26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მერვედფინალის წილისყრა გაიმართა, რომელსაც ამ სტადიამდე მისული თითქმის ყველა კლუბის წარმომადგენელი დაესწრო.
წილისყრის პროცედურის დაწყებამდე საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ კაკულიამ დამსწრეებს შეახსენა, რომ სეზონი 2013 წლის 22 თებერვალს, სუპერთასის მატჩით განახლდება, რასაც თასის მერვედფინალური მატჩები მოჰყვება. ჩემპიონატის მეორე ეტაპი კი
იშვიათი გამონაკლისების გარდა, საქართველოს თასის გათამაშებაზე ფინალამდე ყველა ეტაპი ორ მატჩად იმართება და ასეა ამ სეზონშიც.
უცვლელად დარჩა განთესვის წესიც - ის კლუბები, რომლებიც ამ მომენტისთვის ჩემპიონატში რვა საუკეთესო ადგილს იკავებდნენ, წილისყრისას პირველ კალათაში მოხვდნენ, დანარჩენები კი მეორეში.
ერთადერთი უმაღლესლიგელი, რომელმაც მერვედფინალამდე ვერ მიაღწია, მარტვილის "მერანია". შესაბამისად, ამ ეტაპზე ხუთი პირველლიგელი ითამაშებს.
მაშ ასე, მერვედფინალისტები ასე დაწყვილდნენ:
დილა-სამტრედია
დინამო (ბთ)-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
გურია-ზესტაფონი
ჩიხურა-შუქურა
სიონი-ზუგდიდი
ტორპედო-გაგრა
კოლხეთი-დინამო (თბ)
განთესვიდან გამომდინარე, თავიდანვე გამორიცხული იყო, ძალიან დამაინტრიგებელი წყვილები მიგვეღო, მაგრამ რამდენიმე მათგანში მაინც უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი და იქ პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია.
ასეთების კატეგორიას, მაგალითად, მიეკუთვნებიან "ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკი" და "სიონი"-"ზუგდიდი". დანარჩენ წყვილებს კი გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს.
თუმცა, ბუნებრივია, ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება ზამთრის შესვენებისას ამა თუ იმ კლუბის ბანაკში. ზოგან გაძლიერება არ უნდა გამოვრიცხოთ, მერვედფინალისტთა ნაწილის მომავალი კი ჯერაც ბურუსით არის მოცული და იმედია, მათ არსებობის პრობლემა არ გაუჩნდებათ.
პირველი მერვედფინალური შეხვედრები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 26 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 2 მარტს.
საშეჯიბრო კომიტეტს სარეზერვო დღედ 25 თებერვალი და 3 მარტი ჰქონდა შერჩეული. ეს კონკრეტულად, ბათუმის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" ეხებოდა, რომლებიც საზიარო სტადიონზე, ქობულეთის "ჩელე არენაზე" თამაშობენ.
თუ წილისყრის მიხედვით, მათ საშინაო მატჩების ერთ დღეს ჩატარება მოუწევდათ, ერთ-ერთი მათგანი სარეზერვო დღეს ითამაშებდა, მაგრამ როგორც ხედავთ, წილისყრამ ამის საჭიროება არ წარმოშვა.
გთავაზობთ რამდენიმე კლუბის წარმომადგენლის კომენტარს:
გიორგი ტყავაძე (თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი):
"ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ გვყავს, "კოლხეთი" ხომ უმაღლესი ლიგის ბინადარია. თუმცა, რა თქმა უნდა, მიზნად გამარჯვებას ვისახავთ".
ზურაბ დალაქიშვილი (გორის "დილას" დირექტორი):
"სამტრედია" ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობს და ეს ჩვენთვის დიდად სასურველი არ არის, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს ვერ ცვლის, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ".
ოთარ გაბელია ("ზუგდიდის" მწვრთნელ-კონსულტანტი):
"საკმაოდ რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ "სიონთან" ბრძოლისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება".
ქართული სეზონის განახლებამდე თითქმის ორი თვე რჩება და იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის მეორე ნახევარში უკომპრომისო და რაც მთავარია, პატიოსან ბრძოლებს ვიხილავთ და ჩემპიონიცა და თასის მფლობელიც არასკანდალურ ატმოსფეროში გამოვლინდებიან.
წინა სეზონის ფინიში ხომ ორივე ფრონტზე მეტისმეტად ულამაზო იყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"