სმუდას რაც უნდა, არ გამოვა

AutoSharing Option
"ფეიენოორდის", "ლივერპულისა" და "რეალის" ყოფილი მეკარე იეჟი დუდეკი პოლონეთის ნაკრების პერსპექტივაზე მსჯელობს.

ის ფრანტიშეკ სმუდას გუნდს საკმაოდ მძიმე ფერებში წარმოდგენს. რეალურად რას წარმოადგენს ეს გუნდი, ამას მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი წარმოაჩენს. იქამდე კი იმ ადამიანს მოვუსმინოთ, ვის კომპეტენციაშიც ეჭვის შეტანა ძალზე ძნელია.

- ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის კენჭისყრის შედეგების შემდეგ ეიფორიაში არ ჩავვარდნილვარ. სულაც არ მგონია, რომ ჩვენს გუნდს პლეი ოფის ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული აქვს. ფეხბურთს 20 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ვიცი, რომ ქულებს ასე იოლად არავინ არიგებს. თუმცა ისიც მესმის,
რომ უკრაინის მსგავს ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, გასვლის შანსი პრაქტიკულად არ გვექნებოდა.

ძალიან ბევრი ამბობს, რომ ახლანდელი გუნდი არის ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე სუსტი. მაშინ გამოდის, რომ თუკი ენგელის, იანასისა და ბეენჰაკერის ნაკრებები ყველა შეხვედრას აგებდნენ, სმუდას ფორმაციის ნაკრებს მათზე ნაკლები შანსი ექნება. მაშ რატომ ველოდებით, რომ ჯგუფიდან გავალთ? მეტოქეები ჩვენზე ძლიერები არიან. მერე რა, რომ განსხვავება კლასში ძალიან ბევრი არ არის? ის, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კალათის ყველა გუნდს მოხვედრა მაინცდამაინც ჩვენთან უნდოდა, თავისთავად ბევრის მთქმელია.

სმუდამ ყოველი მეტოქის დამარცხების გეგმა ცალკე უნდა დაამუშავოს. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, შეიძლება გათვლილი იყოს მასმედიაზე და ეს კარგია, მაგრამ უშუალოდ გუნდს კონკრეტული გეგმა სჭირდება. ისეთი ტიპის ნაკრებებისთვის, როგორიც პოლონეთია, დიდ ტურნირებზე წარმატების ერთადერთი გზა ძლიერ დაცვაზე, კონტრშეტევებზე, გამორჩეულ ფიზიკურ მომზადებასა და მაქსიმალურ კონცენტრაციაზე გადის.

90 წუთის განმავლობაში პრესინგის თამაში, როგორც ეს ფრანტიშეკ სმუდას აქვს გეგმაში, არ გამოვა. ასე შეიძლება სან მარინოს ეთამაშო, მაგრამ არა სხვებს. ბოლო წლებში დიდ ტურნირებზე რამდენჯერმე მოვხვდით, რამაც ჩვენი გუნდის რეალურ პოტენციალზე ყალბი წარმოდგენა შექმნა. არ გვყავს ახალი თაობის ნიჭიერი ფეხბურთელები, არ გვაქვს სტრატეგია, გეგმა, თუ როგორ უნდა განვვითარდეთ.

ენგელის დროს ბომბარდირი არ გვყავდა, რის გამოც მოქალაქეობა ოლისადებეს მისცეს. ახლა კი იძულებული ვართ, საზღვარგარეთ ვეძიოთ კარგი ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი და გამთამაშებელიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული