მემკვიდრე ნაპოვნია

AutoSharing Option
გუუს ჰიდინკის ნაცვლად თურქეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად აბდულა ავჯი დაინიშნა. ხელშეკრულება მასთან 2015 წლის მაისამდე გაფორმდა. აბდულა სწორედ ის სპეციალისტია, ვინც თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრებს 2005 წელს იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოაგებინა. შემდეგ ის წარმატებით მუშაობდა “ისტანბულშიც”.

აბდულა ბოლო დრომდე სწორედ აღნიშნულ კლუბში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც ეროვნული გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს, “ისტანბულის” შეფებს წამითაც არ უყოყმანიათ ისე მისცეს თანხმობა კონტრაქტის გაწყვეტაზე. 48 წლის მწვრთნელის წინაშე არცთუ ისე იოლი ამოცანა დგას. მან გუნდი ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
უნდა გაიყვანოს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს მეზობლებს ჰოლანდიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესტონეთისა და ანდორის ნაკრებებთან მოუწევთ ჭიდილი.

“თურქეთის ნაკრებში მუშაობა დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. მოხარული ვარ, რომ ეს პოსტი სწორედ მე მომანდეს. იმედია, შევძლებ და ნაკრებს წინსვლაში დავეხმარები,“ - განაცხადა აბდულა ავჯიმ. რაც შეეხება ფედერაციის პრესიდენტსდ, მეჰმედ ალი აიდინლარი ახალ მწვრთნელზე უდიდეს იმედებს ამყარებს:

“ავჯიმ ეს პოსტი ნამდვილად დაიმსახურა. 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მან ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუტანა, შემდეგ კი იმავე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს დიდი წარმატებები ელის”.

სამწვრთნელო კარიერა ავჯიმ 1999 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის “ისტანბულსპორის” საფეხბურთო აკადემიაში იღრმავებდა ცოდნას, შემდეგ კი “გალათასარაიმ” მიიწვია. 2004 წელს აბდულას თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს და რამხელა წარმატებას მიაღწია ამ გუნდთან ერთად, უკვე მოგახსენეთ. სწორედ მის ხელში გაიბრწყინა პირველად “დორტმუნდის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ნური შაჰინმა. მის გუნდში თამაშობდა ასევე ამჟამად “ფენერბაჰჩესა” და ეროვნული გუნდის წევრი ჯანერ ერკინი.

2006 წლის აგვისტოში ავჯი საკლუბო ფეხბურთის ორომტრიალში გადაეშვა - მან “ისტანბული” ჩაიბარა, ვისთან ერთადაც პირველივე ცდაზე თურქეთის ელიტური ლიგის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ ამ კლუბს უმაღლესიდან გავარდნის საფრთხე არ დამუქრებია. წინა სეზონში მწვრთნელმა მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდი ქვეყნის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც “ბეშიქთაშთან” ძირითად დროში 2:2 ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა - 4:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული