ფაბიო კაპელოს ბრიყვი უწოდეს

AutoSharing Option
სამშაბათ საღამოს ლონდონში, "უემბლიზე" ფაბიო კაპელოს მხრებს კიდევ ერთი სიმძიმე დააწვა – ყველას ეგონა, რომ ინგლისი ჩერნოგორიას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის G ჯგუფის შეხვედრაში შეახრამუნებდა, მაგრამ... თამაში 0:0 დამთავრდა. როგორც გაზეთი "სანი" წერს ინგლისელთათვის თითქოსდა უეჭველი საქმიდან მხოლოდ ის გამოვიდა, რომ მასპინძელთა იტალიელ მწვრთნელს სახეზე ბრიყვის გამომეტყველება შეახმა. კაცმა, რომელსაც წელიწადში 6 მილიონ ფუნტს უხდიან, გუნდი კვლავ საზიზღრად ათამაშა, ისევე, როგორც ოთხი თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ინგლისელთა ვარსკვლავებს, უეინ რუნისა და ჯო კოულს, რომელთაც წესით შეტევები უნდა გაემწვავებინათ, კაპიკის საღირალი
არაფერი გაუკეთებიათ, სტუმარმა მილან იოვანოვიჩმა კი ძალს გაარტყა ბურთი. მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, კაპელო ასე ლუღლუღებდა:

"ჩვენ გვეთამაშა გუნდი, რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელია. რატომ ვერ ვაჯობეთ ჩერნოგორიას? ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, ინგლისის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელსაც, უბრალოდ, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში მოეცარა ხელი".

ამრიგად, ახლა, ცხრილში ინგლისელები ჩერნოგორიელებს სამი ქულით ჩამორჩებიან და თუ მეორე ადგილზე გასვლა ანუ პლეი-ოფში მოხვედრა არ უნდათ, უნდა ილოცონ, რომ ყოფილმა იუგოსლავიელებმა ქულები დაკარგონ. მეორე მხრივ ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისელებს ჩერნოგორიაზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს და კაპელოც არ კარგავს იმედს. იტალიელი დარწმუნებულია, რომ მისი ფეხბურთელები მდგომარეობას მომდევნო შეხვედრებში გამოასწორებენ.

"უემბლის" 73 ათასიანი გუგუნი კაპელოს, ალბათ, ჯერ კიდევ ყურებში ედგა, როდესაც ცდილობდა ჟურნალისტებთან იხტიბარი არ გაეტეხა:

"მე ბებრძოლი ადამიანი ვარ! წინ კიდევ ხუთი თამაში გველის. რაც შეეხება ამ შეხვედრას... ჩვენ მომენტები შევქმენით, მაგრამ, მეტოქის მეკარემ დიდებულად ითამაშა.

რა გაეწყობა, რაც მოხდა იმას ვეღარ შევცვლით და უნდა შევეგუოთ. ფეხბურთი კრივი არ არის, სადაც გამარჯვებას იმას აკუთვნებენ ვინ მოწინააღმდეგეს მეტჯერ დაარტყამს. ეს, მხოლოდ ერთი კონკრეტული თამაში იყო, ხოლო გამარჯვებულს შესარჩევი შეჯიბრების ბოლოს დავინახავთ".

აშკარაა, რომ კაპელოს სწამს - მისი ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინგლისში ძალიან შეშფოთდნენ, რადგან გუნდი ზუსტად ისეთივე უსახური იყო, როგორიც სამხრეთი აფრიკიდან ახსოვდათ. ჩერნოგორიის მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა ამასთან დაკავშირებით თქვა:

"ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ "უემბლიზე" დიდებულად ვითამაშეთ. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან, ამ შეხვედრის წინ ლიდერი, მირკო ვუჩინიჩი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვქონდა. ვიცოდით ინგლისელთა ძლიერი და სუსტი მხარეები და იმის მიხედვით ვმოქმედებდით. ზუსტად განვსაზღვრეთ, როგორ უნდა აგვერიდებინა თავიდან მარცხი. ახლა, ინგლისელებს ერთი წლის მერე ვხვდებით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ვლიდერობთ, ეჭვი არ არის, აშკარა ფავორიტი მაინც ინგლისის ნაკრებია".

ეს ყველაფერი შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ ზლატკო კრანჩარს ერთი ეპიზოდი უნდა ახსოვდეს: ცუდად ითამაშა ინგლისმა თუ კარგად, პენალტი ეკუთვნოდა - იოვანოვიჩმა ერთ-ერთ ეპიზოდში ხელით ითამაშა.

სტივენ ჯერარდმა ასე თქვა: "მე ეპიზოდი მკაფიოდ დავინახე და, მინდა გითხრათ, რომ მსაჯიც ძალიან ახლოს იდგა. ამან ძალიან გამაკვირვა, მაგრამ კიდევ უფრო იმან გამაკვირვა, რომ ვერც თანამსაჯმა დაინახა ის, რაც მეტისმეტად აშკარა იყო. ასეთ შეხვედრებში, როდესაც ძალიან გიჭირს, მსაჯის უხეში შეცდომა მდგომარეობას ერთიორად ამძიმებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული