მეტალურგი-ზესტაფონი 0:1 - გაგრძელება იქნება!..

AutoSharing Option
18. 04. რუსთავი. ფოლადი. 1500 მაყურებელი
მეტალურგი-ზესტაფონი 0:1
0:1 გორგიაშვილი (18, აფციაურის პასით)

მეტალურგი ზესტაფონი
4-2-3-1 4-4-2
ბათიაშვილი რ. კვასხვაძე
გ. სეთურიძე ღონღაძე
კვარაცხელია კობახიძე
გავაშელიშვილი გ. ონიანი
ს. თოდუა ელიავა
დობროვოლსკი გორგიაშვილი
ქავთარაძე შარიქაძე
თექთურმანიძე დ. მუჯირი
ი. მაისურაძე აფციაური
გეწაძე წინამძღვრიშვილი
სიხარულიძე დვალი

მწვრთნელები
კ. ჟორჟიკაშვილი გ. ჭიაბრიშვილი

მეტალურგი
46. თოდუა - ჯაფარიძე
58. გეწაძე - ტატანაშვილი
77. ქავთარაძე - გ. მიქაბერიძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, მოდებაძე, ჭედია, მახვილაძე

ზესტაფონი
63. მუჯირი - ბაბუნაშვილი
66. წინამძღვრიშვილი - ოვონიკოკო
82. აფციაური - რაჟამაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, სამუშია, ს. ლომია, თევდ. გრიგალაშვილი

გაფრთხილება: დობროვოლსკი (84)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

მიმდინარე სეზონის ორი უდავოდ გამორჩეული გუნდი ერთმანეთს ფინალში რომ შერკინებოდა, ალბათ, ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ნახევარფინალური წყვილები კენჭისყრით შედგა და აბა, გაბედოს ვინმემ და თქვას, რომ წილისყრა "ბრმა" არ ყოფილაო!..

ასეა თუ ისე, ფინალისტები გაირკვნენ და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "ზესტაფონს" კვლავაც მიეცემა შანსი, საქართველოს თასი რომ მოიპოვოს. ეგ კი არა, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ 26 მაისს (ანუ თასის ფინალს) გია ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონის რანგში შეხვდეს.

თუმცა მოვლენების ასეთი განვითარების ნაკლებად სჯერათ რუსთავში: თასის წილისყრისას ხომ არ გაუმართლათ (რაღა მნიშვნელობა აქვს, ნახევარფინალში შეგნებულად დაწყვილდნენ "მეტალურგი" და "ზესტაფონი", თუ მართლაც ალალი კენჭისყრა იყო), სამაგიეროდ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი კვლავაც ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს.

ჰოდა, 6 მაისს მართლაც "დიდი მატჩი" (ქართული საზომებით, რა თქმა უნდა) გველოდება - თასი ნახევარფინალის მეტოქეების მონაწილეობით. თუმცა, იქამდე ხომ ორივე გუნდმა სამ-სამი მატჩი უნდა ჩაატაროს, ანუ გაგრძელება იქნება...

ახლა კი 18 აპრილს გამართულ მატჩზეც ვთქვათ, რუსთაველ (და არამარტო) ქომაგთა შორის დიდი ინტერესი რომ გამოიწვია. აღარაფერს ვამბობთ ვიპ-ლოჟაზე, სადაც უამრავი საპატიო სტუმარი თუ მასპინძელი პირველი ტაიმით უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ჰო, რასაც ფეხბურთი ჰქვია (ისევ და ისევ, ჩვენი საზომებით), ეს პირველ ტაიმში ვიხილეთ: მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალებით, ცალკეული ფეხბურთელების გაბრწყინებითა და, რაც მთავარია, ერთადერთი გოლითაც!

ისე, თამაშის სცენარი მართლაც უცნაური იყო: საწყისი 15 წუთი მასპინძელთა მართლაც აშკარა უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი, მხოლოდ ზუსტი დარტყმაღა აკლდა "მეტალურგის" გამუდმებულ იერიშებს. განსაკუთრებით კი ირაკლი მაისურაძის, გიორგი თექთურმანიძისა და ირაკლი სიხარულიძის შემტევი "ტრიო" აქტიურობდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასპინძელთა საბოლოო დარტყმებს ხან სიზუსტე აკლდა, ხან კიდევ სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე თამაშობდა დამაჯერებლად.

საერთოდაც, კვასხვაძემ ეს მატჩი ჩინებულად ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილიც შეიტანა. თუმცა ისევ პირველი ტაიმის საწყის წუთებს დავუბრუნდეთ, - მე-17 წუთი იქნებოდა, "ზესტაფონმა" პირველად რომ "გაბედა" მეტოქის საჯარიმოსთან მისვლა და პირველსავე ცდაზე თითქმის 100-პროცენტიანი მომენტიც შექმნა!

ჯაბა დვალის წამოწყებული კომბინაცია დავით მუჯირმა თავისი მართლა "საფირმო" პასით გააგრძელა და რატი წინამძღვრიშვილიც უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილს ვერ აჯობა. თუმცა ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იყო გასული, სტუმრებმა გოლი რომ გაიტანეს: თორნიკე აფციაურის შორეული პასის მერე თორნიკე გორგიაშვილმა ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგორა (მასპინძელთა უკანახაზელთა შეუთანხმებელი მოქმედება აშკარაზე მეტი იყო).

აი, ამის მერე "მეტალურგი" მხოლოდ ერთხელ დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ რევაზ გეწაძის დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

სამაგიეროდ, სტუმრებმა გაილაღეს და პირველი ტაიმის ბოლომდე რამდენჯერმე შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა: ჯაბა დვალისა და რატი წინამძღვრიშვილის დარტყმები ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია. ერთ ეპიზოდში დვალს სულ მცირედი დააკლდა. კულმინაცია კი მუჯირის უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენა იყო, თუმცა "მუმუმ" ბურთი რუსთაველთა კარს ზემოდან გადააცილა.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო: გიორგი სეთურიძის ფლანგური ჩაწოდების მერე რევაზ გეწაძე თავური დარტყმით ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

ამის შემდეგ ტემპიც დაეცა და ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო: გიორგი ქავთარაძესა და გიორგი თექთურმანიძეს დარტყმებს მართლაც "ოლიმპიური სიმშვიდით" აღუდგა წინ როინ კვასხვაძე. შეცვლაზე შემოსულმა აბაიომო ოვონიკოკომ კი ხელსაყრელი სიტუაციიდან ერთობ არაზუსტად დაარტყა.

მერე იყო მსაჯის მიერ დამატებული 3 წუთი და ის ეპიზოდიც, მასპინძელთა აზრით, არბიტრს "ზესტაფონის" კარში პენალტი რომ უნდა დაენიშნა. თუმცა ასე არ მოხდა და "ზესტაფონმაც" სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ფინალის საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტალურგი ევროპაზე გასასვლელად და მესამე ადგილისთვის რომ არ იბრძვის და უკვე გაინაღდეს თითქმის, მადლობა თქვან. რით აჯობეს წელს დინამოს და ტორპედოს? ერთ-ერთი ევროპის ლიგის საგზურის გარეშე რომ რჩება დიდი ალბათობით. წესით სამეულსაც არ იმსახურებს ეგ გუნდი
kapo
11:01 19-04-2012
0

სიახლეები პოპულარული