ზესტაფონი-დილა 0:0 (პენ. 4-2) - რევანშით შენარჩუნებული ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩვენ გვახსოვს თასის ფინალი", - ასეთი ტრანსპარანტი გადმოფინეს ტრიბუნაზე "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა.

თასის ბოლო ფინალი ჩვენც კარგად გვახსოვს და იმედია, მსგავსი უმსგავსობა აღარ განმეორდება, 22 თებერვალს კი რევანშის წყურვილით აღვსილმა "ზესტაფონმა" ზედიზედ მეორედ მოიპოვა საქართველოს სუპერთასი.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მატჩი მეტისმეტად უსახური და მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ სხვანაირ თამაშს ნაკლებად ველოდით - ზამთრის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძნელად წარმოსადგენი იყო, "მიხეილ მესხზე" საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელს შთამბეჭდავი სანახაობა შემოეთავაზებინათ.

ერთადერთი, რასაც გუნდებს ვერ დავუკარგავთ, შეუპოვარი ბრძოლა და გამარჯვებისკენ სწრაფვაა. ტიტულისთვის, რომელიც
განსაკუთრებულ დივიდენდებს არ იძლევა, "ზესტაფონსაც" და "დილასაც" თავი არ დაუზოგავთ.

Sportall.Geორივე გუნდი სეზონის მეორე ნახევარს გადახალისებული შემადგენლობით ხვდება და განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალწვეულები.

"დილას" ახალი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ქართველებმა ითამაშეს, რომელთა შესაძლებლობებსაც კარგად ვიცნობთ და მათზე არ შევჩერდებით.

რაც შეეხება "ზესტაფონის" ახალ ლეგიონერებს - რა თქმა უნდა, ერთი მატჩით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებების შესახებ მოკლედ გეტყვით:

ესპანელი ცენტრალური მცველი ორიოლ ლოსანო ფარანიცა და ბულგარელი საყრდენი დიმიტარ პეტკოვიც მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელები არიან. ამის თქმის საფუძველს მათ მიერ მოგებული ორთაბრძოლების სიმრავლე, მოედნის ხედვა, პასის კულტურა, ტექნიკა, ფიზიკური მომზადება და შეტევებში ეფექტურად ჩართვის უნარი გვაძლევს.

ასევე გამოჩნდა, რომ ორივე მათგანს შესწევს გუნდის ლიდერად ჩამოყალიბების ძალა.

ძალიან გვაინტერესებდა ალჟირელი მოჰამედ რეკრუკის ხილვაც, მაგრამ 22 თებერვალს მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

"ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობაში ფეროელთა თავკაც კახა კაჭარავას ნომინალური ცენტრფორვარდი არ გაუმწესებია. ამ პოზიციაზე ყველაზე ხშირად იმერელთა კიდევ ერთი ახალწვეული ლევან კუტალია თამაშობდა.

უჩვეულო იყო მარჯვენა მცველის, თემურ ღონღაძის მარცხენა ფლანგზე ხილვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ზესტაფონს" მარცხენა მცველის პრობლემა აქვს, შესაძლოა, ღონღაძე ამ პოზიციაზე ხანგრძლივი დროით დამკვიდრდეს.

VideoSportall.Ge
სუპერთასი. ზესტაფონი - დილა 0:0 (პ.4:2)


"დილამ" ხუთკაციანი ნახევარდაცვით ითამაშა, საიდანაც ყველაზე უკან ზურაბ არზიანი იყო დაწეული, ხოლო გორელთა გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი ბრაზილიელი ნათან ჟუნიორი გახლდათ.

Sportall.Geპირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტი შექმნეს - მე-19 წუთზე კახა ალადაშვილის ჯარიმა როინ კვასხვაძემ მოიგერია, 45-ეზე კი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს გიორგი კაჭკაჭიშვილი თავურით გამოეხმაურა. "ზესტაფონის" მცველმა არაზუსტად დაარტყა.

უკეთესი სანახაობა არც შეხვედრის მეორე ნახევარში გვიხილავს, თუმცა დასამახსოვრებელი ეპიზოდი ოდნავ მეტი იყო. ბექა შეყრილაძემ თორნიკე გორგიაშვილის შორეული დარტყმა მოიგერია, კვასხვაძემ დავით კვირკველიას ასევე შორი მანძილიდან არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ირაკლი მაისურაძესაც აჯობა.

თასის შარშანდელი ფინალისგან განსხვავებით, მსაჯობას ამ მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა "ზესტაფონს" რომ წაეგო, მის გულშემატკივრებს ორი ეპიზოდის გახსენება შეეძლოთ, როცა არბიტრმა "დილას" ფეხბურთელს არა წითელი, არამედ ყვითელი ბარათი უჩვენა - მეორე ტაიმის დასაწყისში მაისურაძემ პეტკოვს ხელი ჰკრა და წააქცია, ძირითადი დროის მიწურულს კი ორ მეურვეს გაცდენილი ბოტი გოა დემელი ლაშა გვალიამ წააქცია და გიორგი ვადაჭკორიამ ეს მომენტი ბოლო იმედის ჯარიმად არ შეაფასა.

შეცვლაზე შესულთაგან დემელი აშკარად საუკეთესო იყო, "ზესტაფონის" კოტდივუარელმა ფორვარდმა თავისი გუნდის იერიშებს სიმწვავე შეჰმატა.

Sportall.Geდამატებითი დროის დანიშვნას გულშემატკივართა უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა - ამ უფერული შეხვედრის დასრულება ყველას ეჩქარებოდა.

სამაგიეროდ, ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელსაც წინ უფერული ოვერტაიმები უძღოდა.
...პენალტის ნიშნულთან პირველი "დილას" კაპიტანი დავით კვირკველია მივიდა და ბურთი კარს ააცილა, ამას ბაბუნაშვილის, გვალიას, ღონღაძის, მოდებაძისა და იელიჩის შედეგიანი დარტყმები მოჰყვა.

ბრაზილიელ ლეონარდოს გატანა კვასხვაძემ არ დაანება და "ზესტაფონი" სუპერთასს ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა. ფეროელთა მეოთხე პენალტი თორნიკე გორგიაშვილმა აუღელვებლად გამოიყენა და ტიტული "ზესტაფონის" საკუთრებაში დარჩა.

ფეროელთა კაპიტან თორნიკე აფციაურს სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა, რასაც ზესტაფონელი ქომაგების დიდი სიხარული და ფოიერვერკი მოჰყვა.

Sportall.Geკიდევ კარგი, მატჩის ეპილოგი მაინც გამოდგა ეშხიანი. მოკლედ, ქართული სეზონი განახლდა და ვნახოთ, ვისთვის გამოდგება ჩემპიონატისა და თასის საგაზაფხულო ეტაპი შედეგიანი. ახლა კი ის ვისურვოთ, რომ განახლებულ სეზონში ასეთი უშინაარსო მატჩები ნაკლებად გვეხილოს...

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (ზესტაფონი):
"ეს გამარჯვება ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც სუპერთასის მოსაპოვებლად თავი არ დაზოგეს.

თამაში არ იყო ხარისხიანი, რაც ამ პერიოდისთვის არც არის გასაკვირი. "ზესტაფონი" ჯერ შორს არის იმ ფეხბურთისგან, რისკენაც მივილტვით, მაგრამ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩვენი მიზნები სისრულეში მოვიყვანოთ. სელექციის პროცესს აქტიურად ვაგრძელებთ".


ორიოლ ლოსანო (ზესტაფონი):
"ბედნიერი ვარ, რომ "ზესტაფონის" მაისურით ჩატარებულ პირველივე მატჩში ტიტული მოვიპოვე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქართული კარიერა წარმატებული იქნება".

ვალდას ივანაუსკასი (დილა):
"თავისი შინაარსით ეს ნამდვილი საგაზაფხულო ფეხბურთი იყო. "ზესტაფონს" გამარჯვებას ვულოცავ, ჩემი გუნდის თამაშით კი კმაყოფილი ვარ. თუმცა გამოუყენებელ მომენტებზე გოლი მწყდება.

ქართულ ფეხბურთზე სრულ წარმოდგენას უახლოეს პერიოდში შევიქმნი, როცა ჩემპიონატის მატჩებს ვნახავ. ზედა ექვსეულში მყოფ ყველა გუნდს დიდი ამბიცია აქვს და ვნახოთ, ვინ როგორ შეასრულებს თავის გეგმებს".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზურა- შენ არ გინახავს დილას თამაში ტორპედოსთან და ამიტომ წერ ამას, იქ მსაჯებს მაგრათ შეეშალათ დილას წინააღმდეგ, რომ არა ეს შეშლა, ახლა პირველ ადგილზე დილა ინებოდა და არა დინამო.
vaxo
10:22 25-02-2013
0
რაღაც ხშირად ეშლებათ მსაჯებს "დილას" სასარგებლოდ
ზურა
03:23 24-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული