ზვიად ჯელაძე: ბევრი ფავორიტი მინახავს, მერე რომ...

AutoSharing Option
საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი "გაგრა" 10 აპრილს, 18:00 სთ-ზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის "დილას" გაეჯიბრება.

თუ გადავხედავთ გუნდების შემადგენლობებს და იმას, თუ ჩემპიონატში ვინ რომელ ადგილზეა, ამ წყვილში ფავორიტი "დილა" უნდა იყოს, თუმცა ეს სათასო დაპირისპირებაა თავისი თავისებურებებითა და დრამატიზმით.

"დილა" ბევრად ამბიციური გუნდი ჩანს, მაგრამ არც "გაგრა" უნდა იყოს განწირული აუტსაიდერი. ჩემპიონატში თუ თასზე "გაგრას" არაერთხელ მოუგია ისეთი შეხვედრა, რომელშიც ფავორიტად არ მიიჩნეოდა.

როგორც უნდა იყოს, ეს ნახევარფინალია და ყველანაირი შედეგისთვის უნდა შევემზადოთ.

"ლელოს" კითხვებს "გაგრას" მთავარი
მწვრთნელი ზვიად ჯელაძე პასუხობს.

- ალბათ, თქვენც იცით, რომ უმეტესობას ამ ნახევარფინალში ფავორიტად "დილა" მიაჩნია. ეთანხმებით ასეთ შეხედულებას?
- არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს ფინალში გასასვლელად. ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში, 18 აპრილს გაირკვევა.

- სადავო არ უნდა იყოს, რომ "დილას" "გაგრასთან" შედარებით უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, "დილამ" საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა საშუასეზონო პერიოდში კვალიფიციური ფეხბურთელების შესაძენად...
- რა თქმა უნდა, ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს იმას, რომ "დილა" მართლაც კარგი და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა - ყველაფერს თამაში დაგვანახებს.

- და რის ხარჯზე უნდა მიაღწიოს თქვენმა გუნდმა წარმატებას გამოცდილ და სახელიან ფეხბურთელებთან?
- მატჩის წინ არ მსურს ჩვენი გუნდის კოზირებზე საუბარი. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი, ყველა გუნდს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. "გაგრა" ახალგაზრდული გუნდია და სწორედ ახალგაზრდული ჟინით, გაორმაგებული ენერგიით უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

- "გაგრა" რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა და ვერც ქვედა რვიანში გამოიყურება კარგად. რა არის ამის მიზეზი?
- ამ ყველაფრის ერთი მიზეზი არ არსებობს. ეტყობა, ყველამ დავაკელით რაღაც, მათ შორის, მეც. ვფიქრობ, ჩემპიონატში ჩვენი თამაში და შედეგი გამოსწორდება. წარუმატებლობა დროებითია, "გაგრა" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

- გსურთ დაარწმუნოთ გულშემატკივარი, რომ "გაგრა" ტოლ-სწორად ეთამაშება "დილას" და რომ ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს?
- ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ. იქნება ბრძოლა და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ისე, ბევრი ფავორიტი მინახავს, ხელმოცარული რომ დარჩენილა. "გაგრას" არც შარშან მიიჩნევდნენ ფავორიტად და თასი აიღო, არც წელს მიიჩნევენ ფავორიტად და გუნდი უკვე ნახევარფინალშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაგრა მართლაც კარგი გუდია. ამ გუნდში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. როსტიაშვილი 16 წლის არის. საკმაოდ ნიჭიერი ბიჭია.ზვიად ჯელაძე თავისისაკმისპროფესიონალია. ეს გუნდი დიდ წარმატებებს მიაღწევს.წარმატებები ბიჭებს.
messi
14:05 10-04-2012
0
გარანტირებული ადგილი გუნდში არავის არ უნდა ქონდეს.შანსი უნდა მიეცეს ყველას და ერთი შეცდომისთვის სანაგვეზე არ უნდა მოისროლო ფეხბურთელი.კონკურენციის გარეშე ვერცერთი გუნდი ვერ მიაღწევს წარმატებას.
malxazi
17:18 10-04-2012
0

სიახლეები პოპულარული