ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი 0:1 - სერიოზული განაცხადი

AutoSharing Option
საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩებიდან "ვიტ ჯორჯიასა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება იმიტომ გამოვყავით, რომ ვიმედოვნებდით, პირველლიგელი უმაღლესლიგელს დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა.

ჩვენი მოლოდინი გამართლდა და "ლოკომოტივმა" გამარჯვებით მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ბუნებრივია, ძალიან გვაინტერესებდა ისიც, თუ როგორ დგამენ დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს საქართველოს იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია.

29 აგვისტოს "ლოკომოტივის" განაცხადში ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე ნათამაშები ხუთი ფეხბურთელი იყო.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ მათაც და სხვა ახალგაზრდა თანაგუნდელებმაც რიგიანი შთაბეჭდილება დატოვეს. გელა სანაიას ხელმძღვანელობით მათ უფრო გამოცდილ მეტოქეს
ტოლი არ დაუდეს და მეტ-ნაკლებად თანაბარ თამაშში გამარჯვებას მიზანსწრაფულობის ხარჯზე მიაღწიეს.

მატჩი ნამდვილად არ ყოფილა სანახაობრივი, თუმცა ორივე გუნდი მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის დიდი შემართებით იბრძოდა. პირველი ტაიმი "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი სტუმრებმა აშკარად მოუმატეს.

შესვენებამდე მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს - გიორგი კორიფაძის მიერ დარტყმული ბურთი კარიდან ნიკა ჭანტურიამ გამოიტანა, დავით დარციმელიას თავური კი არაზუსტი გამოდგა.

ჭანტურიაზე აუცილებლად ცალკეც უნდა ვთქვათ - ახალგაზრდა მცველი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ლონდონის "არსენალში" გავლილი სინჯებიდან, დაცვის ცენტრში ასაკისთვის უჩვეულო აზროვნებით თამაშობს და გუნდის ნამდვილი ლიდერია.

გამარჯვების გოლი მატჩის ერთადერთი ეფექტური ეპიზოდი გამოდგა. მათე ცინცაძემ შესანიშნავი პასით მეტოქის დაცვა უქმად დატოვა და მეკარესთან პირისპირ ამირან გუგუშვილი გაიყვანა, რომელსაც ბურთის დამუშავების დროც ჰქონდა და კარში ზუსტად დარტყმისაც - 0:1.

შეხვედრის დასრულებამდე საკმაო დრო იყო, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" მოწინააღმდეგეს განსაკუთრებული ხიფათი ვერ შეუქმნა. მხოლოდ შეცვლაზე შესული ლევან კუხალეიშვილის სუსტი დარტყმის გახსენება შეიძლება, რომელსაც "ლოკომოტივის" მეკარე იოლად გაუმკლავდა.

ბუნებრივია, წყვილის გამარჯვებული მხოლოდ საპასუხო მატჩში გაირკვევა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ გამარჯვებით "ლოკომოტივმა" მერვედფინალში გასვლისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთა.

საქართველოს თასი. მეთექვსმეტედფინალი. პირველი მატჩები
29.08. მცხეთა. მცხეთა პარკი. 70 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი 0:1
გოლი: 0:1 გუგუშვილი (59)

ვიტ ჯორჯია ლოკომოტივი
4-2-3-1 4-4-2
დაუშვილი ბ. მიქავა
ხურცილავა გაბაძე
გეთიაშვილი ნ. ჭანტურია
გოგიაშვილი მაკასარაშვილი
ღანიაშვილი თ. შალიკაშვილი
კასრაძე დ. მიქავა
ვასაძე გოროზია
კორიფაძე ცინცაძე
ღიბრაძე გუგუშვილი
ჯუღელი დარციმელია
ჩიმაკაძე დ. ჯიქია

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი გ. სანაია

ვიტ ჯორჯია
46. ჯუღელი - ზაქრაძე
52. ღიბრაძე - კუხალეიშვილი
78. ჩიმაკაძე - ლობჯანიძე
სათადარიგოები: სვანაძე, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, დავლაშელიძე

ლოკომოტივი
75. დ. მიქავა - მთივლიშვილი
82. დ. ჯიქია - კიკაბიძე
88. დარციმელია - ბაქრაძე
სათადარიგოები: ტყემალაძე, სულთანიშვილი, გურეშიძე, მზევაშვილი

გაფრთხილება: ზაქრაძე (70), გაბაძე (79), ბაქრაძე (89)

არბიტრი: დ. სანოძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული