ბილიჩის უცნაური მეთოდი

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი თურქეთის ეროვნულ გუნდთან და სახელოვან გუუს ჰიდინკთან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის დაპირისპირებამდე მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო განწყობა შეიქმნას და სამწვრთნელო კარიერის უმთავრეს თამაშებს მობილიზებული შეხვდეს.

ამ მიზნით 5 ნოემბერს ის საშობლოში ბოლო ხანს გაპოპულარულებულ ბიოენერგეტიკოს დენის ბუშელიჩს ესტუმრა. "ბიოენერგეტიკული სეანსის ჩატარება მხოლოდ გარკვეული მანძილიდან არის შესაძლებელი. ხანდახან ის ადამიანის ჯანმრთელობაზე უსაშველოდ ცუდ ზემოქმედებას ახდენს.

სლავენი ჩემთან სწორედ თავისი პრობლემების გამო მოვიდა, ალბათ იცით, რომ მას დიდი ხანია ბარძაყი და ზურგი აწუხებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ბუშელიჩმა. ეს
ადამიანი სამშობლოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებს "რეალთან" საშინაო დაპირისპირების წინ სეანსი ჩაუტარა. ვერ გეტყვით, მართლა ახდენს თუ არა ის რამეს ზეგავლენას ადამიანებზე, მაგრამ "დამუხტულმა" დინამოელებმა "რეალთან" მხოლოდ 1:0 რომ წააგეს, ეს ვინმესთვის შეიძლება რაიმეს მთქმელი მართლა იყოს.

ეს ყოველივე ხორვატიის ნაკრებთან დაკავშირებით ლირიკულ გადახვევად მიიღეთ, ახლა კი უშუალოდ ფეხბურთს დავუბრუნდეთ.

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფებამდე რამდენიმე დღით ადრე წყვილებს შორის ფავორიტებზე ისაუბრა. მან ხორვატებსა და თურქებს შორის გამარჯვება პირველებს უწინასწარმეტყველა. "ამ გუნდების დაპირისპირება უაღრესად საინტერესო იქნება. ხორვატებს ბევრად უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც საფეხბურთო კლასს ინგლისში, ესპანეთსა და გერმანიაში იმაღლებენ. თურქები უმთავრესად საშინაო შეხვედრებში არიან სახიფათონი, გასვლაზე კი შედარებით სუსტად გამოიყურებიან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ხორვატია მოიპოვებს," – განაცხადა ჰიტცფელდმა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ პირველ შეხვედრას სტამბული უმასპინძლებს, 15-ში კი ეს გუნდები ერთმანეთს ზაგრებში დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული