ქუთაისი ნახევარფინალისთვის გაემზადა

AutoSharing Option
"ტორპედომ" საქმე წინ წაიგდო - საქართველოს თასის მეოთხეფინალში ქუთათურებმა "სიონი" ბოლნისში დაამარცხეს. მატჩის დასაწყისიდანვე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. აღსანიშნავია ლაშა ვაშაკიძის დარტყმა, ლევან სანიკიძის გარღვევა...

"სიონს" ანგარიშის გახსნა 43-ე წუთზე შეეძლო - მურმან ქურასბედიანი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი მოეჭრა და ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმში პირველივე შეტევას სტუმართა გოლი მოჰყვა. დავით დიღმელაშვილმა საჯარიმოში ვახტანგ კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც "სიონის" მცველთა მოდუნებით ისარგებლა და ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 0:1.

მასპინძელთა მდგომარეობა გართულდა და
მათ ორმაგი მონდომებით შეუტიეს, სტუმრები კი კონტრშეტევებზე გადაეწყვნენ. კარგად ჩაერთვნენ თამაშში მანუჩარ ოქროპირიძე და ვილი ისიანი. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა "სიონის" შეტევებს სიმწვავე შემატეს, მაგრამ ქუთაისელთა დაცვა ყურადღებით თამაშობდა.

51-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა ოქროპირიძემ, რომელიც მცველებს გასცდა და საჯარიმოში უმეთვალყურეო რევაზ გოცირიძე შენიშნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს გადააცილა.

ქუთათურთა თამაშს დიღმელაშვილი წარმართავდა. მან 55-ე წუთზე მეკარის საჯარიმოსთან ჩასულ თენგიზ ჩიკვილაძეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მირზა მერლანი ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს მარჯვედ დაუხვდა და კუთხურზე მოიგერია.
მალე ბოლნისელებმა ძალიან სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს: ოქროპირიძის წამოწყებული და ისიანის გაგრძელებული იერიშის დაგვირგვინებას მიხეილ ბობოხიძე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ეფექტური დარტყმით ცდილობდა - ბურთი კარს ააცილა.
შეტევებით გართულ ბოლნისელებს სტუმრები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. 65-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ "სიონის" საჯარიმოსთან ბურთისთვის იბრძოლა, მართალია, მცველი ეფარებოდა, მაგრამ კარიდან გამოსული მერლანი შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო - "სიონი" აშკარა გოლს გადაურჩა.

ბოლო წუთებზე მასპინძლებმა "ტორპედოს" კართან შტუმრის მოწყობა სცადეს, მაგრამ ქუთაისელთა დაცვა საიმედოდ თამაშობდა. სტუმრებს მეტი ძალ-ღონეც შერჩათ და საბოლოოდ მნიშვნელოვანი საგარეო გამარჯვებით თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩისთვის სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

ბოლოს კი საქმიანი ნაწილი. ბოლნისის "სიონს" ძველებურად "მადნეული" აფინანსებს, მაგრამ გუნდი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და გასხვისებისთვის დოკუმენტებს ამზადებენ, საქმე კი არ იძვრის. ეს ყველაფერი ნერვულ ფონს უქმნის როგორც გუნდს, ასევე "სიონის" მფლობელობის მსურველ "მადნეულს", გაურკვევლობა კი გუნდის ყოფას დაღს ასვამს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლნისის სტადიონიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ყოფილა. როგორ გვითხრეს, არენას უკვე კაპიტალური რემონტი სჭირდება, მაგრამ ბოლნისის რაიონის გამგეობას რემონტის უფლება არ აქვს, რადგან სხვისი საკუთრების გარემონტება დანაშაულად ჩაეთვლება - ასეთი გაუგებარი ვითარების გამო, სტადიონი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.


სიონი - ტორპედო 0:1
1 დეკემბერი. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი
0:1 კვარაცხელია (46. დიღმელაშვილის პასით)


სიონი ტორპედო
4-2-3-1 4-4-1-1
მერლანი მიგინეიშვილი
ქურასბედიანი ფოფხაძე
ლ. ჭელიძე ს. თოდუა
გ. თარგამაძე ფარულავა
ორბელაძე ჩიკვილაძე
ვაშაკიძე ნ. კვასხვაძე
დიდავა დიღმელაშვილი
ნოზაძე თარხნიშვილი
სანიკიძე გ. დათუნაიშვილი
უგრეხელიძე გ. ჩხეტიანი
გოცირიძე ვ. კვარაცხელია

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
გ. ყიფიანი გ. გიგატაძე

სიონი
46. ვაშაკიძე - მ. ოქროპირიძე
61. სანიკიძე - ბობოხიძე
61. უგრეხელიძე - ისიანი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გ. მელქაძე, გ. ოქროპირიძე, ჩივაძე.

ტორპედო
54. კვასხვაძე - მ. გიგაური
73. კვარაცხელია - საბანაძე
84. ჩხეტიანი - მაჭავარიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, ლომაშვილი, კვერნაძე, კუმუხტაშვილი..

გაფრთხილება: ქურასბედიანი (29), დიღმელაშვილი (36).
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფოტო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს, სიონი არ არის ის გუნდი, მარცხს რომ ადვილად შეეგუოს.
tolika
13:22 15-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული