საქართველოს თასს ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" დაემშვიდობნენ

AutoSharing Option
10 აპრილს საქართველოს თასის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა და გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, გათამაშებას გამოეთიშა თასის შარშანდელი გამარჯვებული გორის "დილა", რომელმაც სტუმრად საჩხერის "ჩიხურასთან" წაგებული პირველი მატჩის შემდეგ შინ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.

ვალდას ივანაუსკასის შეგირდებმა ვერც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ივარგეს და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

ანგარიში სოსო ფრუიძის შეგირდებმა 24-ე წუთზე, ლაშა ჭელიძის გოლით გახსნეს. 71-ე წუთზე რევაზ გოცირიძემ ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩს წერტილი 90-ე წუთზე გორელმა გიორგი კახელიშვილმა
დაუსვა.

* * *
ბევრისთვის მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", სადაც მასპინძლის რანგში მოთამაშე ბოლნისის "სიონთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა ქუთაისის "ტორპედო".

ქუთათურებს შინ პირველ მატჩში ანგარიშით 3:1 ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე გაღწევა თითქოს არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა საპასუხო მატჩში გიორგი ბიბილეიშვილისა (53-ე წუთი) და ჯაბა უგულავას (90+4) გოლებმა ქვემოქართლელებს თასის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოაპოვებინა.

* * *
საქართველოს თასს გამოეთიშა პირველლიგელი ცხინვალის "სპარტაკიც", რომელმაც რუსთავის "მეტალურგს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ფრეს 1:1-ს დასჯერდა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩში რუსთაველებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

* * *
საქართველოს თასის მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა მოგვიანებით, თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შეხვედრაში გაირკვა. "დინამომ" დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მატჩის დებიუტშივე გიორგი მერებაშვილის დუბლით (3 პენ, 8) დაწინაურდნენ. უკვე მე-10 წუთისთვის მიხეილ კაკალაძემ სხვაობის შემცირება შეძლო და შესვენებამდე ანგარაში აღარ შეცვლილა.

გურულებმა გათანაბრება 82-ე წუთზე გიგა კვერენჩხილაძის გოლით შეძლეს - 2:2 კი ის ანგარიშით იყო, რომელიც ხელს "გურიას" აძლევდა, მაგრამ 87-ე წუთზე გიორგი ძაძამიას ავტოგოლით ნახევარფინალში გასვლა დინამოელებმა შეძლეს.

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ საავადმყოფოშია ხომ არიცით? ონიანი ხო არ გაგიგიათ?
0
ონო ყოფილა ძალიან ცუდად,ღმერთმა კარგად ამყოფოს, ეხლა ოპერეციაზე ამზადებენ
0

სიახლეები პოპულარული