სომხეთი უეფას წინააღმდეგ

AutoSharing Option
ირლანდიაში ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტი შეხვედრის წაგების შემდეგ სომხური ვებგვერდები აღშფოთებულები წერენ საყოველთაო შეთქმულებაზე მათი გუნდის წინააღმდეგ.

yerkir.am-ის ცნობით, ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე სლოვაკეთში სომხური საზოგადოების ხელმძღვანელ აშოტ გრიგორიანთან ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები მისულან და მისთვის განუცხადებიათ, რომ მათი ინფორმაციით, მატჩის ესპანელ არბიტრ იტურალდე გონსალესს უეფას მიერ პირდაპირი მითითება ჰქონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიის ნაკრები გაეყვანა.

ამით თითქოს ევროპული ფეხბურთის მმართველები კუნძულელებს ორი წლის წინანდელ ვალს უბრუნებდნენ, როცა სწორედ მსაჯის შეცდომის გამო (შვედმა მარტინ ჰანსონმა მაშინ ტიერი ანრის
მიერ ხელით თამაში ვერ დაინახა, რასაც ფრანგების გოლი მოჰყვა) ირლანდიელები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში ოფიციალური პროტესტი შეიტანა, სადაც წერია, რომ იტურალდე გონსალესის მიერ დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

ფედერაციის პრეზიდენტი რუბენ აირაპეტიანი ამბობს, რომ ის ესპანელის დასჯას მოითხოვს, თუმცა მას ეს იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც მეკარე რომან ბერეზოვსკისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა, რომელიც, მისი თქმით, ტყუილად გააძევეს მატჩის 26-ე წუთზე. ბატონი პრეზიდენტი თავის მხრივ გამოეხმაურა ვებგვერდებით გავრცელებულ ინფორმაციას წინასწარი განზრახვით სომხების დაჩაგვრის შესახებ და მას აბსურდი უწოდა. "ასეთი შეკვეთა უეფასგან არ იქნებოდა. დამიჯერეთ, პლატინი ის ადამიანი არ არის, ვინც მსგავს ბრძანებებს იძლევა," - აცხადებს აირაპეტიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული