ზვიად მეტრეველი: მეოთხედფინალის ბედი ჩვენს ხელთაა

AutoSharing Option
საქართველოს თასის მერვედფინალის ერთ-ერთ ყველაზე თანაბარ წყვილად "ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკი" დავასახელეთ და მცხეთაში გამართულმა მატჩმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა - დაძაბული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც მეოთხედფინალში გასვლის შანსს ორივე გუნდს უტოვებს.

"სპარტაკი" "მცხეთა პარკზე" ზვიად მეტრეველმა დააწინაურა. მან თავი 29-ე წუთზე გამოიჩინა, 48-ეზე კი თანაფარდობა პენალტით გიორგი ჯანელიძემ აღადგინა.

დღეს "ლელოს" რესპონდენტი მეტრეველია, რომელიც განვლილ მატჩსაც იხსენებს და "სპარტაკთან" დაკავშირებულ სხვა აქტუალურ თემებზეც საუბრობს.

- საუბარი განვლილი მატჩით
დავიწყოთ. რას იტყვი მეტოქეზე და მეოთხედფინალში გასვლის შანსებზე?

- "ვიტ ჯორჯია" სტაბილური კლუბია და იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, ანგარიშგასაწევ ძალად მიმაჩნია.

რთულ მატჩს ველოდით და ასეც მოხდა. 1:1 სტუმრად კარგი შედეგია, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერ წინ არის.

მცხეთაში უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ცუდია, რომ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, რაშიც ჩვენი ფეხბურთელის გაძევებამაც შეგვიშალა ხელი.

- როგორც შევიტყვეთ, გოლი ახლად შეძენილ შვილს მიუძღვენი.
- დიახ, მატჩის წინა ღამეს პირველი შვილი შემეძინა და რა თქმა უნდა, გოლი პატარა ლილეს მივუძღვენი. გოლის აღნიშვნის ცნობილი რიტუალის შესრულებაში თანაგუნდელები დამეხმარნენ.

- შენი გოლიდან ორიოდე წუთში "სპარტაკმა" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა...
- ძალიან ცუდია, ასე რომ მოხდა. მეორე გოლიც რომ გაგვეტანა, თამაში სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა და მეოთხედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამდით, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მთავარი ის არის, რომ მეოთხედფინალის ბედი ჩვენს ხელთაა და საკუთარ მოედანზე გამარჯვება შეგვიძლია.

შემთხვევით ვისარგებლებ და შევაქებ "სპარტაკის" ყოფილ მეკარე ნიკა დაუშვილს, რომელმაც შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მის მიერ მოგერიებულმა პენალტმა "ვიტ ჯორჯიას" ძალიან დიდი სამსახური გაუწია.

- გოლი კონსტანტინე ხიზანეიშვილის პასით გაიტანე, რომელსაც "სპარტაკში" დებიუტი ჰქონდა. ორი გაფრთხილების გამო მან მატჩი ვერ ჩაამთავრა. მასზე რას იტყოდი?
- ახალბედა ფეხბურთელია, გამოცდილება აკლია, მაგრამ მონდომება და ბრძოლისუნარიანობის დეფიციტი ნამდვილად არ აქვს. ვფიქრობ, პირველი მატჩის კვალობაზე მას კარგი დებიუტი ჰქონდა.

რაც შეეხება გაძევებას, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია. იმედი მაქვს, იგი კვლავაც მონდომებით გააგრძელებს მუშაობას და კარგი ფეხბურთელი დადგება.

- ხიზანეიშვილის გარდა, "სპარტაკს" კიდევ 3 ახალწვეული ჰყავს. მათზე რა წარმოდგენის ხარ?
- ნიკა მგელაძე ლიტვიდან დაგვიბრუნდა. ჩვენ ადრეც ერთად ვთამაშობდით "სპარტაკში" და ვისაც მისი თამაში აქვს ნანახი, ყველა დამეთანხმება, რომ მგელაძე დაცვაში საკმაოდ საიმედოა და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.

ასევე, დაგვემატა ახალგაზრდა ფორვარდი ლაშა კემუხტაშვილი და მეკარე ლადო ზუხბაია. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები მნიშვნელოვნად გააძლიერებენ ჩვენს გუნდს და დიდ სარგებელს მოგვიტანენ იმ მიზნისთვის ბრძოლაში, რასაც უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ჰქვია...

- პირველი ლიგის B ჯგუფში სოლიდურად ლიდერობთ. "სპარტაკი" პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ხობის "კოლხეთს" ერთბაშად 9 ქულით უსწრებს. საკმაო ფორაა უმაღლესში დასაბრუნებლად...
- კი, ეგრეა, ფორა სოლიდურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინ 17 ტურია. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლო. თანაც, ზამთრის პაუზისას ტრანსფერები ყველა გუნდს შეეხო, ზოგი გაძლიერდა, ზოგი ისე ძლიერი ვეღარაა. ვნახოთ, 7 მარტიდან ჩემპიონატში ჩავერთვებით და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:1 - ახია ჩვენზე, ჟურნალისტებზე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული