დილა-გაგრა 0:1 - თასი ხელის გაწვდენაზე

AutoSharing Option
18. 04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 4000 მაყურებელი
დილა-გაგრა 0:1
0:1 კვანტალიანი (89)

დილა გაგრა
4-4-2 4-5-1
სკენდერი ბეგაშვილი
ალადაშვილი ხუციძე
სალუქვაძე ტყეშელაშვილი
ინწკირველი ნარმანია
მეგრელიშვილი ჯგერენაია
კახელიშვილი სარდალიშვილი
კაშია ზვიადაძე
ბეჭვაია ყურულაშვილი
ს. გურული ჭკუასელი
ახალკაცი ნ. ჯიშკარიანი
ვაწაძე ჯერემია

მწვრთნელები:
თ. შალამბერიძე ზ. ჯელაძე

დილა

63. გურული - ხოჯავა
75. კაშია - ნ. ნოზაძე
87. ახალკაცი - გოგინაშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ბარაბაძე, კანდელაკი, თოთაძე

გაგრა
46. ზვიადაძე - ხოჯაშვილი
66. ჭკუასელი - ყიფიანი
74. ყურულაშვილი - კვანტალიანი
სათადარიგოები: მაღრაძე, კობერიძე, ნადირაძე, კიკნაველიძე

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

თასის მოქმედ მფლობელ "გაგრასთან" დაპირისპირებაში გორის "დილა" ისტორიაში პირველად
გავიდა საქართველოს თასის ფინალში.

ბუნებრივია, სტუმრად მოგებული პირველი მატჩის შედეგიდან (2:1) გამომდინარე, "დილა" შინ მოწინააღმდეგეს უკანმოუხედავად არ შეუტევდა. შეხვედრის დასაწყისიდანვე აქტიური თამაში ლოგიკურად "გაგრას" ფეხბურთელთა პრეროგატივა უფრო უნდა ყოფილიყო.

სტუმრებმა დებიუტში მართლაც მოიპოვეს ბურთის ფლობაში უპირატესობა, თუმცა საჭირო შედეგის დასაფიქსირებლად, ცხადია, მხოლოდ ესეც არ კმარა. მასპინძლები, მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევაზე დიდი ძალებით გადმოსვლისას, საპასუხო მწვავე კონტრშეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს.

აქედანვე აღვნიშნავთ, რომ ორივე ტაიმში ათ-ათწუთიან "აფეთქებებს" თუ არ ჩავთვლით, ფეხბურთელებმა საკმაოდ მოსაწყენი სანახაობა შესთავაზეს სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს. გულშემატკივარი პირველად მე-13 წუთზე სტუმრების მწვავე იერიშმა გამოაფხიზლა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, შეაშფოთა, რადგან სკენდერის კართან სახიფათო ფლანგური ჩაწოდებისას სტუმრები ახლოს იყვნენ მიზანთან.

ორ წუთში მოედნის ცენტრიდან რომან ახალკაცის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე მასპინძელთა ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი აღმოჩნდა, მაგრამ უშედეგოდ. მალე ჯონ ჯერემიას ახლო მანძილიდან გაცუდებული მომენტების ჯერი დადგა. სტუმართა ნიგერიელმა ლეგიონერმა მასპინძელთა ხორვატ მეკარეს ვერცერთხელ აჯობა.

აქედან მოყოლებული, სტადიონი რომ დაგეტოვებინათ და უკან შეხვედრის მიწურულისთვის მობრუნებულიყავით, მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩებოდათ. ვერ ვიტყვით, რომ სტუმრები რამე ღირებულის შექმნას არ ცდილობდნენ, მაგრამ სერიოზულ ხიფათამდე საქმე არ მიდიოდა.

მათგან ყველაზე მოუსვენარი და აქტიური ჯონ ჯერემიაც "დილას" კაპიტანს ლაშა სალუქვაძეს საიმედოდ ჰყავდა განეიტრალებული და სტუმართა ლეგიონერმაც მხოლოდ დაუღალავი სირბილით დაგვამახსოვრა თავი.

ვითარება არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. სტუმრების თამაში კიდევ უფრო უსაფრთხო ჩანდა "დილასთვის", თვითონ მასპინძლებმა კი ბურთის "დაჭერას" მიანიჭეს უპირატესობა და მოედნის ცენტრში გიგა ბეჭვაია, შოთა კაშია და რომან ახალკაცი დროს მოკლე პასებით კლავდნენ.

63-ე წუთზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ინერტული სანდრო გურულის ნაცვლად მოედანზე გოჩა ხოჯავა შეუშვა, ხოლო მისმა კოლეგამ ზვიად ჯელაძემ კიდევ ერთი შემტევი, შალვა კვანტალიანი გამოიყვანა. ეს შეცვლები ეფექტური გამოდგა, ვინაიდან ხოჯავა და კვანტალიანი აქტიურად ჩაერთნენ.

ხოჯავა ინდივიდუალური მოქმედებებით ხშირად ამწვავებდა თანაგუნდელთა შეტევებს, თუმცა, ცოტა არ იყოს, ზოგჯერ ბურთთან განშორება უჭირდა.

81-ე წუთზე კარის სიახლოვეს მყოფმა მათე ვაწაძემ ხოჯავასგან კარგი პასი მიიღო, ბურთი მკერდით ჩამოიღო და დარტყმაც მოახერხა, მაგრამ არაზუსტად. საპირისპირო კართან კი კვანტალიანის აქტიურობას მიხეილ სარდალიშვილის გოლი მოჰყვა, თუმცა არბიტრმა გააუქმა.

89-ე წუთზე კვანტალიანმა მაინც შეძლო თავის გამოჩენა: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მასპინძელთა კარში ზუსტად გადაგზავნა.

ერთ წუთში კვანტალიანმა საჯარიმოს სიახლოვიდან კიდევ ერთხელ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ამჯერად სკენდერმა იყოჩაღა და შესაბამისად, სასწაულიც (გნებავთ, ხმაურიანი სენსაცია) არ მოხდა. "დილას" დიდი ხნის ნანატრი ქვეყნის თასი ხელის გაწვდენაზე აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული