თუ გადავხედავთ გუნდების შემადგენლობებს და იმას, თუ ჩემპიონატში ვინ რომელ ადგილზეა, ამ წყვილში ფავორიტი "დილა" უნდა იყოს, თუმცა ეს სათასო დაპირისპირებაა თავისი თავისებურებებითა და დრამატიზმით.
"დილა" ბევრად ამბიციური გუნდი ჩანს, მაგრამ არც "გაგრა" უნდა იყოს განწირული აუტსაიდერი. ჩემპიონატში თუ თასზე "გაგრას" არაერთხელ მოუგია ისეთი შეხვედრა, რომელშიც ფავორიტად არ მიიჩნეოდა.
როგორც უნდა იყოს, ეს ნახევარფინალია და ყველანაირი შედეგისთვის უნდა შევემზადოთ.
"ლელოს" კითხვებს გორის "დილას"
- მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაიბარეთ "დილა", გუნდმა სტუმრად "დინამოსთან" ფრე ითამაშა, "მერანს" 4:2 მოუგო, ჩემპიონატის წინა ტურში კი სტუმრად "ზესტაფონი" დაამარცხა. პირველ რიგში, რა შეცვალეთ, რითი მოახერხეთ მოკლე დროში გუნდის თამაშის გაუმჯობესება?
- "დილაში" ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომ დაცვით თამაშზე ლაპარაკი არც უნდა იყოს. ჯობია, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ - აქეთკენ წავიყვანეთ საქმე და რამდენიმე შეტევითი კომბინაცია დავამუშავეთ - სულ ეს იყო, ძირფესვიანად არაფერი შეგვიცვლია.
- ალბათ, ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ნდობა გამოუცხადეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მანამდე არ იყვნენ მოწინავე პოზიციებზე "დილაში"...
- გოჩა ხოჯავა ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ თამაშებს ვაძლევთ და იმედია, მალე უკეთესადაც ათამაშდება. სასტარტოში გავამწესეთ გიგა ბეჭვაია და შოთა კაშია - ისინი არ არიან ნომინალურად საყრდენი ნახევარმცველები, თუმცა ამ პოზიციაზე ნათამაშები აქვთ და "დილაშიც" კარგად გაართვეს საქმეს თავი. მათი ძალიან კმაყოფილი ვარ.
- "დილა" ბევრს უკვე თასის ფინალში ჰგონია - გადამეტებულად არ გეჩვენებათ ის ავანსები, რაც თქვენს გუნდზეა გაცემული?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადამეტებულია. "გაგრა" ახლა უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ სათასო დაპირისპირება სულ სხვა რამეა. "გაგრას" ფეხბურთელები ბევრს შრომობენ, ახალგაზრდული, მოძრავი გუნდია და გასეირნება ნამდვილად არ გველის.
- "დილა" ამბიციურ კლუბად გადაიქცა და, ალბათ, ამ სეზონშივე ტიტულისთვის ან ევროსაგზურისთვის უნდა იბრძოლოს - ასეთია მოთხოვნა?
- თასი ან ევროსარბიელზე გასვლა ჩვენი სურვილია; მთავარი მიზანი და მოთხოვნა კი ის არის, რომ "დილამ" ლამაზი ფეხბურთი აჩუქოს გორელებს და მთელ საქართველოს.
- "ზესტაფონთან" მატჩზეც უნდა გკითხოთ - ჩემპიონს სტუმრად მოუგეთ, რაც შემთხვევით არ ხდება...
- ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ზესტაფონში თამაში საკმაოდ ძნელია. სწრაფად უნდა შეგვეტია, განსაკუთრებით კონტრშეტევა უნდა გვქონოდა სწრაფი - ასეთი სტრატეგია ავირჩიეთ და პირველ 15 წუთში ორი გოლი გავიტანეთ. იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი მეტოქეს ძალიან გაუჭირდა თამაშის შემობრუნება.
- "დილაში" რომ ბევრი გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელია თავმოყრილი, ფაქტია. ერთზე კი ცალკე უნდა გკითხოთ - მათე ვაწაძეს რა გაქანების ფორვარდად მიიჩნევთ?
- ვაწაძეს ევროპაშიც შეუძლია საკმაოდ მაღალ დონეზე თამაში, რასაც პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებითაც ამტკიცებს. საერთოდ, "დილას" ფეხბურთელებს ახლა შეთამაშება სჭირდებათ და მერე გაცილებით უკეთეს გუნდს მივიღებთ - ამის დიდი იმედი მაქვს.
- მანამდე კი თასის ნახევარფინალია. ეს ის ტურნირია, სადაც "დილას" აქვს წარმატების შანსი ამ სეზონში - რაიმე განსაკუთრებულს ვიხილავთ სათასო ბატალიებში?
- ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. დასამალი არაფერი გვაქვს, ალბათ, რაღაც ისეთსაც დავამატებთ, რაც ჯერ სხვებმა არ იციან. მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიურპრიზები კი მოსალოდნელი არ არის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თასიც აგეღოთ და ევროპაშიც გაგებრწყინოთ.