ოშისა და ლოვრენის გარეშე

AutoSharing Option
"ლიონისა" და ხორვატიის ნაკრების 22 წლის ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის 38-ე წუთზე მუხლი სერიოზულად დაიზიანა.

რემი გარდმა მოედანზე მის ნაცვლად ბაკარი კონე შეუშვა. უცნობია, თუ როდის შეძლებს ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებას, მაგრამ ნაკრებს უმნიშვნელოვანეს საპლეიოფო დაპირისპირებებში რომ გამოაკლდება, ეს უკვე ცხადია. ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩები 11 და 15 ნოემბერს გაიმართება.

მართალია სლავენ ბილიჩის ბიჭებისთვის უმთავრესი მიზანი უბრალოდ უკრაინა-პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნაა, მაგრამ მათ ისიც ესმით, რომ თუკი თურქებს ისინი ორივე შეხვედრაში არ დაამარცხებენ, პრაქტიკულად 99%-ით
გაინაღდებენ მესამე კალათში განთესვის უფლებას, რაც მათ შემდგომ ამბიციებს, დაძლიონ ჯგუფური ეტაპი, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ამ შემთხვევაში მათ ნაცვლად მეორე კალათში რუსეთის ნაკრები მოხვდება. "ექიმებმა დამაიმედეს, რომ მოტეხილი არაფერი მაქვს.

დეტალებზე მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მოგახსენებთ. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი იქნება. მეტოქეები არაფერ შუაში არიან, მუხლი თავად "გამექცა". სადღაც ერთი კვირის წინ სწორედ ამ მუხლში უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა, მაგრამ თამაში ძალიან მინდოდა და არაფერი მითქვამს.

მეგონა, სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ვცდებოდი. ახლა რაღაც პერიოდი დასვენება მომიწევს," - თქვა ფეხბურთელმა. ლოვრენის გარდა სლავენ ბილიჩს ტრავმების გამო ტოტენჰემელი ნიკო კრანჩარი, ჰამბურგელი მლადენ პეტრიჩი და დნიპროელი ივან სტრინიჩი დააკლდებიან. 11 ნოემბერს პირველ მატჩი თურქეთში შედგება, 15-ში საპასუხო მატჩი - ხორვატიაში.

"აირიშ ინდეპენდენტის" ცნობით, სერიოზული დანაკლისი აქვს ირლანდიის ნაკრებსაც. ჯოვანი ტრაპატონის გუნდს "სანდერლენდის" 30 წლის უნივერსალი მცველი ჯონ ოში დაუშავდა. ტრავმა მან "ასტონ ვილასთან" მატჩის (2:2) 36-ე წუთზე მიიღო. ვეტერანს მუხლის მყესები უმნიშველოდ აქვს დაჭიმული და წესით რამდენიმე დღეში ვარჯიში უნდა განაახლოს კიდეც. ირლანდიელი ექიმები იტალიელ "მაესტროს" აიმედებენ, რომ ჯონი მას მხოლოდ პირველ შეხვედრაში დააკლდება.

ასე არ ფიქრობს "შავი კატების" ("სანდერლენდის" მეტსახელია) დამრიგებელი სტივ ბრუსი. შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, მის შეგირდს აღდგენისთვის 2-3 კვირა დასჭირდება. ტრაპატონიმ ნაკრებში ოშის ნაცვლად "ვულვერჰემპტონის" 26 წლის განაპირა მცველ სტივენ ვორდს უხმო. ოშის გარდა ტრაპს ნამდვილად დააკლდება ვორდის თანაგუნდელი კევინ დოილი (დისკვალიფიკაცია).

შეიძლება 11-მდე ვერ ჩადგეს მწყობრში ვესტბრომვიჩელი შეინ ლონგიც, ვინც დიდი ხანია მუხლს მკურნალობდა და აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს ტალინში დაუპირისპირდებიან, 15-ში კი - დუბლინში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული