევარფინალში თამაში კიდევ უფრო ძნელია, რადგან მატჩებს მეტი, ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი ეყოლება და თავის გამოჩენის განსაკუთრებული მოტივაცია უჩნდებათ.
- ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ შეთამაშების პრობლემას ნელ-ნელა აგვარებთ...
- დრო ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. "გაგრასთან" მატჩიდან "მეტალურგამდე" ერთი კვირაც არ იყო გასული და გუნდი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ უფრო შევთამაშდებით და გავძლიერდებით.
- დაბოლოს, სად უმასპინძლებთ "გაგრას"?
- გორში სტადიონის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და აპრილის ბოლოს, ან მაისისთვის დასრულდება. ამის გამო, ალბათ, "გაგრას" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვუმასპინძლებთ, მაგრამ ჯერ ზუსტ პასუხს მაინც ვერ გაგცემთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"